მოგეხსენებათ, მოლდოვურ “ზიმბრუში” ლევან კორღალიძესთან ერთად კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდა – თორნიკე სტეფნიაშვილი. 19 წლის ნახევარმცველი პირველადაა სამშობლოს ამხელა მანძილით დაშორებული და თავისი კარიერის პირველ ფურცლებს წერს. როგორც თავად ამბობს, მას ადაპტაციაში ხელს კორღალიძე უწყობს და ენობრივი ბარიერის დაძლევაშიც ეხმარება. “ზიმბრუს” ოფიციალურ საიტზე, გამოქვეყნდა სტეფნიაშვილის ინტერვიუ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
- ჟურნალისტები ხშირად გთხოვენ შეხვედრას?
- ჯერჯერობით, არა. საქართველოში მხოლოდ ორჯერ მქონდა ინტერვიუ მიცემული, აქ კი, პირველად მიწევს.
- გვითხარი, როგორ დგამდით პირველ ნაბიჯებს ფეხბურთში?
- დავიბადე თბილისში, 1992 წლის 10 ნოემბერს. ფეხბურთზე შესვლა ოდნავ დამიგვიანდა – 8 წლის ასაკში, მამამ საფეხბურთო სკოლა “ავაზაში” მიმიყვანა. ეს ნამდვილად სკოლაა, რადგან წარმომადგენელი არც საქართველოს უმაღლეს დივიზიონში ჰყავს და არც პირველ ლიგაში. “ავაზადან” რუსთავის “ოლიმპში” მიმიწვიეს, საიდანაც გორის “დილაში” მოვხვდი. ამ უკანასკნელი გუნდის მაისურით საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის რამდენიმე მატჩშიც ვითამაშე.
- როგორ გამოჩნდა “ზიმბრუს” ვარიანტი?
- ჩემი აგენტი დავით გოგოლაძე ყოფილი ფეხბურთელია. იყო დრო, როდესაც იგი “ზიმბრუში” ამჟამინდელ გენერალურ დირექტორ იგორ ოპრიასთან ერთად თამაშობდა. გოგოლაძის რეკომენდაციით, კლუბში სინჯებზე მომიწვიეს და 3-წლიანი კონტრაქტიც შემომთავაზეს.
- რით განსხვავდებიან საქართველოსა და მოლდოვის ჩემპიონატები?
- ჩემთვის, ასეთი დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მოლდოვაში უფრო სწრაფი ფეხბურთი და მეტი ფიზიკური ბრძოლაა. საქართველოში უფრო ტექნიკურ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას.
- არ ღიზიანდებით, როცა თამაშის დროს ფეხებში ბევრი გხვდებათ?
- არა, ამას უკვე მივეჩვიე. მე ბურთით ყოფნა მომწონს, ფეხბურთში კი, წესების დარღვევას ვერსად გავექცევით.
- ყველაზე ახლოს ვის დაუმეგობრდით “ზიმბრუ 2”-ში?
- გეორგი ანტონს.
- ქართველი ფეხბურთელებიდან კუმირი თუ გყავს?
- დიახ, კახა კალაძე. როდესაც ის ფეხბურთზე მიიყვანეს, მწვრთნელმა უთხრა: “ბიჭუნა, შენ პატარა ტანის ხარ და უმჯობესი იქნება, თუ სპორტის სხვა სახეობით დაკავდები”. ამ ყველაფრის შემდეგ, კალაძე ბრწყინვალე ფეხბურთელი გახდა და “მილანის” მაისური წლების განმავლობაში ეცვა. ახლა, ის “ჯენოას” ღირსებას იცავს. კახა შრომისმოყვარეა და ყველაფერს ამის ხარჯზე მიაღწია. მინდა, მას დავემსგავსო.
- “ზიმბრუში” დიდი ხანი დარჩებით თუ ტრამპლინად გამოიყენებთ?
- როგორც უკვე გითხარით, კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ვცდილობ, საქმეს პროფესიონალურად მივუდგე და პირველ გუნდში თამაში დავიმსახურო, რის შემდეგაც, ტიტულებისთვისაც ვიბრძოლებ. რა თქმა უნდა, მეც მინდა, რომ კალაძესავით “მილანში” ვითამაშო, მაგრამ იქამდე, “ზიმბრუში” უნდა გამოვიჩინო თავი.
ირაკლი ჯაფარიძე







