ჭიდაობა

10:11 | 8.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

თურმანიძემ საევროპო შვიდეული ჩამოწერა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. შვიდეული, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს 2010 წლის ჩემპიონებმა შეავსეს. წინასაევროპო დასკვნით შეკრებას მოჭიდავეები დუშეთში კვირის ბოლოს დაასრულებენ და აზერბაიჯანში გაემგზავრებიან. ევროპის ჩემპიონატს ბაქო 13-18 აპრილს უმასპინძლებს და თავისუფალი სტილის მიმდევრები პირველ-მეორე დღეს გამოავლენენ ჩემპიონ-პრიზიორებს. მომდევნო 2 დღე ქალებს დაეთმობათ, წერტილს კი ბერძენ-რომაელები დასვამენ, 17-18 აპრილს.
ქართული გუნდი ევროპირველობაზე ყველაზე ტიტულოვანი წევრის, რევაზ მინდორაშვილის (84 კგ) გარეშე გამოვა. ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი რომ გუნდს ვერ დაეხმარებოდა, სეზონის დაწყებისთანავე გახდა ცნობილი. მიზეზი ავადმყოფობაა. მინდორაშვილს მკურნალობის გამო სანაკრებო შეკრებები და საერთაშორისო ტურნირები გაუცდა და ევროხალიჩაზე გასვლის შანსიც სეზონის დასაწყისშივე გამოირიცხა. ერთხანს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი გოგშელიძის (96 კგ) ჭიდაობაც საეჭვო იყო. მას პირველი ბაკურიანული შეკრება ტრავმამ ჩაუგდო, მაგრამ ბოლო ორ შეკრებაში მაქსიმალურად დაიტვირთა და როგორც თავად ამბობს, დანაკლისის ანაზღაურებაც მოასწრო.
ოლიმპიურ პრიზიორ ოთარ თუშიშვილს (66 კგ) ფეხის ტკივილმა დასკვნითი შეკრების ძირითადი ნაწილი გააცდენინა. სულ რაღაც ერთი კვირის წინათ მთავარი მწვრთნელი ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, რომ ოთარი ბაქოში გამგზავრებამდე მოასწრებდა გამოჯანმრთელებას, მაგრამ... “სამშაბათს დუშეთის ბაზის საჭიდაო დარბაზში სპარინგ-შეხვედრები ჩავატარეთ და მასში მონაწილეობა თუშიშვილმაც მიიღო. იქამდე, იგი გორში ინდივიდუალურად ემზადებოდა და პარალელურად მკურნალობდა, ჩვენ კი, უკვე შემცვლელზე ვფიქრობდით, მაგრამ საბედნიეროდ, ცვლილების განხორციელება აღარ დაგვჭირდა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), მალხაზ ზარქუა (60 კგ), ოთარ თუშიშვილი (66 კგ), გელა საღირაშვილი (74 კგ), არჩილ ქიტიაშვილი (84 კგ), გიორგი გოგშელიძე (96 კგ) და დავით მოძმანაშვილი (120 კგ) იჭიდავებენ” – განუცხადა თურმანიძემ “მსოფლიო სპორტს”.
13 აპრილს, ევროპის ჩემპიონატზე მედლები 55, 66, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ხოლო 14-ში, ხალიჩაზე 60, 74 და 96-კილოგრამიანი მოჭიდავეები გავლენ.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.089835