ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების თავკაცი ლუი ვან გაალი, რომელიც დაკავებული პოსტის დატოვებას 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ აპირებს, უახლოეს პერიოდში “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩაიბარებს. აღნიშნულ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
მოსალოდნელია, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი ინგლისურ კლუბთან კონტრაქტს უკვე მომავალ კვირას გააფორმებს, რათა “იუნაიტედთან” გარკვეული სახის მუშაობა ადრეულადვე დაიწყოს და კლუბს სატრანსფერო მონახაზიც წარუდგინოს.
ბრიტანული გამოცემის თანახმად, ვან გაალის შტაბში უელსელი რაიან გიგზიც იქნება, რომელიც ამჟამად “მანჩესტერის” დროებითი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს. ამას გარდა, ჰოლანდიელ სპეციალისტს დახმარებას მისივე თანამემამულე პატრიკ კლუივერტიც გაუწევს.
აღსანიშნავია, რომ The Independent-ის ცნობითვე, მანჩესტერელთა აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი კლუბში კარლო ანჩელოტის მიწვევას აპირებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია, ეს ვარიანტი გამოირიცხა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ “იუნაიტედში” მისვლის შემდეგ, ვან გაალი გერმანელუ ფეხბურთელების – კროოსის, ჰუმელსის და როისის გადაბირებაც ეცდება.









