2020 წლის ოლიმპიურ თამაშებს ტოკიო უმასპინძლებს. გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ბუენოს აირესში მიმდინარე 125-ე სესიაზე მიიღო.
32-ე ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ბრძოლას, დასკვნით ეტაპზე სამი კანდიდატი შემორჩა: ტოკიო, სტამბოლი და მადრიდი. სწორედ ამ სამ ქალაქს შორის გაიმართა ფარული კენჭისყრა, მას შემდეგ, რაც კანდიდატთა საორგანიზაციო ჯგუფებმა დამსწრეთ პრეზენტაციები მოუწყვეს.
ხმის უფლების მქონე დელეგატებმა, კენჭისყრის პირველივე ტურში ტოკიო გამოარჩიეს. მადრიდმა და სტამბოლმა კი თანაბარი ხმები დააგროვეს. ამ ორ ქალაქს შორის ჩატარებულ განმეორებით წილისყრაში, სტამბოლმა 94 შესაძლებლიდან 49 ხმა დააგროვა და ფინალურ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, მაგრამ იქ წარმატებას ვეღარ მიაღწია.
ტოკიომ ოლიმპიურ თამაშებს 1964 წელსაც უმასპინძლა. მაშინ, საბჭოთა კავშირის ნაკრების სახელით მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
8 სექტემბერს, ბუენოს აირესის სესიაზე ერთი უმნიშვნელოვანესი კენჭისყრაც გაიმართება. დელეგატებმა ბეისბოლს, სქვოშსა და ჭიდაობას შორის ის სახეობა უნდა შეარჩიონ, რომელიც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სპორტულ პროგრამაში შევა.







