ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია “ბრუკლინ ნეთსიდან” “ჩიკაგო ბულსში” გადადის. აღნიშნულის შესახებ არაერთი ამერიკული წყარო იტყობინება (მათ შორის, Yahoo Sports და ESPN). გარიგების თანახმად, რომელიც ოფიციალურად უახლოეს დღეებში გაფორმდება, შენგელიას სანაცვლოდ “ნეთსი” უკანახაზელ მარკის ტიგს მიიღებს.
ეს უკანასკნელი “ბულსმა” 2012 წლის დრაფტის პირველ რაუნდში აიყვანა, თუმცა, ტრავმიანობის გამო, მისგან სარგებელი ვერ ნახა, შენგელიას გადაყვანით კი, მისთვის პრობლემატური პოზიციის დაბალანსებას ცდილობს.
ტრანსფერი უდავოდ მისასალმებელია ქართველი ფორვარდისთვისაც, რომელსაც “ბრუკლინში” არსებული უდიდესი კონკურენციის პირობებში თამაში, ფაქტობრივად, არ უწევდა, “ჩიკაგოში” კი სათამაშო წუთები უდავოდ უნდა მოემატოს.
საქმე ის გახლავთ, რომ ქართველის პოზიციაზე “ბულსს” რეალურად ერთადერთი ხერიანი მოთამაშე მაიკ დანლივი ჰყავს, ასე რომ, “თოკოს” შანსი აუცილებლად მიეცემა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ტომ ტიბოდოს მიერ დარიგებულ “ჩიკაგოს” 18 მოგება და 20 მარცხი გააჩნია და ცენტრალურ დივიზიონში მეორე, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილი უკავია.
“ხარებს” მომდევნო შეხვედრა ორიოდ საათში შინ “ფილადელფიასთან” ელით, თუმცა, ცხადია, თორნიკე ჯერ ახალ გუნდთან ერთად არ იქნება. ისიც ვთქვათ, რომ ჩიკაგოელებს სეზონის ბოლომდე ვერაფრით დაეხმარება სუპერვარსკვლავი დერიკ როუზი, რომელიც ტრავმის მოშუშებას ჯერაც ვერ ახერხებს.
და ერთიც. თუკი ისევ “ბრუკლინს” დავუბრუნდებით, აღვნიშნავთ, რომ გუნდი კიდევ ერთ სათადარიგო კალათბურთელ ტაიშუან ტეილორს ემშვიდობება. არსებული ინფორმაციით, “ნეთსი” ამერიკელ უკანახაზელს “ნიუ ორლეან პელიკანსს” დაუთმობს და გარკვეულ თანხასაც დაუმატებს, სანაცვლოდ კი, სამომავლო დრაფტზე არჩევანის უფლებას მიიღებს.







