მართალია, საქართველოში ბეისბოლ-სოფთბოლის ფედერაცია კარგა ხანია არსებობს და ეროვნული ნაკრებიც გვყავს, მაგრამ სპორტის ეს სახეობა ჩვენში პოპულარულიაო, ვერავინ დაიჩემებს. პოპულარობის თვალსაზრისით, ბურთზე ამოსაცხებ იმ კეტს არა უჭირს, ქართველები „ბიტას“ რომ ვეძახით - ჩხუბშიც გამოიყენება, მიტინგზეც, ღამის ავაზაკებისაგან თავდასაცავად ტაქსის მძღოლებიც ხმარობენ და თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი რაიონის პოლიციის განყოფილებაში სეიფშიც კი ინახებოდა (წარწერით „ადვოკატი“) (!)...
და მაინც, ამ ამბისთვის გვერდის ავლა დაუშვებელია - ბეისბოლის სამყარო შოკშია და იმიტომ! შოკის მიზეზად ეროვნული ლიგის წლევანდელი გათამაშების საუკეთესო მონაწილე, რაიან ბრონი იქცა. მიზეზი? საკმაოდ პროზაული - იგი სტიმულიატორების გამოყენებაში გამოიჭირეს.
„ჩემი გული დაბზარულია. არც კი ვიცი, ვიღას უნდა ვენდო“ - აცხადებს ბეისბოლის დიდების დარბაზის წევრი რეჯი ჯეკსონი, „მისტერ ოქტომბერადაც“ რომ იხსენიებენ. მისი გულისტკივილი კი გასაგებია, მაგრამ რა გინდა, რომ ქნა - ლიგის მენეჯმენტმა ოქტომბრის თვეში ჩატარებული პირველი სინჯების მერე პატიოსნად დაიცვა საიდუმლო, დაელოდა სპორტსმენის აპელაციის შედეგად დანიშნულ მეორე სინჯებს და რაკი ეჭვები დადასტურდა, ანალიზის პასუხები გაასაჯაროვა.
ამბობენ, რომ პროფკავშირებთან დაუწერელი გარიგების საფუძველზე, არსებობდა შანსი, ლიგის მამებს სკანდალი მიეჩუმათებნათ, მაგრამ „espn-მა“ იჩაუქა - ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გამოაცხადა, რომ რაიან ბრონის სისხლში ტესტოსტერონის დასაშვებზე დიდი დოზა აღმოაჩინეს.
შესაბამისად, ბეისბოლის მოყვარულების მილიონებიანი არმია ორ ნაწილად გაიყო - ერთ ნაწილს მოულოდნელობისაგან პირი დარჩა ღია და მეორე ნაწილი კი ზემოთ ნახსენები ჯეკსონივით გაბზარულ გულსა და იმედებზე აწუწუნდა.
ამერიკაში ამბობენ, რომ მსგავსი რეაქცია არავის უნდა გაუკვირდეს - 28 წლის რაიან ბრონი, „მილუოკი ბრიუვერზის“ მარგალიტი მოცემულ მომენტამდე „გიგლა ტიტინასავით“ ბეჯითი და ყველასთვის მისაბაძი მაგალითი იყო...
ფრიადოსანი სკოლაში... ფრიადოსანი უნივერსიტეტში... თავის დროზე მას „ნიუ იორკ იანკისის“ კაპიტნის, დერეკ ჯიტერის „ნორჩ ვერსიას“ უწოდებდნენ... მოგვიანებით კი „ებრაული ჩაქუჩი“ დაარქვეს, რაკიღა უძველესი ერის ეს ნიჭიერი წარმომადგენელი იმგვარად უბრახუნებდა ჩვენში „ბიტად“ ცნობილ იარაღს ბურთს, რომ სფერო არათუ მინდვრის მიღმა, ტრიბუნებს ზემოთაც მიფრინავდა.
ბუნებრივია, ფასიც გვარიანი დაიდო ბიჭმა - ათწლიანი კონტრაქტის საფასურად. „მილუოკიმ“ 131 მილიონ 500 ათასი მწვანე გადაუხადა.
არადა, 2010 წელს ბეისბოლის ლიგის კომისარმა ბად სელიტმა „სტეროიდების ერის“ დასასრულად გამოაცხადა.ასე უწოდეს 1996-დან 2007 წლამდე პერიოდს - როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სწორედ ამ წლებში ენიჭებოდათ ინდივიდუალური პრიზები იმ მოთამაშეებს, რომლებიც სტეროიდების გამოყენებაში ამხილეს.
