ძიუდო

14:34 | 16.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

თბილისურ ტატამზე მინიმუმ 15 ქვეყნის ნაკრები გავა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა იმ ქვეყნების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთა ნაკრებებიც ორიოდ კვირაში თბილისში ჩამოვლენ და 2-3 თებერვალს, სპორტის სასახლეში ჩასატარებელ საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვებიან. მსოფლიოს თასად წოდებულ შეჯიბრებას ამჯერად ევროპის ღია პირველობა დაერქვა.
ბოლო ინფორმაციით ქართულ ტატამზე იაპონელი, ფრანგი, ჰოლანდიელი, რუსი, ინგლისელი, ბელარუსი, ბულგარელი, კანადელი, ირანელი, ავსტრალიელი, სომეხი, ლიტველი, რუმინელი, ინდოელი და ბერძენი ძიუდოისტები გავლენ. თბილისში უძლიერესი შემადგენლობების ჩამოსვლას არ უნდა ველოდოთ, თუმცა თუნდაც მეორე, მესამე და მეოთხე ნომრებით დაკომპლექტებული გუნდების სტუმრობაც არ უნდა იყოს უინტერესო.
განაცხადების მიღება 1 თებერვლამდე გაგრძელდება და ტურნირში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. საინტერესოა, რომ მსურველთა სიაში ჯერჯერობით არაა აზერბაიჯანის ნაკრები, რომელსაც სათავეში საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი უდგას. ავსტრიელი სპეციალისტის მოსამზადებელ პროგრამაში გუნდის საქართველოში ჭიდაობა არ შედის და თუკი აზერბაიჯანული დელეგაცია ჩამოვა, მხოლოდ იმ ძიუდოისტებით დაკომპლექტებული, რომლებიც ზაიზენბახერის განაცხადს მიღმა არიან.
საქართველოს ნაკრები შინაურ ტურნირზე ტრადიციულად, ოთხი შემადგენლობით გამოვა. გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე არჩევანს ძირითადად საქართველოს ბოლო ჩემპიონატის მედალოსნებზე შეაჩერებს. წინასატურნირო შეკრებას კი ხვალიდან, თბილისში დაიწყებს.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161179