2012 წლის ევროპის ჩემპიონატიდან ერთი წლის შემდეგ, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს კონტინენტის პირველობის ფინალში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. ამჯერად, ახალგაზრდული ნაკრებები. უფროსი თანამემამულეების მსგავსად, მეტოქეს ახალგაზრდა ესპანელებმაც 4-ჯერ გაუტანეს, მაგრამ ამჯერად, იტალიელებმა სირცხვილის თავიდან აცილება და 2 გოლის გატანა მოახერხეს.
თამაშის გმირად ტიაგო ალკანტარა იქცა, რომელმაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ზედიზედ მე-2 ფინალში გაიტანა. ჯერ კიდევ „ბარსელონას“ საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი გახდა პირველი, რომელმაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ერთმატჩიან ფინალში (1994 წლამდე ფინალი 2 თამაშისგან შედგებოდა) 3 გოლის გატანა მოახერხა. 22 წლის ფეხბურთელმა ჯერ თავით გაიტანა, შემდეგ მარცხენა ფეხით, ხოლო ბოლოს ზუსტი დარტყმა მარჯვენა ფეხითაც განახორციელა.
თამაშში, რომელიც ესპანელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა. მარცხენა ფლანგიდან შეტევის დროს, ალვარო მორატამ გარს 4 მეტოქე შემოიხვია, ერთი მოძრაობით ყველა მათგანი უსაქმოდ დატოვა და კარის წინ უმეთვალყურეო ტიაგოს ბურთი თავზე დაასვა.
იტალიამ მალევე გაათანაბრა. მე-10 წუთზე, ბიანკეტის ძალიან კარგი გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა იმობილემ წინ ცუდად გამოსულ დე ხეას ბურთი თავზე გადაუგდო და მიმდინარე გათამაშებაში ესპანელთა კარში პირველი გოლი გაიტანა.
ტიაგომ დუბლი 31-ე წუთზე გაიფორმა. კოკეს შესანიშნავი პასის შემდეგ, საჯარიმოში მყოფმა ფეხბურთელმა ბურთი მკერდით მიიღო და ბარდის ფეხებშუა გაუძვრინა.
38-ე წუთზე, მანამდე პასიური კრისტიან ტელიო მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა, რასაც დონატის მიერ მისი წაქცევა მოჰყვა. იტალიელმა მცველმა ჯერ ბურთზე ითამაშა და ამის შემდეგ, უკვე წაქცეულ ფეხბურთელს ფეხშიც ჩაარტყა. საკამათო ეპიზოდი არბიტრმა ესპანელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა და თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან დარტყმით, ტიაგომ ჰეთ თრიქი გაიფორმა.
66-ე წუთზე, ესპანელებმა პენალტის დარტყმის უფლება კიდევ ერთხელ მოიპოვეს. ამჯერად, საკამათო არაფერი იყო. მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში ჩართულმა მონტოიამ რეჯინი ეფექტურად მოატყუა და მეტოქეს თამაშის წესების დარღვევა აიძულა. თერთმეტმეტრიანის შესრულება, ამჯერად, ისკომ ითავა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.
ბოლო წუთები იტალიელთა აქტიურობით წარიმართა და აპენინელებმა ერთი ბურთის გატანა მოახერხეს. მე-80 ქუთზე, კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, ბორინიმ საჯარიმოს გარედან კარგად დაარტყა.
ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო სულ ამ გუნდმა გამარჯვება მეოთხედ იზეიმა. ესპენალები საერთო ჩათვლაში კვლავ მე-2 ადგილზე არიან. პირველობას, 5 ტიტულით, იტალია ინარჩუნებს.
ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში 4 ისეთი ფეხბურთელი ირიცხება, რომლებმაც 21-წლამდელთა ევროპირველობა ზედიზედ მეორედ მოიგეს. ესენი არიან: მეკარეები დავიდ დე ხეა და დიეგო მარინიო, მცველი მარტინ მონტოია, ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა და თავდამსხმელი იკერ მუნიაინი.
იტალია-ესპანეთი 2:4 (1:3)
იერუსალიმი, “ტედი მალხა”
იტალია (4-4-2): ბარდი, დონატი, ბიანკეტი, კალდიროლა, რეჯინი, ფლორენცი (საპონარა 58), როსი, ვერატი (კრიმი 76), ინსინიე, ბორინი, იმობილე (გაბიადინი 57)
მწვრთნელი: დევის მანჯა
ესპანეთი (4-3-3): დე ხეა, მონტოია, მარტინესი, ბარტრა, ა. მორენო, კოკე (კამაჩო 86), ილიარამენდი, ტიაგო, ტელიო (მუნიაინი 70), მორატა (რ. მორენო 80), ისკო
მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი
გოლები: 0:1 ტიაგო (6), 1:1 იმობილე (10), 1:2 ტიაგო (31), 1:3 ტიაგო (38, პენ), 1:4 ისკო (65, პენ), 2:4 ბორინი (80)
გაფრთხილებები: ვერატი 18, რეჯინი 65, კალდიროლა 71, კრიმი 78 - კოკე 12, ტელიო 27, მარტინესი 47
მსაჯი: მატეი იუგი (სლოვენია)
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 9 (3)-13 (9), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 2-4, სეივი: 6-1, ჯარიმა: 16-12.









