ზურაბ ზვიადაური ტატამს უბრუნდება. ძიუდოისტი, რომელიც აქტიური სპორტიდან ოფიციალურად შარშან, სპორტის სასახლეში ჩატარებულ მსოფლიოს თასზე გააცილეს, სავარაუდოდ კიმონოს იმავე მსოფლიოს თასზე მოირგებს.
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი დაბრუნებაზე სერიოზულად ორიოდ თვის წინ დაფიქრდა. ნაკრების იაპონურ შეკრებაზეც სრული დატვირთვით ივარჯიშა და თვითმხილველთა თქმით, საქმეს ისე ბეჯითად უდგებოდა, როგორც არასდროს.
ზურაბ ზვიადაური მშობლიურ წონით კატეგორიაში – 90 კილოგრამში იჭიდავებს. თუ პირველ ტურნირზე თავს შეატყობს, რომ ხანგრძლივი პაუზის მიუხედავად, ჩვეულად ჭიდაობა შეუძლია, საგაზაფხულო საერთაშორისო ტურნირებშიც ჩაერთვება და ლონდონის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების დაგროვებას შეეცდება.
თბილისის მსოფლიოს თასი 28-29 იანვარს გაიმართება.
ოთარ მაღლაკელიძე







