ლადო დვალიშვილს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ გამიგია, რომ პიროვნულად კარგი კაცია. ისიც ვიცი, რომ ლადოს თავის ქვეყანა სხვაზე ნაკლებად ნამდვილად არ უყვარს. მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ ლადო დვალიშვილი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფორვარდია და ორ წელზე მეტია, ჩვენი ნაკრების მაისურით გოლის გატანას ვერ ახერხებს. ამის მიუხედავად და ბევრისდა გასაკვირად, თემურ ქეცბაია დვალიშვილს ნაკრებში თითქმის ყოველთვის იძახებს და ძირითად შემადგენლობაშიც ძალიან ხშირად ვხედავთ. ყველას გვესმის, რომ საქართველოს დღეს წინა ხაზზე ძალიან უჭირს და სამწუხაროდ, ნაკრების მწვრთნელს ფეხბურთელებს შორის არც ისე დიდი არჩვანი აქვს. მაგრამ როდესაც გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფორვარდი თამაშს-თამაშზე აგდებს, ალბათ ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ასე გაგრძელება ნამდვილად აღარ შეიძლება! გულშემატკივარი უკვე დაიღალა ამ ყველაფრით. ქართველ გულშემატკივრებს მოთმინება ხშირად ღალატობთ, თუმცა, ლადო დვალიშვილის გოლისგაუტანლობა ის შემთხვევაა, როდესაც ყველაზე დიდხანს ვითმინეთ – ან ახლა იზამს რამეს, ან ახლაო, მაგრამ ნურას უკაცრავად...
აი ახლა, სწორედ ამ წუთში, როდესაც სვეტს ვწერ, ერთმა ჩემმა მეგობარმა მეღვინემ, რომელიც საქართველოს ნაკრების დიდი გულშემატკივარია, ერთ-ერთ სოციალურ ქსელზე ასეთი შეტყობინება მომწერა: ”ყველა თამაშის დროს ვცდილობ, ამოვხსნა თავსატეხი, რომელსაც სახელად ლადო დვალიშვილი ჰქვია! თან ჩემს თავს ვეუბნები: ეტყობა აქვს ამ კაცს რაღაც და მე ვერ ვხვდები-მეთქი. მაგრამ რა მიხვედრა უნდა და ფეხბურთის ღრმად ცოდნა იმას, რომ კაცი არის თავდამსხმელი და რაკი თავდამსხმელია, გოლების გატანა ევალება. ლადო არც ისეთი პატარა ასაკისაა და ყველა თამაშში დიდი ნდობით სარგებლობს, მაგრამ მაგის გატანილ გოლს კაცი ვერ გაიხსენებს. არ ჯობია, მაგის მაგივრად ნებისმიერი 17 წლის პერსპექტიული ბავშვი ვათამაშოთ? ამაზე უარესად რომც მოინდომოს იმ ბავშვმა, მაინც ვერ მოახერხებს თამაშს”.
ალბანეთის ნაკრებთან თამაში დასრულდა თუ არა, ვიჯექი და კარგა ხანი ვფიქრობდი, როგორ ჩამომეყალიბებინა სათქმელი ისე, რომ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე დამესვა ერთი მეტად მარტივი კითხვა: თემურ, რატომ? მაგრამ როგორც ხედავთ, კითხვა მაინც პათეტიკური გამომივიდა. გაგვაგებინეთ, აგვიხსენით – რატომ? რატომ შეიძლება ეროვნულ ნაკრებში მუდმივად ათამაშო თავდამსხმელი, რომელსაც გოლი ვერ გააქვს? რატომ არ დგება დღის წესრიგში დვალიშვილის შემცვლელის თუნდაც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოძიების საკითხი? რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ სწორ გზას ვადგავართ, როდესაც საქართველოს ნაკრები უკანასკნელ ორ შეხვედრაში ოთხი პენალტიდან სამს (!) აფუჭებს? რატომ? პიროვნულად ლადო დვალიშვილის ჯავრი არავის გვჭირს და თუკი ამ კაცს საშველი დაადგება, სხვას ვის გაუხარდება, თუ არა ჩვენი ნაკრების გულშემატკივრებს, მაგრამ ნაკრებში არცთუ სასურველი გარჯის გამო, თუკი კრიშტიანუ რონალდუს უსტვენენ პორტუგალიელი ქომაგები, ქართველებსაც გვაქვს იმის უფლება, რომ საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობას მეგობრულად და ყოველგვარი წიოკის გარეშე ვკითხოთ - რატომ არის შეუცვლელი ლადო დვალიშვილი? კრიშტიანუ რონალდუ და პორტუგალიელი ქომაგი რაკი ვახსენეთ, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი შემეპასუხება: ”პორტუგალიას ბევრი მაღალი კლასის შემტევი ფეხბურთელი დაურბის და ქომაგები რონალდუსაც იმიტომ უსტვენენ, რომ კრიშტიანუს შემცვლელს რამენაირად გამოძებნიან, ჩვენთან კი, ეს არცთუ ადვილი საქმე იქნებაო”. ამ დროს ისევ და ისევ ჩემი მეგობარი მეღვინის მიერ გამოთქმულ მოსაზრებამდე მივდივართ. სხვა ფეხბურთელმა, ანუ ლადო დვალიშვილის პოტენციურმა შემცვლელმა (ვინც არ უნდა იყოს ის) რაც არ უნდა უხეიროდ ითამაშოს, მისი ცუდი თამაშის მაქსიმუმი დვალიშვილის შედეგის, ანუ უგოლო მატჩების სერიის გამეორება იქნება. ამაზე უარესი რაღა უნდა ქნას?
გუშინ, ავად თუ კარგად, მსაჯის დახმარებითა თუ დაუხმარებლად, საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ალბანეთის ართუ ცუდი გუნდის დამარცხება მაინც მოახერხა. გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა და მისასალმებელი, მაგრამ ხშირად გამარჯვება ძალიან ცუდ სამსახურს უწევს მწვრთნელებს და მათში თვითკრიტიკულობას ამცირებს. იმედია, თემურ ქეცბაია ასეთ მწვრთნელებს შორის არ მოიაზრება და გოლის ვერგამტანი თავდამსხმელების ”ფენომენიც” კარგად ესმის. ყოველ შემთხვევაში, მინდა მჯეროდეს, რომ ეს ასეა...
ლევან სეფისკვერაძე