ალბანეთის ნაკრებთან მატჩის ამხანაგური ხასიათის მიუხედავად, თემურ ქეცბაიას სურვილია, რომ საქართველოს ნაკრებმა წლის პირველი მატჩი მოიგოს.
ამის შესახებ მან ტექნიკურ ცენტრ “ბასაში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ასევე არნემის “ვიტესის” მცველი გურამ კაშია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსპიკერი ოთარ გიორგაძე ესწრებოდნენ.
თემურ ქეცბაია: “პირველი თამაშია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვნახოთ ის ბიჭები, ვინც გამოვიძახეთ. უნდა გავიდნენ მოედანზე და თამაში მოიგონ. გუნდი ჯერ ბოლომდე არ შეკრებილა და დღეს საღამოს ყველა აქ იქნება. თამაშისთვის მოსამზადებლად ორი დღე გვაქვს. ასეთ დღეში მარტო ჩვენ არ ვართ და ყველა ნაკრებს მსგავს რეჟიმში უწევს მზადება. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა თამაში მოვიგოთ”.
- ვინ იქნება ეროვნული ნაკრების ახალი კაპიტანი კახა კალაძის წასვლის შემდეგ?
- ნაკრების კაპიტანი ზურა ხიზანიშვილი იქნება.
- ლევან ყენია შეკრებაზე გამოძახებულია და თუ ჩამოვა?
- ყენიას ველაპარაკე. უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მასთან არ გვიმუშავია და სამწუხაროდ, გვაკლდა. იმედია, ჩამოვა. ვარჯიში დაიწყო და ვიმედოვნებ, რომ ნაკრებს გამოადგება.
- კიდევ რა გეგმები გაქვთ ალბანეთთან ამხანაგური თამაშის გარდა?
- უკვე ცნობილია, რომ 24 მაისს ზალცბურგში თურქეთის ნაკრებს ვეთამაშებით. ამის გარდა, არის ალბათობა, რომ ამ პერიოდში კიდევ ერთი ამხანაგური ჩავატაროთ. შეკრებას 15 მაისს დავიწყებთ და თუ ორი ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, ძალიან კარგი იქნება. გარდა ამისა, 15 აგვისტოს ლუქსემბურგთან სპარინგი გვაქვს. შევეცდებით, რომ კიდევ დავგეგმოთ ამხანაგურები. თუმცა, ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული. რომელ გუნდსაც ექნება ჩვენთან თამაშის სურვილი, იმას შევხვდებით.
- რას გეგმავთ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში?
- ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ვეცდებით, მოედანზე გავიდეთ და ვიბრძოლოთ.
- კალაძის ნაკრებიდან წასვლის ფორმამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. თქვენ რას ფიქრობთ მის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე?
- კალაძის წასვლა დანაკარგია. კახა კალაძე საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშეა. სამწუხაროა, რომ წავიდა, მაგრამ ასეა, ყველა მივდივართ. მან წასვლა გადაწყვიტა და წარმატებას ვუსურვებ. დიდი მადლობა იმისთვის, რაც ქართული ფეხბურთისთვის და საქართველოს ნაკრებისთვის გააკეთა. ის ყოველთვის სამაგალითო იყო როგორც მინდორზე, ასევე მის გარეთ. შესაძლოა, უკეთესი ყოფილიყო, სპორტულ ატმოსფეროში რომ წასულიყო და მოედნიდან გაგვეცილებინა. თუმცა, მან ჩათვალა, რომ დადგა დრო, გზა ახალგაზრდებს დაუთმოს.
- კალაძე წავიდა. დიდი შანსია, რომ მომავალ შესარჩევ ციკლში ნაკრებს ალექსანდრე იაშვილი და ლევან კობიაშვილი ვერ დაეხმარონ, რომლებიც ალბანეთთან თამაშისთვის გამოძახებულები არ არიან. რამდენად სრულფასოვანი შეცვლა მოდის?
- ფაქტია, რომ კახი კალაძის შეცვლა არცთუ ადვილია. როდესაც იგივე იაშვილი და კობიაშვილი წავლენ, მათი შემცვლელების პოვნაც არ იქნება ადვილი. თუმცა, 100 წელიწადი ფეხბურთს ვერავინ ითამაშებს. ვეცდებით, მათ ნაცვლად სხვა ფეხბურთელები მოვიყვანოთ და რამდენად სრულფასოვანი შეცვლა იქნება, მოედანზე გამოჩნდება. ფეხბურთში ასეა, ცვლილებებს ვერავინ გაექცევა.
