სხვა

14:40 | 14.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა იმარჯვა, გაგამარუმ წააგო

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, რომლისთვისაც რამდენიმე წარმატებული ტურნირის შემდეგ, რანგით მე-2 ძურიოს დივიზონში მხოლოდ დასავლეთის მე-5 ნომრის სტატუსი გაიმეტეს, სექტემბერის შეჯიბრშიც წარმატებულად ჩაერთო.

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” დაწყებულ შემოდგომის ბაშოს პირველ დღეს ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი გოლიათი აღმოსავლეთის მე-6 ნომერ ტამაასუკას გაეჯიბრა და იორიკირით იმარჯვა.

სამწუხაროდ, სექტემბრის სუპერტურნირი მარცხით გახსნა გაგამარუს მეტსახელით მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც ტოკიოში ძურიოს დასავლეთის მე-3 ნომრით ჩავიდა. მან აღმოსავლეთის მე-4 ნომერ ტოსაიუტაკასთან ასევე იორიკირით წააგო.

სექტემბრის ბაშოს მე-2 დღეს ტოჩინოშინი კოტიუკის (დასავლეთის მე-4 ნომერი) გაეჯიბრება, გაგამარუს მეტოქე კი სოტაირიუ (დასავლეთის მე-2) იქნება.

ტოკიოს ტურნირის პირველივე დღეს რამდენიმე სენსაცია აღინიშნა. მაგალითად, წააგეს ოძეკებმა – კოტოშოგიკუმ და გოეიდომ და სეკივაკე ტაკეკაძემ. სამაგიეროდ, შემოდგომის შეჯიბრი წარმატებულად დაიწყეს იოკოძუნებმა – ჰაკუჰომ, კაკურიუმ და ჰარუმაფუჯიმ და ოძეკი კისენოსატომ, რომელსაც მოსამზადებელ ციკლში ტოჩინოშინიმ 23-დან 9 ბრძოლა მოუგო.

აკი ბაშო ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და 28 სექტემბრამდე გასტანს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170344