საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კანდიდატებით დაკომპლექტებულმა გუნდმა “თბილისი 2007”-მა, თურქეთის ქალაქ ბურსაში ჩატარებულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მე-2 ადგილი დაიკავა. ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტის, დავით ხურციას დარიგებულმა მოჭიდავეებმა ჯგუფური ეტაპი წაუგებლად ჩაამთავრეს და შემდეგ ნახევარფინალშიც იმარჯვეს. გადამწყვეტ ბრძოლაში კი, მასპინძელთა კლუბთან ვეღარაფერს გახდნენ.
“ჩვენ აქცენტი ახალგაზრდა მოჭიდავეებზე გავაკეთეთ, მათზე, რომლებმაც წლების მერე ნაკრების პირველნომრობა უნდა გასწიონ და აქედან გამომდინარე, თურქული შედეგით უკმაყოფილოები ნამდვილად არ ვართ. მასპინძელთა კლუბი ამ ქვეყნის ნაკრების პირველი ნომრებით იყო დაკომპლექტებული და მათთან 2:5 წავაგეთ. იქამდე კი, ჯგუფურ ეტაპზე აზერბაიჯანისა და ბელარუსის კლუბებს ერთნაირი ანგარიშით, 4:3 ვაჯობეთ. წინასწარი ცნობით, ჩვენს ჯგუფში ბელარუსთა ნაცვლად ბერძნები და უნგრელები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ცვლილებები ბოლო მომენტში მოხდა. აზერბაიჯანისა და ბელარუსის კლუბებთან შეხვედრებში, გამარჯვებულის ბედი მეექვსე შეხვედრამ გადაწყვიტა. 96 კილოგრამში მოჭიდავე ბელდუხ გავაშელიშვილი ერთადერთი იყო ჩვენს შემადგენლობაში, ვისაც ხალიჩა დამარცხებულს ერთხელაც არ დაუტოვებია. ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, ნახევარფინალში რუმინელებს შევხვდით და ძალიან იოლად, 6:1 მოვუგეთ”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ, რომელიც საკლუბო ევროპირველობაზე მსაჯად იყო მიწვეული.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 2009 წლის სეზონი თურქეთში დაასრულეს.
ოთარ მაღლაკელიძე







