ინტერვიუები

9:47 | 28.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ფარცვანია: "მზად ვარ საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ... ოღონდ, ეროვნულში"

თემურ ფარცვანია ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომლებმაც მოზარდობისას დატოვეს საქართველო და უცხო ქვეყანაში წავიდნენ, რასაც მოჰყვა ის, რომ სამშობლოს სახელით არ თამაშობენ. 19 წლის ფარცვანია კიევის “დინამო 2”-ის ცენტრალური მცველია, უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და შარშან, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონიც გახდა. თანაც, ერთი წლით უფროსებთან ითამაშა იმ ჩემპიონატზე. შარშანვე იყო, როცა ფარცვანიამ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს გადამწყვეტი გოლი გაუტანა ევროჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდზე.
“უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრებში ისედაც ვარ, ამიტომაც, საქართველოს 21-წლამდელებში ჩამოსვლას აზრი არ აქვს. თუ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, სიამოვნებით ჩამოვალ და ვითამაშებ...”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” თემურ ფარცვანიამ, რომელიც ამჟამად საქართველოშია.
- ჯერ ის გვითხარით, როგორ მოხვდით კიევის “დინამოში”.
- ზუგდიდში დაბადებულ-გაზრდილი ვარ. 14 წლის ვიყავი, როდესაც მამამ წამიყვანა კიევის “დინამოს” აკადემიაში. მერე ყველაფერი ჩვეულებრივ იყო, 16 წლისა ვიყავი, როცა უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრებში გამომიძახეს.
- რამდენადაც ვიცით, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებიდანაც გამოგიძახეს. რატომ არჩიეთ უკრაინა?
- ასე იყო, მაგრამ კიევის “დინამოს” ხელმძღვანელობამ ჩემზე უთხრა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას, აქ უნდა დარჩესო, გაშვება არ გვინდაო და ისე გამოვიდა, რომ მათთან დავრჩი. თანაც, უკრაინის მოქალაქე ვიყავი.
- ანუ, იმას ამბობთ, რომ კიევის “დინამოს” ხელმძღვანელობამ გავლენა მოახდინა, რომ უკრაინის ნაკრების სახელით გეთამაშათ?
- ყოველნაირად ეცადნენ. რა თქმა უნდა, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშს ოფიციალურად ვერ ამიკრძალავდნენ. მართალია, საქართ¬ველოს ნაკრების სახელით არასოდეს მითამაშია, მაგრამ ქართველი ვარ და ჩემი სამშობლო მიყვარს.
- არ გიფიქრიათ, რომ საქართველოს სახელით გეთამაშათ?
- როგორ არ მიფიქრია?! დღესაც თანახმა ვარ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო. როგორც ვიცი, ამის უფლება მაქვს. უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრებში ერთი მატჩი მაქვს ჩატარებული და ისიც ამხანაგურ შეხვედრაში. ისე, ოფიციალურ მატჩებში გამოძახებული რამდენჯერმე ვყოფილვარ, მაგრამ არ მითამაშია.
- და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში რომ გამოგიძახონ, ჩამოხვალთ?
- 21-წლამდელებში უკრაინაშიც ვარ, თანაც, 2011 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვითამაშებთ.
- ანუ, საქართველოს სახელით თამაშს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებით, თუ თემურ ქეცბაიას ნაკრებში გამოგიძახებენ?
- დიახ, იმიტომ, რომ საქართველოს 21-წლამდელებში თამაშს აზრი აღარ აქვს.
- საინტერესოა... ჯერ ახალგაზრდა ხართ და თანაც, კიევის “დინამოს” ძირითად გუნდში არ თამაშობთ. მიიჩნევთ თავს იმ დონის ფეხბურთელად, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობდეთ?
- ჩემს შესახებ ცნობები არის, ევროპის ჩემპიონი გავხდი 19-წლამდელებში და მგონი, იციან ჩემი თამაში. რა თქმა უნდა, ისე არ მინდა გამოვიდეს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთხელ გამსინჯონ და მერე აღარ გამომიძახონ. მართალია, წინასწარ ვერ გაიგებ, მომავალში ვინ რა დონეზე ითამაშებს ნაკრებში, მაგრამ მაინც...
- კი მაგრამ, ხომ შეიძლება, ეროვნული ნაკრებისთვის მომწიფებულად არ გთვლიდნენ და მანამდე, პერსპექტივისთვის, 21-წლამდელთა ნაკრებში გაიაროთ გზა. მითუმეტეს, ოთარ გაბელიას ნაკრებში ასაკით გიწევთ თამაში.
- პერსპექტივა უკრაინაშიც მაქვს, სადაც 21-წლამდელთა ნაკრებში ვირიცხები. ეროვნული ნაკრები კი სხვაა – იმსჯელონ ჩემზე და თუ ჩათვლიან რომ ღირსი ვარ, თანახმა ვარ, საქართველოს მთავარ ნაკრებში ვითამაშო.
- თქვენ და ჯანო ანანიძე ერთად იყავით კიევის “დინამოს” აკადემიაში. ხომ ასეა?
- დიახ. გარდა ამისა, ოთარ მარცვალაძესთან, დავით იმედაშვილთან და კახა ალადაშვილთან ერთადაც ვიყავი “დინამოს” დუბლებში და ძირითად გუნდშიც.
- ანუ, ქართველებთან მეგობრობთ?
- რა თქმა უნდა. ქართველი ვარ და სხვანაირად როგორ იქნება. დასასვენებლადაც ყოველთვის აქ ჩამოვდივარ.
- კიევის “დინამოს” ძირითად გუნდში ჯერ ვერ გადადიხართ?
- გადაწყვეტილია, რომ იანვრიდან პირველ გუნდში ვიქნები. ჯერჯერობით, ოლეგ ლუჟნია მწვრთნელი, მაგრამ ამბობენ, იური სიომინი ბრუნდებაო. პირველად, სწორედ სიომინმა წამიყვანა “დინამოს” ძირითადი გუნდის შეკრებაზე და მათამაშებდა კიდეც.   
- ისე, 19-წლამდელებში საქართ¬ველოს რომ გოლი გაუტანეთ, რა გრძნობა დაგეუფლათ?
- ეს ფეხბურთია, მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი.
- სიხარული ძალიან გამოხატეთ?
- არ გამომიხატავს. ვფიქრობ, თავი უნდა შემეკავებინა და ასეც მოვიქეცი.

 

ილია ნანობაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100664