საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ესპანური “მალაგას” ნახევარმცველი ჟერემი ტულალანი “რენის” ინტერესთა სფეროში მოექცა და დიდი ალბათობის, 29 წლის ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდება.
ფინანსურმა კრიზისმა ესპანური კლუბი, რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაშიც გამოდიოდა აიძულა, რომ მოთამაშეთა მასობრივ გასხვისებაზე ეფიქრა და Lექუიპე-ს ცნობით, გასაყიდთა სიაში ტულალანიც მოხვდა.
ბრეტონელებმა ამ ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს და კლუბებმა შეთანხმებასაც მიაღწიეს, მაგრამ აქ სხვა პრობლემამ იჩინა თავი. ფრანგებს იმის ფინანსური საშუალება არ აქვთ, რომ ჟერემის მადა დააკმაყოფილონ და მას ისეთივე ყოველწლიური ანაზღაურება შესთავაზონ, როგორიც “მალაგაში” ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები გრძელდება და შესაძლოა, მხარეები შეთანხმებამდე მაინც მივიდნენ. “ლიონის” ყოფილმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ეროვნულ გუნდში ტულალანმა 2006 წლიდან დღემდე 36 თამაში ჩაატარა.