მართალია, მანამდე პროფკავშირი მოთამაშეებისა და საკუთარ პრინციპებზე „ვაცივით იდგა“, მაგრამ ამდენი მხილებისა და ეჭვის შემდეგ, იძულებული გახდა „ჟულიკების“ დაცვის მაგიერ, ლიგის მამებთან ეთანამშრომლა. თანამშრომლობამ ის შედეგი გამოიღო, რომ მოთამაშეთა დოპინგ-ანაბოლიკებზე შემოწმება სავალდებულო გახდა და გარდა ამისა, შემოიღეს სასჯელთა შკალა, სადაც დაწვრილებით მიუთითეს, თუ რომელ დარღვევაზე როგორ დაისჯებოდა ბეისბოლისტი.
რასაკვირველია, პესიმისტები მაინც არ დაწყნარდნენ. მათი მაშინდელი აზრით, შეთანხმებასა და სასჯელით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მრავალი „ხვრელი“ არსებობდა, რაც სპორტული აფერისტობისკენ მიდრეკილ ხალხს თავის დაძვრენის საშუალებას მისცემდა, მაგრამ მათ საყვედურებს ლიგის მენეჯმენტი მაგრად დაუდგა. მოგვიანებით, კანონმდებლებს მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს მაგალითის გადმოღება და ბეისბოლისტების ოლიმპიელებივით დარჯაკში გატარება ურჩიეს, მაგრამ ლიგის მამებმა ესეც აიცილეს - აქაოდა, ძაან კარგადაც გავთვალეთ ყველაფერიო...
აპრუწუწუნ! როგორც აღმოჩნდა მთლად კარგად ვერ ყოფილა საქმე და აგერ, შედეგიც...
სპორტსმენი და მისი ადვოკატი, რაღა თქმა უნდა, პირველ ჩვენებას არ ცვლიან და შეცდომააო, გაიძახიან. ამ ვერსიას იზიარებენ ბრონის თანაგუნდელებიც და ამბობენ, რომ გავრცელებული ინფორმაციისა არ სჯერათ.
თუმცა, მათი პოზიცია ბევრს ვერაფერს შეცვლის, რაკიღა საყოველთაოდ ცნობილი და ათიოდე წლის წინ, ასევე სტეროიდებთან დაკავშირებულ სკანდალში გახვეული ლაბორატორიის, „ბალკოს“ დამაარსებელი ვიკტორ კონტე აცხადებს - რაიან ბრონს დანაშაულს დაუმტკიცებენ - რამდენიც უნდა ეცადოს იგი თავის მართლებასო.
გასაგებია და დასაშვები, რომ ანალიზების კვლევისას შეცდომები ხდება, მაგრამ საქმეზე ჭილყვავებივით შესეული ექსპერტები ერთხმად ამტკიცებენ: ამ შემთხვევაში შეცდომა გამორიცხულია!
და რაკი ასეა, მომდევნო ამბავი ამ სკანდალურ კრიალოსანში ბეისბოლისტის დისკვალიფიკაცია იქნება - რაიან ბორნს გუნდსა და საკეთებელს 50 კალენდარული მატჩით ჩამოაშორებენ.
რა ელოდება ჯილდოს? რაიანი ხომ 2011 წლის ნაციონალური ლიგის საუკეთესო მოთამაშედ შერაცხეს? პრიზის გადამცემი, ბეისბოლზე მწერალი ჟურნალისტების ასოციაციის მდივანი ჯეკ ოკონელი „იუ ეს ეი თუდეისთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბრონს ჯილდოს არ წაართმევენ.
ბეისბოლის სამყაროს ირგვლივ მოარული ხმები ამ გადაწყვეტილებას აღმაშფოთებელს უწოდებს და ხალხი იმედს იტოვებს, რომ თავად რაიან ბრონი მიხვდება, უარი განაცხადოს დაუმსახურებელ ჯილდოზე.
და კიდევ ერთი კითხვა - რამდენი ბეისბოლისტი ხმარობს აკრძალულ პრეპარატს? ბორნი რომ მარტო არ იქნებოდა, ყველასთვის ნათელია - ეს კი იმას ნიშნავს, რომ „სტეროიდულინ ერა“ გრძელდება.
კონსტანტინე გოგიშვილი, ნიუ იორკიდან









