საკვირაო პრემიერლიგა ლონდონში “ტოტენჰემი” – “სიტის” მატჩით გაიხსნა. ეს თამაში ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამისდაკვალად, უმეტესი დროის განმავლობაში საკუთარი კარის უსაფრთხოებას მეტ დროს უთმობდნენ, ვიდრე შეტევას. პირველ ტაიმში “ქალაქელები” უკეთ გამოიყურებოდნენ, მეტსაც უტევდნენ და ანგარიშიც მალევე გახსნეს. ტევესი – მილნერი – ნასრის მახვიგონივრული კომბინაცია ფრანგის ოსტატური გოლით დასრულდა. ტაიმის ბოლოს რობერტო მანჩინის შეგირდებს კიდევ უფრო დაწინაურება შეეძლოთ, მაგრამ ჯეკოსა და ტევესის დარტყმებმა მიზანს ვერ მიაღწია. მეორე ტაიმი უფრო თანაბარი გამოდგა, თუმცა 75-ე წუთამდე არცერთ კართან სერიოზული ხიფათი არ შექმნილა. მერე კი დადგა “ტოტენჰემის” 7 წუთი. ჯერ საჯარიმოს სიახლოვეს ბეილმა მარჯვენა ფრთიდან ცაციათი რაღაც უცნაური პასი მისცა დემპსის და ამერიკელმაც გაათანაბრა, თუმცა ამ მომენტში სტუმართა დაცვა ცოტა დაიბნა. მალევე შეცვლაზე შესულმა დეფომ მეორე შეაგდო, კიდევ 3 წუთში კი გარეთ ბეილმა მესამედ აიღო მანჩესტერელთა კარი. აქ უელსელის შესახებ ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ. ტრავმის შემდეგ მინდორზე პირველად გამოჩენილი ბეილი თავიდან საკუთარ თამაშს ვერ პოულობდა, ხან ერთ ფრთაზე იყო, ხან მეორეზე, მაგრამ ამაოდ. მეორე ტაიმში კი თავის თავს დაემსგავსა, ჯერ დემპსის გაატანინა, შემდეგ კი თავად შეაგდო. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეს ადამიანი ძალიან ბევრს ნიშნავს “დეზებისთვის.” მატჩის შემდეგ მანჩინიმ თქვა: წარმოუდგენელია როგორ წავაგეთ, თამაშს 80 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით და მეორე ბურთის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. თუ დაცვაში ყურადღებით არ თამაშობ, ასეც დაგემართებაო. ანდრე ვილაშ-ბოაშმა კი თავის ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა და დასძინა: პირველ ტაიმში ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მერე ბიჭებმა შეძლეს გარდატეხის შეტანა. ამ დროს გუნდური სული ძალიან მნიშვნელოვანიაო.
Aამ წაგების შემდეგ “სიტი” ფაქტობრივად, დაემშვიდობა შარშანდელ ტიტულს. თუ ორშაბათს “მანჩესტერი” “ასტონ ვილას” მოუგებს, ვადამდე გახდება ინგლისის ჩემპიონი.
