მსოფლიოს ჩემპიონმა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე თემურ ყაზარაშვილმა ეგვიპტის ნაკრები ჩაიბარა. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აფრიკაში 3 კვირის წინათ გაემგზავრა და კონტრაქტიც ჩასვლისთანავე გააფორმა. პირველ გამოცდას ყაზარაშვილის დამოძღვრილი ეგვიპტე 25-27 ივნისს, აფრიკის თასზე ჩააბარებს, შემდეგ კი, ქართველი მწვრთნელი, სექტემბერში, მოსკოვში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის შემადგენლობას დაასახელებს და მზადებას შეუდგება. თემურ ყაზარაშვილი “მსოფლიო სპორტს” გუშინ, ეგვიპტიდან ტელეფონით ესაუბრა.
- როდის შემოგთავაზეს ეგვიპტის ნაკრების გაწვრთნა?
- ეგვიპტის ჭიდაობის ფედერაციიდან 2009 წლის დეკემბერში, ელექტრონული ფოსტით შემეხმიანენ. არც კი დავფიქრებულვარ, ისე ვიუარე, რადგან იმ პერიოდში ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან ერთად ვმუშაობდი. მოგეხსენებათ, ოთარ ტატიშვილი აზერბაიჯანში იმყოფებოდა. გაზაფხულზე იგი საქართველოში დაბრუნდა და ნაკრებშიც დაიბრუნა ადგილი. შეძლებისდაგვარად მაინც ვიღებდი მონაწილეობას ეროვნული გუნდის მზადებაში, მაგრამ ანაზღაურების გარეშე. ეგვიპტიდან კი შემოთავაზებას შემოთავაზებაზე ვიღებდი, თან სულ უფრო და უფრო გაუმჯობესებული პირობებით. ბოლოს დავთანხმდი, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა მაინც ძალიან გამიჭირდა. მსგავსი შინაარსის წინადადება აქამდეც ბევრი მიმიღია, თუმც ყოველთვის თავს ვიკავებდი. იმავე ეგვიპტიდან ნაკრების ჩაბარებაზე სიტყვა ჯერ კიდევ 2002 წელს ჩამომიგდეს. უარით გავისტუმრე, რადგან მაშინ გუნდს მთავარი მწვრთნელი ჰყავდა და თუ დავთანხმდებოდი, ის უნდა გაენთავისუფლებინათ. ამჯერად მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური მხარის გამო დავთანხმდი.
- როდის ჩახვედით აფრიკაში?
- 26 მაისს. ბილეთი გამომიგზავნეს და გამზადებული კონტრაქტიც დამახვედრეს. პირობები წინასწარვე ვიცოდი.
- რამდენხნიანი კონტრაქტი გააფორმეთ?
- ერთწლიანი. კონტრაქტში ჩადებულია მუხლი, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე ისევ ვისაუბრებთ. რაც შეეხება პირობებს, ადგილობრივ მწვრთნელებთან შედარებით საკმაოდ მაღალი ანაზღაურება მაქვს.
- საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობის რეაქცია როგორი იყო?
- ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ჩავაყენე საქმის კურსში. მითხრა, თუ კარგი პირობებია, ხელს როგორ შეგიშლითო.
- ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაც დატოვეთ?
- არა. ამაზე საუბარი არც ყოფილა. მსგავს გადაწყვეტილებებს ფედერაციის აღმასკომი იღებს. თუ აღმასკომის წევრები საჭიროდ ჩათვლიან, გადამირჩევენ, მაგრამ როგორც ვიცი, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
- მუშაობას როდის შეუდექით?
- ეგვიპტეში ჩამოსვლის დღეებიდანვე. ძირითადი ნაკრების გარდა ახალგაზრდულის თავკაცობაც ჩამაბარეს.
- თბილისის “ოქროს გრანპრიზე” რატომ არ ჩამოიყვანეთ ეგვიპტელები?
- ამის დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ ვერ მოვასწარი.
- საქართველოდან ასისტენტი მწვრთნელის ჩაყვანასაც ხომ არ აპირებთ?
- ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ შეუძლებელია. ზედმეტი ხარჯის გაღება არ სურთ. მითხრეს, დამატებითი დაფინანსების საშუალება არ გვაქვსო.
- რა სიძლიერის შემადგენლობა ჰყავს ეგვიპტეს?
- საშუალოზე დაბალი. ფიზიკურად ძლიერები არიან, მაგრამ საქმეს არასერიოზულად უდგებიან. უმთავრესი პრობლემა სიზარმაცეა. სპორტსმენთა ასეთ მიდგომას თავისი ლოგიკური მიზეზიც აქვს – შრომა სათანადოდ არ უფასდებათ. ერთიც, რამაც ძალიან გამაოცა, მოჭიდავეები აქ ძალიან ბევრს იკლებენ. საშუალოდ 10-12 კილოგრამს. წონითი კატეგორიის შეცვლაზე კი საუბარიც არ სურთ.
- ათენის ოლიმპიადის ფინალში რამაზ ნოზაძის მძლეველი ქარიმ იბრაჰიმი დიდი ხანია აღარსად გამოჩენილა. აღარ ჭიდაობს?
- ამით მეც დავინტერესდი. მითხრეს, ოლიმპიური ჩემპიონობა აუვარდა თავშიო. პირადად არსად შემხვედრია.
- უახლოესი ტურნირი როდის გელით?
- 25-27 ივნისს კაიროში აფრიკის ჩემპიონატი გაიმართება. აქედანვე გადაწყვეტილია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვან შემადგენლობას მხოლოდ ჩემპიონებით დავაკომპლექტებთ. რამდენი კაცით ჩავალთ მოსკოვში, ეს აფრიკის პირველობაზე გამოჩნდება.
ოთარ მაღლაკელიძე







