მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასს ძალიან გაუმართლა, როდესაც მისმა თანაგუნდელმა კოლეგებმა ტრავმები მიიღეს და პირტიტველა ბიჭს “სამეფო კლუბის” კარის დაცვა მოუხდა. იკერი არ დაიბნა, საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინა და მას შემდეგ იმდენი მოახერხა, რომ “რეალის” კაპიტანი გახდა.
ყველა დიდი ფეხბურთელის მიმართ, პრესა უდიდეს ინტერესს იჩენს და გამონაკლისი არც იკერ კასილასია. მისი ბავშვობის დროინდელი დეტალებით მადრიდის “რეალის” ტელევიზია დაინტერესდა და კაპიტანმაც სტუდიას მიაშურა. სანამ კასილასი ეთერში გავიდოდა, Ronan Keating-ის სიმღერა When you say nothing at all გაჟღერდა და საუბარიც გაჩაღდა:
- ეს თქვენი საყვარელი სიმღერაა, საუნდტრეკი ფილმიდან “ნოთინგ ჰილი”. ძალიან რომანტიულია...
- ჩემი აზრით, ზღაპრული ფილმია. მე ის თავიდანვე ძაან მომეწონა. ჰიუ გრანტმა როლი ბრწყინვალედ შეასრულა და სიმღერაც მშვენიერია.
- შესაძლებელია, რომ ადამიანი 21-ე საუკუნეში რომანტიკოსი იყოს?
- რა თქმა უნდა. რომანტიკა ყველა ჩვენგანში ცხოვრობს, მაგრამ აუცილებელია დამატებითი შინაგანი გრძნობა, რათა ასეთი გახდე.
- ჰიუ გრანტის ის პერსონაჟი, ერთ დროს თქვენს ცხოვრებაში გაცოცხლდა. 18 წლის ასაკში კარი გააღეთ და იქ უამრავი ფოტოგრაფი დაგხვდათ...
- მუდამ ვამბობდი, რომ პოპულარული ადრეულ ასაკში, 18 წლისა გავხდი. სულ რაღაც 4-5 თვის განმავლობაში, მესამე ლიგის გუნდის მოთამაშისგან მადრიდის “რეალის” ძირითად კარის დარაჯად ვიქეცი. რამოდენიმე ასეული მაყურებლის თვალწინ თამაშიდან, უცებ “სან მამესზე” 50 ათასი გულშემატკივრის წინაშე წარვდექი. ძალიან ახალგაზრდამ დავიწყე და ეს მარტივი სულაც არ იყო.
- შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თქვენი ცხოვრება ფილმის პერსონაჟის ცხოვრებას გავს?
- დიახ და ყოყმანიც არაა საჭირო. ხშირად მიფიქრია, რომ ჩემს ცხოვრებაზე ფილმის გადაღებაც შეიძლება. იმდენი განსხვავებული ისტორია დამიგროვდა, პირადი და პროფესიული, ბედნიერი დასასრულით... არა, ჯერ ყველაფერი დასრულებული არაა, მაგრამ უკვე საკმარისზე მეტია.
- ათიოდე წლის წინათ თუ წარმოიდგენდით, რომ თქვენ ასეთი პოპულარული გახდებოდით?
- სიმართლე გითხრათ, 12-13 წლის ასაკში ვფიქრობდი, რომ “რეალის” ძირითად გუნდში ვითამაშებდი. როდესაც მამას “ბერნაბეუზე”, “ბილბაოს”, ან “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ გამართულ მატჩებზე დავყავდი, ვფიქრობდი, რომ ერთ დროს მოედანზე მეც გავიდოდი. საკუთარი თავი ცხადლივ წარმომედგინა და მეგობრებისთვის ავტოგრაფებიც მაქვს დარიგებული, იმ განზრახვით, რომ ერთ დროს ეს ავტოგრაფი ძვირად დაფასდებოდა.
- მამას ეუბნებოდით, რომ დადგებოდა დრო და თქვენ “სანტიაგო ბერნაბეუზე” ითამაშებდით?
- არა, ბავშვობაში უფრო გულჩათხრობილი ვიყავი. ახლა ბევრად გულღია ვარ, რადგან გავიზარდე და უფრო ჭკვიანი გავხდი. თუმცა, საკუთარი თავის რწმენა არასდროს დამიკარგავს და ზუსტად ვიცოდი, რომ რაღაცის მიღწევა შემეძლო.
