“ნამდვილი ბომბარდირი ყველგან ბომბარდირია!” – ეს ერთი შეხედვით, უაპელაციო ჭეშმარიტება, ერთი გუნდიდან მეორეში გადასულმა ბევრმა ცნობილმა ფეხბურთელმა ვერ დაამტკიცა, რადგანაც, იყო ნამდვილი ბომბარდირი, უპირველესად, ეს ნიშნავს იმას, რომ შენთვის გავლენა არ უნდა იქონიოს არც ახალ კლუბში არსებულმა განსხვავებულმა გარემომ და არც სხვა ფაქტორებმა. მეგოლისათვის, მხოლოდ მწვანე მინდორი და მოწინააღმდეგის კარი უნდა არსებობდეს! და სწორედ ამიტომ, განურჩევლად ეროვნებისა და საგულშემატკივროდ ამოჩემებული გუნდებისა, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ რაულ გონსალეს ბლანკო, ჭეშმარიტად დიდი ბომბარდირია და მისი მსგავსნი, სულ თითებზე ჩამოითვლებიან ჩვენს პლანეტაზე.
როდესაც რაული მშობლიური “რეალიდან” წავიდა თუ გაუშვეს, (თუმცა ეს, ამ შემთხვევაში, ერთი და იგივეა..) ბევრი ფიქრობდა, რომ გონსალეს ბლანკოს მზე უკვე ჩასვენებული იყო და ლეგენდარული მადრიდული გიგანტიდან საშუალო (ნუ გვიწყენენ გელზენკირხენელთა ქომაგები) გერმანულ კლუბში, შალკე 04”-ში წასვლა, რაულის სიბერესთან შეგუებას ნიშნავდა. მით უმეტეს, რომ რაულს ესპანეთსგაღმა არასოდეს ეთამაშა. მაგრამ ყველა დაეჭვებულს, “კოვზი ნაცარში” რაულის “შალკეში” ჩატარებული პირველივე მატჩების დროს ჩაუვარდა, როდესაც ამ საოცარმა კაცმა ისეთივე გულმოდგინებით დაიწყო ”ჰამბურგისა” თუ “ვერდერის” კარის დალაშქვრა, როგორც ამას ადრე ”ლევანტესთან”, ან “ვილიარეალთან” შეხვედრებში აკეთებდა და რაც მთავარია, რაული გერმანიაში ათამაშდა სწორედ ისეთი შემართებით, როგორიც ჩვენ ის ჯერ კიდევ მისი ჯეელობისას, კარიერის გარიჟრაჟზე გვახსოვს. უცნაურია, მაგრამ მას შემდეგაც კი, რაც რაული “რეალის” უდავო სიმბოლო და თილისმა გახდა, ამ ფეხბურთელს მოკრიტიკეები მაინც ბლომად ჰყავდა. მახსოვს, ხუთი წლის წინ, ერთ-ერთი რუსი კომენტატორი როგორ ყვავივით დასჩხაოდა გონსალეს ბლანკოს და როგორ ადანაშაულებდა იმაში, რომ თითქოს, რაულს მოწინააღმდეგის საჯარიმოდან უკან ჩამოსვლა ეზარებოდა და მოწინააღმდეგეებთან ორთაბრძოლაში შესვლას ერიდებოდა. კონკრეტულ მატჩებში ბევრი რამ მომხდარა და ყველას გვახსოვს იშვიათი შეხვედრები, როდესაც ორთაბრძოლების დროს, საკუთარ ფეხებს, სხვათა ფეხების მმუსვრელი ედგარ დავიდსიც კი უფრთხოლდებოდა. არაფერია უცნაური იმაში, რომ კონკრეტულ მატჩში რაულსაც შეშინებოდა ვერზილა მცველთან შეჭიდების, მაგრამ ვინც კი ”შალკე”-“ინტერის” გელზენკირხენული შეხვედრა იხილეთ, დამეთანხმებით, რომ რაულმა თავისზე ბევრად ახალგაზრდებზე მეტიც ირბინა და უკან, საკუთარ საჯარიმოში ჩასვლის დროს ისე დაშხოშიანად ჯაჯგურობდა, უმოჯაჯგურეს ჯენარო გატუზოსაც კი გაკვირვებისაგან თვალებს გადმოაკარკვლინებდა.
რაული რომ ჭეშმარიტი ბომბარდირია, ეს აქამდეც არაერთხელ დადასტურდა და ამაზე ჩემპიონთა ლიგაზე მის მიერ გატანილი უამრავი გოლიც მოწმობს, მაგრამ ერთია, როდესაც ამ გოლებს ფერნანდო რედონდოსა და ზიდანის მხარდამხარ მოთამაშეს გაგაქვს და სულ სხვაა, როცა იმავეს ”შალკეს” მაისურით აკეთებ, სადაც რედონდოს დონის ვარსკვლავებს, უბრალოდ, ვერ ნახავ. ერთადერთი, რაც ქართველ ქომაგს გულში გვკენწლავს, ეს “შალკეს” ხსენებულ მაისურზე დატანილი დამთრგუნველი წარწერა – ”გაზპრომია”, მაგრამ რაული ამ ავადასახსენებელი რუსული კომპანიის მენეჯერი, ან მათთან კონტრაქტის გამფორმებელი გერმანელი საფეხბურთო ფუნქციონერი ნამდვილად არ არის, რამეში რომ დავადანაშაულოთ. რაული რაულია, ამ სახელის სრული ტევადობით და რაოდენ გულსატკენია, რომ ამ საოცარ კაცს, ესპანეთის ნაკრების შარშანდელი ტრიუმფის გაზიარება არ ხვდა წილად და ოდენ, რიგითი ესპანელი ქომაგის სიხარულით დაკმაყოფილდა.
თუ რატომ არ წაიყვანა რაულ გონსალესი დელ ბოსკემ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ეს მისი საქმეა და ძნელია, ტრიუმფატორ “ულვაშას” რაიმე ბრალდება წაუყენო, როდესაც მან სრულიად ესპანეთი აქამდე არნახულ სიხარულს – მსოფლიოს ჩემპიონობას აზიარა. მაგრამ ვითომ ისეთი რა დაშავდებოდა, რომ სხვა “ფურია როხოელებთან” ერთად, რაულსაც მოეპოვებინა ყველა ესპანელისათვის ესოდენ ნანატრი მსოფლიო თასის მფლობელის ტიტული? განა, რა დაშავდებოდა იმით, რომ რაულსაც (თუნდაც სულ მცირე ხნით, ანუ სიმბოლურად) დაედგა ფეხი სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე. ჩვენ აბა, რას შევცვლით, ან რა შეგვიცვლია, მაგრამ უსამართლობა და გულსატკენია, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ვერ ეღირსნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც: რაული, ვან ბასტენი, ბაჯო, კრუიფი, მალდინი, ბატისტუტა, პლატინი და სხვები არიან... თუმცა, როდესაც რაულს “რეალიდან” უშვებენ, სამართლიანობაზე სერიოზულად საუბარი არც ღირს...
ლევან სეფისკვერაძე







