ინტერვიუები

16:14 | 25.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ტოპმიოლერი 9 წლის წინ და რანგნიკი ახლა

2002 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ასეთი წყვილები იყო: "რეალი"-"ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი"-"ლევერკუზენი". და აი, 9 წლის თავზე სიტუაცია 75 პროცენტით განმეორდა, ნახსენები ოთხი კლუბიდან სამი ნახევარფინალშია და მეოთხეს, "ლევერკუზენს" ასევე გერმანული "შალკე" ჩაენაცვლა. წყვილებიც იგივეა, "რეალი" ისევ "ბარსას" ხვდება, მანკუნიანელებს კი გერმანული ბარიერი აქვთ გადასალახი.
მაშინ "რეალმა" მოსისხლე კლუბი გააგდო (სტუმრად 2:0, შინ 1:1), ხოლო კლაუს ტოპმიოლერის "ლევერკუზენმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" ორი მატჩის ჯამში სძლია - სტუმრად 2:2, შინ 1:1. ფინალი, გემახსოვრებათ, მადრიდელებმა 2:1 მოიგეს.
როგორ ჰგავს მაშინდელი სიტუაცია ახლანდელს. და გაიმეორებს რალფ რანგნიკის "შალკე" ტოპმიოლერის 9 წლის წინანდელ შედეგს და შეძლებს მანჩესტერელთა გამოთიშვას?
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მანჩესტერელებს უპირობო ფავორიტად თვლის, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად "ბარსელონა" ესახება - მოკლედ, კლაუს ტოპმიოლერის ინტერვიუ ნეწს.დე-სთან.   
- ჰერ კლაუს, "შალკეს" თამაშებს უყურებთ?
- მე ფეხბურთის მანიაკი ვარ და ბუნდესლიგა იქნება, ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა, სერია A, თუ ლა-ლიგა, ყველაფერს ვუყურებ...
- და რას იტყვით "შალკეს" ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლაზე?
- ნამდვილად არ ველოდი ასეთ წარმატებას. "შალკე" ბუნდესლიგაში ცხრილის შუაშია და თითზე ჩამოსათვლელი ხარისხიანი მატჩები ჩაატარა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში სულ სხვაგვარადაა. განსაკუთრებით ბრწყინვალედ ითამაშეს "ინტერთან" მილანში, როცა თავიდან აგებდნენ, მაგრამ ისეთი აგრესიული ფეხბურთი შესთავაზეს მეტოქეს, პირდაპირ საკვირველი იყო.
- და ახლა, ლიგის ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩებია. გახსენდებათ 2002 წელი და თქვენი "ლევერკუზენი"?
- მანჩესტერში 2:2 რომ ვითამაშეთ, ალბათ, სწორედ ეს იყო "ლევერკუზენის" საუკეთესო მატჩი ჩემპიონთა ლიგაში. იმდენად კარგად ვითამაშეთ, რომ მანჩესტერელთა ფანებმა ტაშით გაგვაცილეს სტადიონიდან. საპასუხო შეხვედრა 1:1 დასრულდა და ფინალში გავედით. ჩვენ ბევრი პრობლემა გვქონდა შემადგენლობაში - იენს ნოვოტნი დაშავდა, დიეგო პლასენტემ ტრავმიანმა ითამაშა.
- მანჩესტერთან გასვლითი 2:2 ყველაზე ტკბილ მოგონებად დარჩა თქვენს სამწვრთნელო კარიერაში?
- არა, ყველაზე დიდი სიხარული მანამდე, მეოთხედფინალში განვიცადე. "ლივერპულთან" სტუმრად 0:1 გვქონდა წაგებული და შინ 4:2 ვიმარჯვეთ. სიმართლე გითხრათ, არ მჯეროდა, "ლივერპულს" ოთხ ბურთს თუ გავუტანდით, თანაც პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
- გახსოვთ, რა უთხარით ფეხბურთელებს მანჩესტერში თამაშის წინ?
- ძალიან დიდი დრო გავიდა. მე ყოველთვის სიტუაციის მიხედვით, სხვადასხვაგვარად ვარიგებდი გუნდს. მაშინ რა ვთქვი, სამწუხაროდ, არ მახსოვს.
- რა შანსები აქვს "შალკეს" ნახევარფინალში?
- "შალკეს" ნამდვილად არ ვაკნინებ, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" პროგრესირებს და უფრო ძლიერი ფეხბურთელებიც ჰყავს. რიო ფერდინანდი დაბრუნდა, რაიან გიგზი კვლავ ფორმაშია, ჯი-სუნ პარკი შტორმივითაა, უეინ რუნი ფანტასტიკურად გამოიყურება... ვფიქრობ, "შალკესთვის" ისიც ცუდია, რომ პირველ მატჩს შინ ატარებს.
- რატომ გგონიათ, რომ ეს ცუდია?
- მანჩესტერელები მთლიანად შედეგზე ითამაშებენ და გოლის გატანას ეცდებიან. და "შალკემ" 2:1-იც რომ მოიგოს, ინგლისელებს შინ მშვენიერი შანსი ექნებათ.
- როგორ შეადარებდით 9 წლის წინანდელსა და ახლანდელ "მანჩესტერ იუნაიტედს"?
- მათ ყოველთვის ძლიერი გუნდი ჰყავთ. ეს არის კლუბი, რომელიც ყოველწლიურად ერთ ტიტულს მაინც იგებს. ნებისმიერ საფეხბურთო ექსპერტს რომ ჰკითხოთ, ყველა გიპასუხებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია.
- და რომელი გუნდი მოიგებს წლეულს ლიგას?
- ვფიქრობ, "ბარსელონა". უნიკალური კლუბია და ჰყავს ბრწყინვალე ლეო მესი.
- რას იტყვით "შალკეს" მწვრთნელ რალფ რანგნიკზე?
- რალფთან ერთად ავიღე სამწვრთნელო სერთიფიკატი, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ტელეფონით ხშირად ვკონტაქტობთ. ძალიან გამიხარდება, თუ ფინალში გავა. ყოველთვის წარმატებას ვუსურვებ.
- რანგნიკმა ფელიქს მაგათი შეცვალა. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეცვალა მან "შალკეს" თამაშის სტილი ამ მოკლე ხანში?
- ალბათ, ფსიქოლოგია. შედეგი უახლოეს პერიოდში უფრო გამოჩნდება და შემდეგ შეგვეძლება საუბარი. საერთოდ, როცა ფეხბურთელი დილით ვარჯიშზე მოდის, ჯერ მოტივაცია უნდა შეიგრძნოს და ხალისით უნდა აკეთებდეს საქმეს. მაგათისგან განსხვავებით, რანგნიკი განწყობას ქმნის.

ცნობისთვის, კლაუს ტოპმიოლერი 2006 წლის დასაწყისიდან 2008 წლის გაზაფხულამდე მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. მას შემდეგ გერმანიაში, მშობლიურ რივენიხში ცხოვრობს და სამწვრთნელო საქმიანობას არ ეწევა...  

ილია ნანობაშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09443