- იმის დრო თუ გქონდათ, დამტკბარიყავით იმით, რასაც მიაღწიეთ?
- არა. ვფიქრობ, როდესაც საფეხბურთო კარიერას დავასრულებ, ყველაფრის დრო მექნება. ამის გაკეთება რთული იქნება, რადგან ბურთს 9 წლის ასაკიდან ვაგორებ და ხელთათმანებიც მას შემდეგ მიკეთია. დარწმუნებული ვარ, როდესაც ფეხბურთის თამაშს შევეშვები და უკან მოვიხედავ, საამაყო ბევრი მექნება.
- რომელი იყო საუკეთესო რჩევა, რომელიც მშობლებმა მოგცეს და რომლის წყალობითაც უცაბედმა წარმატებამ თავი არ დაგაკარგვინათ?
- განსაკუთრებული არაფერი უთქვამთ. მათ უბრალოდ მიზეზიც არ გაჩენიათ, რომ დავესვი და ეთქვათ - “ასე მოიქეცი, ასეთი რამ კი, არასდროს გააკეთო”. პრობლემური ბავშვი არასდროს ვყოფილვარ. შემიძლია ათასობით სახალისო ისტორია მოვყვე, რომელიც 12-დან 14 წლის ასაკის პერიოდში დამემრთა, მაგრამ მშობლები ჩემს გამო არასდროს შეწუხებულან. ეს იმიტომ, რომ მუდამ დამოუკიდებელი ვიყავი და ძალიან მოკლე პერიოდში გავიზარდე.
- პიროვნული თვალსაზრისით რამდენად შეიცვალეთ?
- ზუსტად ისე, რამდენადაც შეიცვლებოდა ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ დღე გაკრიტიკებდნენ, ხშირად ჩნდებოდეთ ტელეეკრანზე ან თქვენი ფოტო მუდამ გაზეთის პირველ გვერდებზე იყოს. ადამიანები, რომლებიც სახლში სხედან, ჩემს ზრდას თვალს ადევნებენ და ზოგი საკუთარ ბიჭსაც მამსგავსებს. პირველ გუნდში 16 წლისა გამოვჩნდი, ახლა 29 წლის ვარ, ასე რომ, ეს ყველაფერი უკვე 13 წელიწადია გრძელდება.
- კასილასების ოჯახი რამდენად შეიცვალა?
- ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ოჯახის წევრები შეცვალნენ. თუმცა, მამაჩემს აღარ უწევს დილის ექვს საათზე გაღვიძება, რათა სამსახურში წავიდეს. ის თავისი სამუშაოთი ამაყი იყო, მაგრამ ახლა პენსიაზეა. დედაჩემი ოჯახის ყველაზე მშვიდი წევრია, ხოლო ჩემი ძმა ოჯახის “გონებაა”. გამიმართლა, რომ ფეხბურთის თამაშის ნიჭი აღმომაჩნდა, ჩემი ძმა კი, უმეტესად გონებრივად შრომობს, სწავლობს. ის ინგლისურად და ფრანგულად თავისუფლად საუბრობს და მოგზაურობა უყვარს. დარწმუნებული ვარ, როდესაც ფეხბურთის თამაშს თავს დავანებებ, კასილასების მთელი ოჯახი მის ხარჯზე იცხოვრებს.
- როგორც ჩანს, თქვენი ძმა თქვენი სისუსტეა. სახე გეცვლებათ, როდესაც მასზე საუბრობთ.
- ეს კითხვა არ მომეწონა (იღიმება), და მაინც, ის ჩემი სისუსტეა... ჩემი ძმა ჩემზე 8 წლით უმცროსია. როდესაც ის იმ ასაკს მიაღწქევს, რამდენისაც ახლა მე ვარ, ჩვენი ურთიერთობა სულ სხვანაირი იქნება. მუდამ კარგად ვუგებდით ერთმანეთს. ძნელია, როდესაც ფეხბურთელი ძმა გყავს და მასზე ყველა საუბრობს, ვისაც არ ეზარება, მაგრამ ამ პრობლემას თავი ფენომენალურად გაართვა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყველაფრის შემდეგ, რაც მან გაიარა, მისით მოხიბლული ვარ. მასზე მუდამ ამბობდნენ, რომ იკერ კასილასის ძმაა, მაგრამ ამ ყველაფერს ალღო საუკეთესოდ აუღო და ამისათვის მისი მადლობელი ვარ.
