2010 წელი ტომას მიულერისთვის წარმატებული და მოვლენებით დატვირთული გამოდგა. 21 წლის გერმანელმა შემტევმა წელს მიუნხენის “ბაიერნში” სრული სეზონი პირველად ჩაატარა და გუნდის წარმატებაშიც უდიდესი როლი ითამაშა. ის გუნდთან ერთად გერმანიის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც მილანის “ინტერთან” დამარცხდა.
უნივერსალურმა მიულერმა მყის დაიმკვიდრა ადგილი საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდში და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი მისი აღმასვლის მწვერვალად იქცა. მან გერმანიის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა, თავად მოთამაშე კი, ორ ინდივიდუალურ პრიზს დაეუფლა - Hyundai-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისა და Adidas-ის “ოქროს ბუცის” ტიტულს, როგორც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. მიულერი განვლილ 12 თვეზე ფიფას ოფიციალურ საიტს ესაუბრა.
- როგორი განცდა გქონდათ, როდესაც Adidas-ის “ოქროს ბუცი” მიიღეთ?
- ეს ფანტასტიკური შეგრძნებაა. ამ პერიოდს ყოველთვის კარგად გავიხსენებ, რადგან ეს ჯილდო მსოფლიო ფეხბურთში დიდად დაფასებულია. “ოქროს ბუცის” მფლობელი სულ რამდენიმე ფეხბურთელია - მისი მფლობელი ხომ მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ ვლინდება. ჯილდოს დაუფლება დიდი პატივია და მიხარია, რომ მისი მფლობელი გავხდი.
- “ოქროს ბუცის” ადრინდელი მფლობელი გერდ მიულერია, რომელიც თქვენ მიუნხენის “ბაიერნის” ახალგაზრდულ გუნდში გავარჯიშებდათ. ის თქვენთვის მაგალითი იყო?
- ახალგაზრდა ვარ და მისი თამაში არ მინახავს. გერდ მიულერმა ძალიან ბევრი გოლი გაიტანა და არც კი მიფიქრია იმაზე, რომ ოდესმე მისი მიღწევის გამეორებას მოვახერხებ. მთლიანობაში, ის ძალიან კარგი მეგობარია და სამი თუ ოთხი წლის განმავლობაში, ჩემი ცხოვრებისა და კარიერის ნაწილი იყო. ჩემპიონთა ლიგის მატჩების დროს, მას რეგულარულად ვნახულობ და ერთმანეთს ახალ ამბებს ვუზიარებთ.
- თუ არ ჩავთვლით მიულერს, ვინ იყო თქვენი საყვარელი ფეხბურთელი ბავშვობაში?
- არასდროს მსურდა ვინმეს მსგავსი ვყოფილიყავი. საკუთარი ხასიათი გამაჩნია და მწამს, რომ სხვისი სტილით თამაშს ვერ ისწავლი - მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ვცდილობ. რაღა თქმა უნდა, ზიდანი, რონალდო და მესი გამორჩეული ფეხბურთელები და ნათელი მაგალითები არიან საიმისოდ, თუ როგორ უნდა განვითარდეს მოთამაშე. ერთი კერპი არასდროს მყოლია და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სხვის მიბაძვას საკუთარი იდენტურობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა ჯობია.
- მნიშვნელოვანი მოვლენებით დახუნძლული წელიწადი გქონდათ. როგორ შეაფასებთ 2010 წელს?
- მართლაც ბევრი რამ მოხდა, დაწყებული იმით, რომ კლუბთან ერთად გერმანიის ჩემპიონი გავხდი და დამთავრებული ეროვნული გუნდის მიღწევით. ეს ჩემი პირველი წელიწადი იყო პროფესიონალურ ფეხბურთში და იმდენი რამ მოხდა, რომ რომელიმე კონკრეტული მომენტის გამოყოფა გამიჭირდება. ახლა წინ ახალი სეზონი გვაქვს. ფეხბურთი ისეთი ტემპით ვითარდება, რომ სწრაფად ადაპტირებას საჭიროებს. 2010 წელი მართლაც წარმოუდგენელი იყო.
- ბოლო დროს გარკვეული პრობლემები შეგექმნათ, ხომ არ აჯობებდა, რომ ერთგვარი შესვენება აგეღოთ?
- მართალია, ბუნდესლიგაში ახლა შესვენებაა, მაგრამ მასზე ფიქრი თავიდან არ ამომდის. “ბაიერნთან” ერთად, კიდევ ბევრი მაქვს მისაღწევი და ახლა დასვენების დრო არაა. ფიქრისა და ანალიზის დრო მომავალში კიდევ მექნება.
