ჭიდაობა

20:45 | 29.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

თურმანიძემ შვიდეული შეარჩია, დარჩია დღე-დღეზე იტყვის

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შვიდეული დაასახელა. 6-9 მარტს, ბელგრადში, ქართული გუნდი თითქმის უძლიერესი შემადგენლობით გავა ლეიბზე. ოპტიმალურ განაცხადს მხოლოდ 55 კილოგრამში მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დააკლდება, რომელსაც ევროპირველობიდან თვენახევარში ლონდონის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი ელის. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა თურმანიძემ, ხინჩეგაშვილი ზედმეტი წონის დაკლებით ამ ეტაპზე არ დატვირთოს. უმსუბუქეს წონაში ბესიკ გუჩაშვილი იჭიდავებს.
მალხაზ ზარქუამ (60 კგ), დავით ხუციშვილმა (74 კგ), დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) და დავით მოძმანაშვილმა (120 კგ) ოლიმპიადის ლიცენზიები მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე მოიპოვეს და ამ მხრივ სანერვიულო აღარაფერი აქვთ. ევროპირველობაზე ოთხივე მათგანი იჭიდავებს. 66 კილოგრამში ქართულ განაცხადში ოთარ თუშიშვილია შეყვანილი, ხოლო 96-ში – გიორგი გოგშელიძე.
აქვე ევროგანრიგიც: თუშიშვილი და გოგშელიძე საქმეში პირველები ჩაერთვებიან - 6 მარტს კონტინენტის ჩემპიონ-პრიზიორები სწორედ 66 და 96 კილოგრამებში გამოვლინდებიან. 7 მარტს – 55 და 60 კილოგრამებში, 8-ში – 74 და 120 კილოგრამებში, ხოლო 9-ში – 84 კილოგრამში.
მას შემდეგ, რაც თავისუფალი სტილის მიმდევრები სამეულებს შვიდივე წონაში დანომრავენ, ლეიბი ბერძენ-რომაელებს დაეთმობათ, ოღონდ მხოლოდ ორი დღით. ამ სტილში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჯერ უცნობია. მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.
ევროპის ჩემპიონატზე სავარაუდოდ კლასიკოსთა გუნდის ერთადერთი ლიცენზიანტი წევრი მანუჩარ ცხადაიაც იჭიდავებს, ოღონდ ალბათ ერთი წონითი კატეგორიით მაღლა – 74 კილოგრამში. ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია კი ამჯერად არ დაიტვირთება და სალიცენზიო ტურნირებისთვის მოემზადება.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები წინასატურნირო დასკვნით შეკრებას დუშეთში გადის, ბერძნულ-რომაული სტილის მიმდევრები კი ბორჯომში არიან დაბანაკებულნი.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.096923