- ძმისგან რჩევა თუ მიგიღიათ?
- ამას რჩევას ვერ დავარქმევ, უბრალოდ, ძმისგან ყოველდღიურად რაღაც ახალს ვსწავლობ. ის სერიოზულია და პასუხისმგებლობის ამაღლებული გრძნობა გააჩნია. ამით ჩვენ ერთმანეთს სულაც არ ვგავართ. ის ჩემზე ბევრად მშვიდი ადამიანია და ამით მისაბაძი მაგალითია. მას თავისი საქმე უყვარს. მისგან განსხვავებით, მე ბევრს ვიცინი, მიყვარს ახლობლებთან ურთიერთობა და ხუმრობა. ანეკდოტების მოყოლა არ მეხერხება, მაგრამ შარმი მაქვს. სკოლაში ერთ-ერთ საუკეთესო ხუმარად ვითვლებოდი და ყოველთვის მიიჩნევდნენ, რომ ჩემთან არ მოიწყენდნენ.
- რა გირჩევნიათ, სიურპრიზი შემოგთავაზონ, თუ თქვენ გააოცოთ სხვები?
- მე მიყვარს სიურპრიზების მოწყობა. ყურადღების ცენტრში მოქცევა არ მსიამოვნებს. მირჩევნია სხვას ვასიამოვნო და მათ ბედნიერ სახეებს ვუყურო.
- უკანასკნელად რა სასიამოვნო საქციელი ჩაიდინეთ?
- არ ვიცი, არ მახსოვს. შესაძლოა, რომელიმე ბავშვს ჩემი მაისური ვაჩუქე. არსებობს შეუმჩნეველი, თუმცა სასიამოვნო ჟესტები. ადმიანების მიმართ მუდამ ყურადღებიანი ვარ.
- საკუთარ თავს განსაკუთრებულად მიიჩნევთ?
- ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიყო ის, რაც ვარ. ბევრი მეუბნება, რომ სულაც არ შევცვლილვარ. გამიმართლა, რომ მადრიდში დავიბადე, ოჯახი და მეგობრები აქ მყავს და იმისათვის, რომ ჩემი ცხოვრების კლუბ მადრიდის “რეალში” მეთამაშა, საცხოვრებლის შეცვლა არ მომიწია. ამ პრივილეგიით უნდა დავტკბე. ყველა ჩემს თანაგუნდელს როდი გაუმართლა, მათი ოჯახები სხვა ქალაქებში ცხოვრობენ.
- როგორი ბავშვი იყავით?
- ჩაკეტილი. მადრიდში მოგზაურობა დიდ ენერგიას მართმევდა. ყოველდღიურად მამის ავტომობილით 30 კილომეტრის გავლა მიწევდა. წარმოიდგინეთ რამხელა ფული იხარჯებოდა საწვავში და შესაძლოა, ისე მომხდარიყო, ეს დანახარჯი ფუჭი აღმოჩენილიყო. მაგრამ მე გამიმართლა და მშობლების ვალი უკვე დავფარე.
- რაზე ესაუბრებოდით მამას ამ ხანგრძლივი მოგზაურობების პერიოდში?
- ბევრ რამეზე ვსაუბრობდით. ძირითადად ფეხბურთზე. მას ფეხბურთი ძალიან უყვარს, რჩევებს მაძლევდა და მომთხოვნი იყო. მეუბნებოდა - ეს კარგად გამოგდის, აქ კი მომატება გჭირდება. როდესაც ყველაფერი კარგად გამომდიოდა, მაშინ ხმას არ იღებდა.
- როდის გაათვითცნობიერეთ, რომ თქვენი ოცნება - პირველ გუნდში თამაში მალე რეალობად იქცეოდა?
- პირველ გუნდამდე ჩემი გზა ერთგვარად ზღაპრული აღმოჩნდა. თანაგუნდელმა ტრავმა მიიღო და ტოშაკის ხელმძღვანელობით “რეალში” ჩემი დებიუტი შედგა. 17 წლის ვიყავი და “კასტილიას” ღირსებას ვიცავდი, როდესაც მივხვდი, რომ ოცნების ახდენას ბევრი აღარ უკლდა. კვირაში ერთხელ ძირითად გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი. მაქსიმუმს ვაკეთებდი, რათა ის სეზონი საუკეთესო ყოფილიყო და “კასტილიას” პირველ ნომრად და პირველი გუნდის მესამე მეკარედ ვიქეცი.
