საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელი საბოლოო შემადგენლობა აგვისტოს შუა რიცხვებში, ბორჯომულ შეკრებაზე დასახელდება. წინასწარი ინფორმაციით, რჩეულთა სრული განაცხადი ნაკრების მთავარ მწვრთნელს დღეს უნდა გაეხმაურებინა. ამირან ტოტიკაშვილმა ათი დღის წინ, “მსოფლიო სპორტს” ტოკიოში წამსვლელი 15 ძიუდოისტიდან 13 გაუმხილა და დარჩენილი 2 საგზურის მფლობელის ვინაობის დასახელებას 20 ივლისისთვის დაჰპირდა. მას დღესაც შევეხმიანეთ:
- გადაწყდა, რომელი ორი ძიუდოისტი შეავსებს შემადგენლობას?
- საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას აღარ ვიჩქარებთ. ორივე ადგილზე ორ-ორი კანდიდატი გამოიკვეთა და მათ შორის არჩევანს მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლოსწინა, ბორჯომულ შეკრებაზე გავაკეთებთ. იქამდე კი კარგად დავაკვირდებით. 66 კილოგრამში მინდია ხომიზური უკვე გამოიკვეთა, მეორე საგზურისთვის შალვა ქარდავა და პაატა მერებაშვილი იბრძოლებენ. 81 კილოგრამში კი ლევან წიკლაურს ან იოსებ წელაური შეუამხანაგდება, ან გიორგი შინჯიკაშვილი.
- წინა საუბრისას გვითხარით, რომ 26-31 ივლისს, ბელარუსის ერთობლივ წვრთნებში მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვან 15 ძიუდოისტს იახლებდით. ახლა როგორ მოიქცევით 66 და 81 კილოგრამებში?
- სავარაუდოდ, სტაიკების ბაზაზე წამსვლელ სპორტსმენთა რაოდენობა 18-მდე გაიზრდება. თუმცა სანამ საბოლოო პასუხს გაგცემდეთ, ფინანსური დეტალები უნდა მოგვარდეს. უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბელარუსში ხვიჩა ხუციშვილიც (81 კგ) წამოვა.
- მსოფლიოზე დასაყენებელ შიდა კონკურენციაში ხუციშვილი არ გიხსენებიათ...
- იგი სტაიკებში ინდივიდუალური დაფინანსებით მოდის.
საქართველოს ნაკრები ბაკურიანულ შეკრებას 25 ივლისს დაასრულებს. 5-დღიანი ბელარუსული ვარჯიშების შემდეგ კი ტოტიკაშვილი ისევ გაფართოებულ შემადგენლობას უხმობს და 5 აგვისტოდან 2 კვირით ბორჯომში იახლებს. დასკვნითი 10-დღიანი შეკრება კი 20-30 აგვისტოს თბილისში იგეგმება. აქედანვე გადაწყვეტილია, რომ ქართული დელეგაცია იაპონიაში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე – 2 სექტემბერს ჩავა.
დასასრულ, ამირან ტოტიკაშვილის 13 რჩეულს შეგახსენებთ: 60 კგ – დავით ასუმბანი და ამირან პაპინაშვილი, 66 კგ – მინდია ხომიზური, 73 კგ – ზაზა კედელაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი, 81 კგ – ლევან წიკლაური, 90 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი და მინდია ბოდაველი, 100 კგ – ირაკლი ცირეკიძე და ლევან ჟორჟოლიანი, +100 კგ – ადამ ოქრუაშვილი და ლაშა გუჯეჯიანი, აბსოლუტური წონა – ალექსანდრე მსხალაძე.
ოთარ მაღლაკელიძე