- რამდენად დიდი კონკურენციაა ნაკრებში?
- ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. ყველა რგოლში ორ-ორი მოთამაშე გამოვიძახეთ. მათ კარგად ვიცნობთ. ის დაგვრჩენია, რომ შევარჩიოთ 11 კაცი, რომელიც მოედანზე გავა და თამაშს მოიგებს.
- ბოლო პერიოდში ალბანეთის ნაკრების თამაში თუ გინახავთ და რა იცით ამ გუნდის შესახებ?
- საფრანგეთთან ვნახე ალბანელების თამაში. ალბანეთს ყოველთვის საინტერესო ფეხბურთელები ჰყავდა. თავის დროზე, ამ ნაკრების წინააღმდეგ მეც მითამაშია. ალბანეთს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ცვლილებები იქაცაა. ახლა ჩვენთვის ცოტა ძნელი პერიოდია, რადგან ნაკრების ფეხბურთელების უმრავლესობა შეკრებებიდან დაბრუნდა და ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია. იმედია, ის ფეხბურთელები, ვინც გვაინტერესებს, კარგად იქნებიან მომზადებულები. ალბანეთს ყოველთვის ჰყავდა კარგი ფეხბურთელები. მებრძოლი გუნდია და ჩვენც ბრძოლას დავუპირისპირებთ. შინ ვთამაშობთ და უნდა მოვიგოთ. განაცხადში ნაკრებში გამოძახებულ ყველა ფეხბურთელს შევიყვანთ. გუნდებს 6-6 ფეხბურთელის შეცვლის უფლება ექნებათ.
- ეროვნულ გუნდში ორი დებიუტანტია – მამუკა კობახიძე და ირაკლი ძარია. რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეთ მათი გამოძახებისას?
- ორივე ახალგაზრდაა და საკუთარ გუნდში თავი გამოიჩინა. მარტო ის არაა, რომ ფეხბურთელი გამოიძახო. უნდა დააკვირდე, ვარჯიშებზე როგორ გამოიყურება. ისინი ერთი თამაშის მიხედვით არ მოგვიწვევია, არამედ, მანამდეც ვაკვირდებოდით. რაც დიდი არჩევანი გვექნება, მით უკეთესი. იცით, რომ შესარჩევი ციკლი 5-თვიანი არაა და ორ წელიწადს გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში შეიძლება ბევრი რამ მოხდეს – ზოგმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღოს, ზოგმა დისკავლიფიკაციის გამო თამაში გამოტოვოს. ჩვენ გვჭირდება 25 ფეხბურთელისგან შემდგარი ბირთვი, საიდანაც არჩევანს გავაკეთებთ. კიდევ თუ გამოჩნდება ერთი-ორი მოთამაშე, ჩვენთვისაც უკეთესია.
- ჯანო ანანიძე როგორ სათამაშო ფორმაშია?
- ჯანომ “სპარტაკის” მიერ ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებში ითამაშა. სამწუხაროა, რომ ხშირი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.
გურამ კაშიას თქმით, გუნდში კარგი განწყობაა და მომავალ შესარჩევ ციკლში ეროვნული ნაკრები მაქსიმუმის გაკეთებას შეეცდება:
“მოლდოვასთან გამარჯვებით კარგი განწყობა შევიქმენით. ალბანეთზე ბევრი რამ არ ვიცი. ვიცი, რომ მებრძოლი გუნდია და რთული მეტოქეა. ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ. ესპანეთისთვის და საფრანგეთისთვის საქართველო “6-ქულიან” ნაკრებად ითვლება. ვეცდებით, 6 ქულა არავის გავატანოთ”.
- მოსამზადებელ პერიოდში ტრავმა მიიღეთ. კოჭი კიდევ გაწუხებთ?
- კოჭი ოდნავ მაწუხებს, მაგრამ იმის შემდეგ რამდენიმე თამაში ჩავატარე და ახლა 100 პროცენტით შემიძლია დავიტვირთო.
ლაშა თაბაგარი









