საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ევროსეზონისთვის სამზადისი ბაკურიანული შეკრებით დაიწყო. ზაზა თურმანიძემ, ბათუმში ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატის (27-28 იანვარი) ჩემპიონ-პრიზიორებს ფიზმომზადების გასავლელად უხმო. შეკრება 16 თებერვლამდე გასტანს, 19-ში კი, ნაკრების ლიდერები კიევში გაემგზავრებიან, უკრაინული ჭიდაობის ვარსკვლავების სახელობის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. თუმცა, ნაკრების კანდიდატებით დაკომპლექტებული გუნდი, შეკრების პარალელურად, გამოვა თურქულ საერთაშორისო ტურნირზე.
“12-14 თებერვალს, სტამბოლი იასარ დოგუს სახელობის ტურნირს უმასპინძლებს. თურქეთში გუნდს ჭაბუკთა ნაკრების თავკაცი თამაზ ბენდიანიშვილი და ალექსანდრე კახნიაშვილი ჩაიყვანენ. ხალიჩაზე 8 ქართველი გავა - საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორები: გივი დავიდოვი (55 კგ), მალხაზ ქურდიანი, გიორგი ბალიაშვილი (ორივე 60 კგ), შალვა მუზიაშვილი (66 კგ), იაკობ მაქარაშვილი (74 კგ), დავით ახალმოსულიშვილი (84 კგ), ბელდუხ გავაშელიშვილი და დავით ქერაშვილი (96 კგ). ამ მოჭიდავეთა ნაწილი ბაკურიანშია, გაფართოებულ შემადგენლობასთან ერთად, ნაწილი კი თბილისში, ფალავანთა კლუბში ემზადება. სტამბოლში ქართული დელეგაცია 11 თებერვალს გაემგზავრება, უკან კი 15-ში დაბრუნდება”, - უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ, რომელიც იასარ დოგუს სახელობის ტურნირზე მსაჯადაა მიწვეული.
აქედანვეა ჩამოწერილი უკრაინულ საერთაშორისო ტურნირზე წასაყვანი შემადგენლობაც. კიევისთვის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაცილებით ძლიერი განაცხადი ჩამოწერა, თუმცა, შესაძლოა, სიაში მცირე ცვლილებები მოხდეს. წინასწარი გეგმით, უკრაინაში ბესიკ გუჩაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ორივე 55 კგ), მალხაზ ზარქუა (60 კგ), ოთარ თუშიშვილი (66 კგ), გელა საღირაშვილი (74 კგ), არჩილ ქიტიაშვილი (84 კგ), გიორგი გოგშელიძე (96 კგ) და გიორგი საკანდელიძე (120 კგ) ჩავლენ.
ჩამოთვლილი 8 მოჭიდავიდან 7, ბათუმური საქართველოს ჩემპიონატის ოქროსმედალოსანია. ბესიკ გუჩაშვილი კი აჭარაში, შიდა კონკურენციას ტრავმის გამო გამოაკლდა.
ოთარ მაღლაკელიძე