ლივერპულში კი ისეთი თამაში იყო, როგორსაც ველოდით – დაძაბულობა, გოლები, ემოციები... განა შეიძლება ბრენდან როჯერსის გუნდმა სხვაგვარად ითამაშოს? “არისტოკრატებმა” “ტოტენჰემის” მოგების ამბავი უკვე იცოდნენ და ვერმოგების შემთხვევაში ძალიან რთულ ვითარებაში ვარდებოდნენ. ამიტომ თავიდან უფრო აქტიურები ჩანდნენ და ანგარიშიც გახსნეს: მატამ კუთხური მოაწოდა და ოსკარმა თავით ახლო მაღალ კუთხეში შეაგდო. მეორე ტაიმში კი ყოფილი ჩელსელის, სტარიჯის მინდორზე გამოსვლამ სიტუაცია შეცვალა. მასპინძლებმა პირველივე წუთებზე 2 ძალიან სახიფათო მომეტი შექმნეს. ჯერ კაპიტანი ჯერარედი გაიყვანეს მეკარესთან პირისპირ და ჩეხმა ბოლო წამს ფეხით მოიგერია, მერე სტარიჯმა მოარტყა ძელს, “წითლები” დიდი ძალებით უტევდნენ და მალე სუარესის გადაცემით სტარიჯმა მაინც გაათანაბრა. მაგრამ მოგვიანებით მათთვის ძალიან უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა, ერთ-ერთი კონტრშეტევისას “ჩელსიმ” კუთხური მოაწოდა, სუარესმა საკუთარ საჯარიმოში ბურთს ხელი მოარტყა (თუ მოხვდა?!) და… აზარმა ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი. “ჩელსი” კვლავ დაწინაურდა. მასპინძელთა ჟინი ოდნავ შენელდა, მათმა შეტევებმა სიმწვავე დაკარგა. ხისტი თამაშის გამო მსაჯმა შეხვედრას 6 წუთი დაამატა და სწორედ ბოლო წამებზე სუარესმა მაინც გამოასწორა თავისი შეცდომა, ახლა უკვე სტარიჯის გდაცემაზე დაასწრო საჯარიმოში ყველას და თავურით გაათანაბრა. 2:2, რომელიც არცერთს აწყობდა.
ტოტენჰემი – სიტი 3:1 (0:1)
ლონდონი. “უაით ჰარტ ლეინი.” 36 121
ტოტენჰემი: ლორისი, ვერტონგენი, დოუსონი, ასუ-ეკოტო, უოლკერი, დემპსი, დემბელე, პარკერი (ჰადლსტოუნი 61), ბეილი, სიგურდსონი (ჰოლტბი 60), ადებაიორი (დეფო 71)
მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში
სიტი: ჰარტი, კომპანი, კლიში (ლესკოტი 90+1), საბალეტა, ნასტასიჩი, ნასრი, ბერი, მილნერი (კოლაროვი 46), იაია ტურე, ტევესი, ჯეკო (სინკლერი 83)
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
გოლები: 0:1 ნასრი (5), 1:1 დემპსი (75), 2:1 დეფო (79), 3:1 ბეილი (82)
გაფრთხილება: დოუსონი (19), ასუ-ეკოტო (48), ჰადლსტოუნი (66); იაია ტურე (12), ჰარტი (76)
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 8(3)-7(4), ჯარიმა: 11-10, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-4, კუთხური: 4-5
ლივერპული – ჩელსი 2:2 (0:1)
ლივერპული. “ენფილდი.” 45 009
ლივერპული: რეინა, კარაგერი, ჯონსონი, აგერი, ხოსე ენრიკე, დაუნინგი (შელვი 80), ჯერარდი, ლუკას ლეივა, ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო (სტარიჯი 46), სუარესი
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
ჩელსი: ჩეხი, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ასპილიკეტა, ბერტრანი, ობი მიკელი, რამირესი, აზარი (ბენაიუნი 78), ოსკარი (მოზესი 84), ფერნანდო ტორესი, მატა (ლამპარდი 90)
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
გოლები: 0:1 ოსკარი (26), 1:1 სტარიჯი (52), 1:2 აზარი (პენ, 57), 2:2 სუარესი (90+6)
გაფრთხილება: ჰენდერსონი (29), ლუკას ლეივა (54), სუარესი (56), კარაგერი (64), შელვი (82); ფერნანდო ტორესი (38), ასპილიკეტა (53)
მსაჯი: კევინ ფრენდი
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 12(11)-7(3), ჯარიმა: 8-11, თამაშგარე: 1-1, სეივი: 4-11, კუთხური: 8-5
22 აპრილი: მანჩესტერი – ასტონ ვილა
ბომბარდირები:
23 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
21 – რობინ ვან პერსი (2, “მანჩესტერი”)
18 – გარეთ ბეილი (“ტოტენჰემი”)