- ეს დიდი ხნის წინ მოხდა?
- დიახ, მაგრამ თითქოს გუშინდელი ამბავი იყოს. მამაჩემს ყველა ის სტატია აქვს ამოჭრილი და შენახული, რომელიც ჩემს შესახებ ქვეყნდებოდა.
- ხალხს უყვარს იკერ კასილასი, როგორც ფეხბურთელი, მაგრამ უფრო მეტად უყვართ, როგორც ადამიანი...
- ეს უმთავრესია. მათ შეუძლიათ ჩემზე ყველაფერი თქვან, როგორც კიპერზე, მაგრამ მე მსურს, რომ დამიმახსოვრონ, როგორც ადამიანი.
- რა არის ყველაზე კარგი იკერ კასილასში?
- არ ვიცი. მუდამ ვცდილობ, რომ წესიერი ადამიანი ვიყო. როდესაც დასაძინებლად ვწვები და განვლილ დღეს ვიხსენებ, თუ რაიმე არ მომწონს, დაძინება მიჭირს.
- ტყუილს ვერ იტანთ?
- დიახ, მაგრამ უფრო არ მომწონს, როდესაც ხალხი ტყუილით ცხოვრობს. ცუდი ადამიანები მაღიზიანებენ. ვფიქრობ, ადამიანის გამოცნობა შეხედულებითაც შეიძლება და მატყუარებს ვიზუალურადაც ვცნობ.
- აღიარება კარგია თუ ცუდი?
- მე აღიარებას სპორტსმენობით მივაღწიე. ცნობილი არ ვარ, მე სპორტსმენი ვარ. არის რაღაც ისეთები, რასაც ვერასდროს გავიგებ.
- რისი მიღწევა გსურთ?
- მინდა, რომ დამიმახსოვრონ, როგორც კარგი ადამიანი და კარგი სპორტსმენი. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც, მსურს, რომ ამ სფეროში ვიმუშაო. მინდა ახალგაზრდებს დავეხმარო და ვასწავლო ის, რასაც თავის დროზე მე მასწავლიდნენ.
- რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?
- ვისურვებდი, რომ ერთი დღე ან ერთი კვირა ჩვეულებრივი ადამიანივით მეცხოვრა. გამესეირნა ისე, რომ კამერებს ჩემთვის ყურადღება არ მოექციათ.
- რას დარდობთ და რომელია ისეთი საქციელი, რაც ყველაზე მეტად არ მოგეწონათ?
- ბავშვობის ზოგიერთ საქციელს ვინანიებ. დედა ბევრჯერ გამიბრაზებია. მას საკერავი მანქანა გავუფუჭე. მან მცემა და გავიქეცი. მერე მაკრატლით თითი გავიჭერი და მას სასწრაფო მანქანის გამოძახება მოუხდა. ბავშვობაში ხშირად ვმაიმუნობდი. ერთ დღეს მაღაზიიდან ტკბილეული მოვიპარე, დამიჭირეს და მშობლები ერთი კვირა სახლიდან არ მიშვებდნენ...
- მთლიანობაში კარგი ბავშვი იყავით?
- მთლიანობაში კი.
- ფეხბურთმა უფრო მეტი წაგართვათ ვიდრე შეგძინათ?
- არა, ფეხბურთმა ძალიან ბევრი მომცა და ჩემი ცხოვრების უმთავრეს ნაწილად იქცა.
- რა ღირსებით უნდა იყოს ადამიანი დაჯილდოვებული, რომ “რეალის” კაპიტანი გახდეს?
- უმთავრესია პასუხისმგებლობის შეგრძნება, არ უნდა ეშინოდეს ლიდერობის და გუნდის ინტერესებს ყოველთვის იცავდეს. კარგად უნდა ერკვეოდეს კლუბის საქმეებში და მისი სახელი მუდამ ღირსეულად წარმოაჩინოს. ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა - სანჩესი, იერო, რაული, გუტი და ძალიან გამიმართლა.
- რას ნიშნავს თქვენთვის მადრიდის “რეალი”?
- ეს ჩემი ცხოვრებაა. 8 წლის ვიყავი, როცა ამ გუნდის წევრი გავხდი, ახლა კი 29 წლის ვარ. ამ განვლილი პერიოდის ყველა ეპიზოდი მახსოვს და ძალიან გამიჭირდება მისი დატოვება.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა









