საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები თურქეთში გაემგზავრა. 11-13 თებერვალს, სტამბოლი იაშარ დოგუს სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ზაზა თურმანიძე შემადგენლობის საქართველოს მოქმედი ჩემპიონებით დაკომპლექტებას რომ აპირებდა, ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ჯერ კიდევ საქართველოს პირველობის დასრულებისთანავე უთხრა. ასეც მოიქცა, მაგრამ ერთი გამონაკლისის დაშვება მაინც დასჭირდა. 66 კილოგრამში თურქულ ხალიჩაზე ოქროსმედალოსან ცოტნე ბარამიძის ნაცვლად, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებს – ილია ხუციშვილსა და კობა კაკალაძეს გაიყვანს.
ცოტნე ბარამიძეს საქართველოს სახელით ჭიდაობის უფლებას ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია არ აძლევს. მკაცრი სანქციის მიზეზად, ფილამ მოჭიდავისგან მოქალაქეობის ორჯერ შეცვლა დაასახელა. 2007 წელს, ბარამიძემ ყაზახეთში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება, მაგრამ ამ ქვეყნის სახელით არც ერთ უმაღლესი რანგის შეჯიბრებაში არ მიუღია მონაწილეობა. რამდენიმე წელიწადში ისევ უკან დაბრუნდა. პრობლემა არც ყაზახებისგან შექმნია, მაგრამ... ფილამ ახალი კანონი მოიშველია, რომლის თანახმადაც, მოქალაქეობის შეცვლა მხოლოდ ერთხელ შეიძლება.
საერთაშორისო ფედერაციიდან საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში გადმოგზავნილი განმარტებითი ბარათის თანახმად, ქართულ მხარეს გასაჩივრების უფლება აქვს, მაგრამ ძალიან საეჭვოა, სააპელაციო კომიტეტმა რაიმე შეცვალოს. აქედან გამომდინარე, 24 წლის ნიჭიერ სპორტსმენს ორი მძიმე არჩევანიღა რჩება – ან ისევ ყაზახეთის სახელით იჭიდაოს, ან კარიერა დაასრულოს. შეგახსენებთ, ეს ის მოჭიდავეა, რომლის მამაც რამდენიმე წლის წინ, სტეფანწმინდაში, ტურნირზე შვილის (ცოტნეს ძმის, არჩილის) ქომაგობისას გარდაიცვალა.
ცოტნე ბარამიძის საქმის მიმდინარეობის შესახებ, “მსოფლიო სპორტი” უახლოეს მომავალში აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას. ამჯერად კი, ისევ მომავალ ტურნირს დავუბრუნდეთ. უკვე შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ჩემპიონატზე (დორტმუნდი. 29-30 მარტი) წამსვლელი ქართული შემადგენლობა ძირითადად, იაშარ დოგუს განაცხადში შეყვანილი მოჭიდავეებით დაკომპლექტდება. ტიტულოვანი სპორტსმენები: ოთარ თუშიშვილი (66 კგ), რევაზ მინდორაშვილი (84 კგ) და გიორგი გოგშელიძე (96 კგ) სავარაუდოდ, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთვებიან.
აქვე, თურქეთში გამგზავრებული ქართული დელეგაცია:
55 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
60 კგ - მალხაზ ზარქუა
66 კგ - კობა კაკალაძე და ილია ხუციშვილი
74 კგ - დავით ხუციშვილი
84 კგ - დავით მარსაგიშვილი
96 კგ - ბელდუხ გავაშელიშვილი
120 კგ - დავით მოძმანაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ზაზა თურმანიძე
მწვრთნელები: დავით ხურცია და ალექსანდრე კახნიაშვილი
მსაჯი: ზაზა ჯიბლაძე
ოთარ მაღლაკელიძე







