მოახლოებული “ელ კლასიკოს” წინ მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს 2 ინტერვიუ შემოგთავაზეთ, “კამპ ნოუზე” დღეს გასამართი პრინციპული შეხვედრის წინ “ბარსელონას” დამრიგებლის ტიტო ვილანოვასა და სპორტული ჟურნალისტის დიალოგს გაგაცნობთ.
- მიმდინარე სეზონში “ბარსელონამ” შთამბეჭდავი სტარტი აიღო. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, თქვენი გუნდი უკვე ოპტიმალურ ფორმაშია რომაა?
- პრიმერა დივიზიონში მიჯრით 6 თამაში მოვიგეთ, ჩემპიონთა ლიგაში კი 2. “ბარსელონას” ხანგრძლივ ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, ასეთი რამ მხოლოდ რამდენჯერმე მოხდა. ამასთან, ხაზი უნდა გავუსვა, რომ ყველა ამ შეხვედრის მოგება უდიდეს ძალისხმევად დაგვიჯდა. სეზონი ახალი დაწყებულია და ცხადია, გუნდი და ფეხბურთელები ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ შესულან – “ბარსელონა” თანდათან კიდევ უფრო მოუმატებს. სეზონის გადამწყვეტ, დასკვნით ფაზაში “ბარსა” კიდევ უფრო გაძლიერდება.
- როგორ გგონიათ, “რეალი” რა ტაქტიკით დაგიპირისპირდებათ?
- ამას მსაჯის სასტარტო სასტვენის შემდეგ ვნახავთ, თუმცა, არ მგონია, მადრიდელებმა რაღაც განსაკუთრებულ მანერას მიმართონ. მათ სათავეში ჟოზე მოურინიოს მისვლის შემდეგ, “ბლანკოსის” წინააღმდეგ 12 “ელ კლასიკო” ვითამაშეთ და ყველა შემთხვევაში კასტილიელები პრაქტიკულად ერთსა და იმავე სტრატეგიას ირჩევდნენ. ასე რომ, ძნელი წარმოსადგენი არაა, კვირას “კამპ ნოუზე” მოურინიო რა ტაქტიკას მიანიჭებს უპირატესობას.
- პრინციპულ მოწინააღმდეგესთან შედარებით, გაცილებით უფრო მეტი ქულათა მარაგი გაქვთ დაგროვილი. ამის გამო თქვენი ფეხბურთელები ცოტათი მაინც ხომ არ მოდუნდებიან?
- “ბარსელონასა” და “რეალის” ნებისმიერი პაექრობა მეტად დაძაბული, მწვავე და საინტერესოა, ამასთან პრაქტიკულად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმ მომენტს, რომელ გუნდს რომელი საფეხური უკავია სატურნირო ცხრილში. მშვენიერი სტარტი გამოგვივიდა, “რეალიც” სოლიდური სხვაობით ჩამოვიტოვეთ, მაგრამ ეს ერთი წამითაც მოდუნების უფლებას არ გვაძლევს – წინ ხომ ლამის მთელი სატურნირო მარათონი გველის.
- “ბარსელონას” სტრატეგიას ხომ ვერ გაგვიმხელთ?
- ჩვენ ფეხბურთელებს მადრიდელთათვის არასასიამოვნო სიურპრიზის შეთავაზება შეუძლიათ, კუთხურის ჩაწოდების დროს. ამ მნიშვნელოვანი საფეხბურთო ელემენტის კიდევ უფრო დახვეწაზე ბევრს ვშრომობთ და რამდენიმე ახალ ვარიანტსაც ვამუშავებთ. კუთხურის გათამაშებისას არაერთხელ გვიხეირია, თუნდაც “ვალენსიასთან” შეხვედრა გავიხსენოთ.
- თუკი კვირას “რეალის” დამარცხება მოახერხეთ, მადრიდელებს 11 ქულით გაუსწრებთ...
- ასეც რომ მოხდეს, ჩემპიონობის ზეიმი ნაადრევი იქნება – როგორც უკვე გითხარით, წინ რთული და გრძელი სეზონი გველის.
- “ელ კლასიკოს” წინ კატალონელ გულშემატკივრებს ლეო მესის განსაკუთრებული იმედი აქვთ...
- ლეო საფეხბურთო ტალანტის თაობაზე ნებისმიერმა ჩვენთაგანმა კარგად ვიცით. მან მეტად ნაყოფიერი წინასასეზონო მზადება გაიარა და იმედია, საკუთარ ფენომენალურ შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს. ამბობენ, შარშან “კამპ ნოუზე” “რეალმა” იმიტომ გვძლია, რომ ლეო მესის განეიტრალება მოახერხა. მე ამგვარად არ ვფიქრობ. საკვირაო მატჩს რაც შეეხება, მესი მადრიდელებს უამრავ თავსატეხს გაუჩენს. ამის განცხადების გაკეთების საშუალებას ლეოს სპორტული ფორმა მაძლევს – ბოლო დროს იგი კიდევ უფრო მეტს მანევრირებს მინდორზე.
- მომავალ “ელ კლასიკოში” საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობთ?
- მორიგი კატალონურ-კასტილიური დაპირისპირება ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა არაა. “რეალთან” მატჩს თვითდამკვიდრების თვალსაზრისით არ განვიხილავ. თუმცა, ვაღიარებ, უმთავრეს მოწინააღმდეგესთან 11 ქულით დაწინაურება მეტად მიმზიდველად გამოიყურება.
- “ბარსელონასა” და “რეალის” დაპირისპირებები საფეხბურთო სფეროს სცდება ხოლმე და მას სხვა, პოლიტიკური დატვირთვაც თან ახლავს...
- პირდაპირ უნდა განგიცხადოთ – კვირას ჩასატარებელი “ელ კლასიკო” სპორტული მოვლენა, კერძოდ საფეხბურთო მატჩია. თუკი ვინმეს პოლიტიკური საკითხების განხილვა სურს, ეს სხვა დროს და სხვა ადგილას უნდა გააკეთოს.
გოჩა კაჭარავა









