ჭიდაობა

0:31 | 30.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლებმა ხუციშვილის ბრინჯაოთი დაიწყეს

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს - 29 მარტს, ჩემპიონ-პრიზიორები სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე კი ჯერჯერობით ერთი ბრინჯაოა. კვარცხლბეკს 74 კილოგრამში მოჭიდავე დავით ხუციშვილმა უწია. 20 წლის სპორტსმენმა, რომელსაც საქართველოს ძირითადი ნაკრების სახელით, მსგავსი რანგის შეჯიბრზე აქამდე არასოდეს ეჭიდავა, გერმანიაში 5 შეხვედრა ჩაატარა. აქედან 4 მოიგო და მხოლოდ 1 წააგო.
ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას ხუციშვილი ნახევარფინალიდან გამოეთიშა - სომხეთის სახელით მოჭიდავე მუსა მურთაზალიევთან თანაბარ ორთაბრძოლაში წაგებით. იქამდე კი, გერმანელი ანდრი შივკა, სლოვაკი დან პალინკასი და რუმინელი მარიუშ ლუჩიან ატოფანი ჩამოიცილა. რეპეშაჟის ფინალში კი ბულგარელ კირილ სტოიჩევ ტერზიევს 3-პერიოდიან შეხვედრაში აჯობა. 74 კილოგრამის ფინალში მურთაზალიევი რუს დენის ცარგუშთან დამარცხდა.
გუშინ გერმანულ ხალიჩაზე ევროპის 2010 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი მალხაზ ზარქუა (60 კგ) და ბელდუხ გავაშელიშვილიც (96 კგ) გავიდნენ, მაგრამ სამეულები მათ გარეშე შეივსო. ზარქუამ ფინელი იუკა ილმარი ჰივტიაინენის ძლევის შემდეგ გერმანელ მარსელ ევალდთან წააგო და მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმაც ფინალამდე წაიფორხილა, ბრინჯაოს გზაც გადაეკეტა. გავაშელიშვილიც ძირითადი ბადიდან დაემშვიდობა შეჯიბრს, მეოთხედფინალში მოლდოველ ნიკოლაი ჩებანთან წაგების შემდეგ. მარცხამდე კი ჩეხ ვრატისლავ ჩოტასს და გერმანელ კევინ შვაებეს სძლია.
60 კილოგრამში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე რუსი ოპან სატი ავიდა. 96-ში – აზერბაიჯანელი ხეთაგ გაზიუმოვი. ცნობისთვის, ორივე ევროპის მოქმედი ჩემპიონი იყო და შარშანდელ ფინალში ორივემ ქართველს მოუგო. თუმც თუ ცარგუშმა ზარქუას მართლა აჯობა, გაზიუმოვს გიორგი გოგშელიძის დამარცხებასა და გაჩემპიონებაში ხელი არაობიექტურმა მსაჯობამ შეუწყო.
დღეს მედლები დარჩენილ ოთხ წონაში გათამაშდება. 55 კილოგრამში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპირველობაში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთვება - ალბანელ ფლორიან რეხასთან შეხვედრით. კობა კაკალაძის (66 კგ) პირველი მეტოქე უკრაინელი დმიტრო მალენკოვი იქნება, დავით მარსაგიშვილი (84 კგ) მაკედონიელ დეიან ბოგდანოვს დაეჭიდება, ხოლო დავით მოძმანაშვილი (120 კგ) – ბრიტანელ მარკ ენდრიუ კოკერს.

ოთარ მაღლაკელიძე

თავისუფალი ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი
დორტმუნდი. 29 მარტი
60 კგ

1 ოპან სატი (რუსეთი)
2 საჰიტ პრიზრენი (ალბანეთი)
3 ვასილ ფედორიშინი (უკრაინა)
3 ანატოლი გუიდეა (ბულგარეთი)

74 კგ
1 დენის ცარგუში (რუსეთი)
2 მუსა მურთაზალიევი (სომხეთი)
3 დავით ხუციშვილი (საქართველო)
3 გაბორ ჰატოში (უნგრეთი)

96 კგ
1 ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)
2 ვლადისლავ ბაიცაევი (რუსეთი)
3 ნიკოლაი ჩებანი (მოლდოვა)
3 პავლო ოლინიკი (უკრაინა)

0.099796