- “ბაიერნში” წარმატებული სეზონი გქონდათ, მაგრამ სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში მაინც ოცნების სფეროს განეკუთვნება. არ გაგიკვირდათ, როდესაც მის ნაწილად იქეცით?
- სიმართლე გითხრათ, სულაც არ გამკვირვებია. ნახევარდაცვის პოზიცია, სხვებთან შედარებით, ასე თუ ისე ღიად რჩებოდა და იმის გათვალისწინებით, რა თამაშსაც ბუნდესლიგაში ვაჩვენებდი, იმედიანად ვიყავი. ძალიან ბევრი გოლი გამქონდა და ოპტიმიზმს არ ვკარგავდი. მოხარული ვარ, ამ პოზიციისთვის ბრძოლა რომ მოვიგე, მაგრამ საჭირო დროს ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი და მწვრთნელს ჩემი იგნორირება გაუჭირდებოდა. ახლა ჩემი ამოცანაა, რომ ეს პოზიცია დავიცვა. კარგ ფორმასთან ერთად, გამიმართლა კიდეც და ამ მსოფლიოს ჩემპიონატის გახსენება არასოდეს შემრცხვება.
- მსოფლიოს ჩემპიონატი თქვენთვის ერთგვარი ტრიუმფი იყო. გერმანიის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა, პირადად თქვენ კი, ორი ინდივიდუალური პრიზი მოიპოვეთ.
- ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. სამხრეთ აფრიკაში მხოლოდ იმის იმედად ვიყავი, რომ გუნდთან ერთად რამეს მივაღწევდი და ამის ძალა ნამდვილად შეგვწევდა. ორი ინდივიდუალური პრიზის აღება ფანტასტიკური მოულოდნელობა იყო, მაგრამ ეს უკვე ისტორიაა. ფეხბურთი წინ მიიწევს, თუმცა, ამ წარმატებას არასდროს დავივიწყებ და ჯილდოებსაც ვერავინ წამართმევს.
- მომავალი წლის იანვარში, ციურიხში ფიფას “ოქროს ბურთის” დაჯილდოვება გაიმართება და თქვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტებს შორის ხართ...
- ვერც კი წარმოვიდგენდი, ამ სიაში თუ მოვხვდებოდი, მაგრამ საქმე კვლავ გამართლებასთან გვაქვს – შესაფერის დროს შესაფერის ადგილას ვიყავი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ასეთი ცნობილი ფეხბურთელების გვერდით ყოფნა.
- გასული სეზონიდან, განსაკუთრებით რომელ მომენტს გამოჰყოფდით?
- ძალიან ძნელია ერთი მომენტის გამოყოფა. ძნელია განსაზღვრო რა იყო საუკეთესო, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამოსვლა თუ ორი ინდივიდუალური ტიტულის მოგება. მე ყველა მათგანით ვტკბებოდი და მიმაჩნია, რომ უმთავრესი სწორედ ესაა. განვლილი სეზონი ბრწყინვალე იყო როგორ პროფესიული, ასევე სუფთა ადამიანური თვალსაზრისით.
- რის მიღწევას გეგმავთ 2011 წელს?
- “ბაიერნს” გასული წლის მიღწევის გამეორება ძალიან გაუჭირდება. ტიტულის დაუფლება გვსურს, მაგრამ ბუნდესლიგაში ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას თუ გადავხედავთ, ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. ერთის მხრივ, სეზონის სტარტზე გარკვეული პრობლემები გვქონდა, ხოლო მეორეს მხრივ, “დორტმუნდმა” მოსალოდნელზე მეტი ქულები მოაგროვა. მაგრამ თუკი დორტმუნდელებს ჩავარდნა ექნებათ, ჩვენ ნახტომისთვის მზად უნდა ვიყოთ. სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თამაშების ნახევარი ჩასატარებელია და იმედს არ ვკარგავთ.
- როგორ ახერხებს ტომას მიულერი დაძაბულობის მოხსნას და ზეწოლისგან თავის დაღწევას?
- სახლში მეუღლე, ძაღლი, ოჯახის წევრები და მეგობრები მხვდებიან და სულ სხვა სამყაროში ვარ. მაშინ უბრალოდ ადამიანი ვარ და არა ფეხბურთელი.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა









