საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩი წარმატებით დაასრულა. გასულ წელს ამ გუნდებმა “მიხეილ მესხზე” ითამაშეს და ჩვენმა ბიჭებმა დიდი ანგარიშით წააგეს, თუმცა ამის დაწერა და ცუდის გახსენება სულაც არ მსურდა, რომ არა ერთი სტატისტიკური ინფორმაცია. გასულ წელს იმ მოგებული მატჩის დროს ჰოლანდიელთა მწვრთნელი ალბერტ სტიუვენბერგი იყო. ის თამაში და საერთო მთელი შესარჩევი ციკლი ჰოლანდიამ წაუგებლად განვლო: 5 თამაში, ფრე და არც ერთი წაგება, თუმცა მოულოდნელად მთავარი მწვრთნელი შეცვალეს და მის ნაცვლად გამოცდილი ადრი კოსტერი მოიყვანეს, ხოლო ჩვენს შემთხვევაში მწვრთნელს ბოლომდე ვენდეთ.
“აიაქსის” ყოფილი მწვრთნელი ადრი კოსტერი 2011 წელს იმყოფებოდა თბილისში, როცა “ბრიუგეს” წვრთნიდა და მაშინ “ზესტაფონმა” ბელგიურ კლუბს ბრწყინვალე თამაში გაუმართა. იმ მატჩში იმერულ კლუბის მაისურით ითამაშა მამუკა კობახიძემ. ასე რომ კოსტერისა და კობახიძის გუნდები მეორედ შეხვედნენ ერთმანეთს.
ალექსანდრე ჩივაძემ ციკლის დასასრულს ოდნავ შორს გაიხედა. ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე და მათე ცინცაძე სასტარტოში ათამაშა. ხსენებულმა ფეხბურთელებმა ოფიციალურ მატჩებში პირველად მოირგეს 21-წლამდელთა ნაკრების მაისური, 19 წლის ფეხბურთელები ნაკრების მომავალს წარმოადგენენ. მათ გარდა სათადარიგო სკამიდან თამაშში ჩაერთვნენ ნიკა ჭანტურია და გიორგი პაპუნაშვილი, რომელმაც საგოლე პასით გამოიჩინა თავი. ამიტომაც მწვრთნელის გადაწყვეტილება პოზიტიურ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში კონკრეტული მათგანის თამაშის შეფასებისგან თავის შეკავება მოგვიწევს. მიზეზი მარტივია. ქართველ გულშემატკივარს თამაშის ყურების საშუალება ტელევიზორის ეკრანიდან არ მიეცა, ინტერნეტ-ბმულის პოვნის იმედი კი მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წუთში გაქრა.
უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. ამ გუნდების პირველი თამაშიდან და მასპინძელთა სტატუსიდან გამომდინარე შეხვედრა ლოგიკური სცენარით მიმდინარეობდა, თუმცა პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. იყო შანსი გოლი უორნერ ჰანის კარში გასულიყო, თუმცა გიორგი ჭანტურიას, გიორგი ქვილითაისა და მათე ცინცაძის მცდელობებმა წარმატება ვერ მოიტანა.
პირველ ტაიმში 3 სეივი შეასრულა გიორგი ნადირაძემ. ცხინვალის “სპარტაკის” მეკარემ ჯერ იყო და “მილანში” გადაბარგებულ ვან გინკელს აუღო, შემდეგ “ტვენტეს” ფორვარდ ლუის კასტაინოს, ტაიმის მიწურულს კი ჟან-პოლ ბოეტიუსის დარტყმა გაანეიტრალა. ჰოლანდიელთა იერიშები მეორე ტაიმშიც გაგრძელდა, ნადირაძის თამაშს ტექსტური მიმოხილვიდან გამომდინარე კარგი შეფასება უნდა მიეცეს, თუმცა ნურც დაცვა დაგვავიწყდება. ყაზანის “რუბინის” და რიგის “სკონტოს” მცველებს ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელები შეუწყვილდნენ, ზესტაფონელი თედორე გრიგალაშვილისა და ლანჩხუთის “გურიიდან” თბილისურ “დინამოში” დაბრუნებული ოთარ კაკაბაძის სახით.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში ჰოლანდიამ სწრაფი გოლის გატანა ისურვა, თუმცა ვერც ამჯერად მიაღწია საწადელს, ხოლო 63-ე წუთზე ძალამიძეს რეალური საგოლე მომენტი შეექმნა. ძალამიძემ ვერ გაიტანა, მაგრამ არ გასულა ათი წუთი პაპუნაშვილის პასით ჯიღაურმა გამარჯვების შეაგდო. მატჩის სურათიდან გამომდინარე ლოგიკური გოლი იყო. როცა მეტოქე ამდენ შანს ანიავებს დაწინაურების შანსი გიჩნდება.
პაპუნაშვილი ბრწყინვალე ფორმაშია. თავდასხმელისთვის მოედანზე ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ე.წ. პასის მიმცემი ფეხბურთელია. მათ ნაკლებობას ქართული ფეხბურთი აშკარად განიცდის. ვინ იცის ეგებ თემურ ქეცბაია ნანობს კიდეც საირლანდიო განაცხადს მიღმა რომ დატოვა 19 წლის პაპუნაშვილი.
საქართველომ ციკლი 10 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა, პირველ-მეორე ადგილებზე კი ჰოლანდია და სლოვაკეთი არიან.
ჰოლანდია (21-წლამდე) – საქართველო (21-წლამდე) 0:1 (0:0)
დევენტერი. “დე ადელაარშორსტი.”
ჰოლანდია: ჰანი, ვიერიკი, რეკიკი (ლიგეონი 46), აკე, ვან დერ ჰორნი (ლოკადია 78), ვან გინკელი, ებესილიო, დე ვილენა, კასტაინოსი, ბოეტიუსი, ონდანი (ჰუპერტსი 56)
მწვრთნელი: ადრი კოსტერი
საქართველო: ნადირაძე, თედორე გრიგალაშვილი, კობახიძე (ნიკოლოზ ჭანტურია 79), კაკაბაძე, დვალი, ძალამიძე, ჯიღაური, ცინცაძე (ენდელაძე 88), პაპავა, ჭანტურია, ქვილითაია (პაპუნაშვილი 59),
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გოლი: ჯიღაური (71)
გაფრთხილება: დვალი (3), ვიერიკი (44), თედორე გრიგალაშვილი (80), ნადირაძე (83), ებესეილიო (89), პაპავა (89)
მსაჯი: მარკუს ჰამეტერი (ავსტრია)
დიმა შარიქაძე







