ამასწინათ პელეს, დი სტეფანოს და მეტიუზის წიგნები გადავიკითხე. არ მახსოვს, მგონი, მეხუთედ თუ მეექვსედ. დასაწყისი სამივე წიგნში ერთნაირია – იმაზე, თუ როგორ იზრდებოდნენ ეზოში, როგორ ამტვრევდნენ მეზობლების სახლის ფანჯრებს, როგორ იპარებოდნენ ხოლმე მოშორებით მდებარე სტადიონზე, სადაც აღმართ-დაღმართი არ იყო და ოთხი ქვისგან ორი “კარის” გაკეთება შეიძლებოდა. ტყავის ბურთიც იშვიათად ჰქონდათ, რეზინის თუ ჭინჭის ბურთებით თამაშობდნენ, მაგრამ ხომ თამაშობდნენ?
ან რაღა ბრაზილიაში, არგენტინაში და ინგლისში მივდივართ. რაღა უდიდესი ვარსკვლავების ამბებს ვყვებით - ასე არ იყო საქართველოშიც? ოღრო_ჩოღრო, ალაგ-ალაგ ასფალტაყრილ იტალიურ ეზოებში ტევა არ იყო. ბავშვები ცალკე, ყმაწვილები ცალკე, ბიძაკაცები ცალკე... მიდიოდა თამაში ზოგჯერ დილიდან დაღამებამდეც კი. ის იტალიური ეზო ჩვენთვის “უემბლი” და “მარაკანა” იყო.
რა, ოცი-ოცდახუთი წლის წინ არ ჭირდა ბურთები? ბევრს არ ჰქონდა და იყო შემთხვევები, ჰქონდათ, მაგრამ ეზოსთვის არ ემეტებოდათ. ზოგჯერ ავ მეზობელს ბურთი დაუჭრია...
როგორც 90-იან წლებში პურის, ყველის და კარაქის რიგები იყო, ისე ეზოშიც, გუნდები “ოჩერედში” ვიდექით. ერთი სული გვქონდა, ერთ გუნდს მეორესთან წაეგო, რომ ჩვენ შევვარდნილიყავით სათამაშოდ. გართობა, აზარტი, გამარჯვება გვწუროდა. ბრაზიანი დეიდების და ბებიების წყევლა-კრულვა ვერაფერს გვაკლებდა, მათ ვინ უსმენდა – ბურთი ყველაფერს გვავიწყებდა, ჭკუას გვაკვარგვინებდა.
სად წავიდა ეს ყველაფერი? დღეს რომ თბილისი სავსეა ხელოვნურსაფარიანი მოედნებით, ასეთი მთელ უბანში ერთი მაინც რომ გვქონოდა, იქიდან ვერ გამოგვიყვანდნენ.
და როგორი სიცარიელეა ამ მოედნებზე, რომლებზეც ბავშვობაში ვერც ვინატრებდით. გულდასაწყვეტია, უყურებ ამ მწვანე ხელოვნურსაფარიანს და ბურთი არ ჩანს, ბიჭუნა არ ჩანს, ჟრიამულზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. სამაგიეროდ, შეგიძლია ამ მოედანზე შეაიარო და ერთ დღეში დაისწავლი ძაღლის ჯიშებს. დადიან ქალები და კაცები, ასეირნებენ თავიანთ ოთხფეხებს. ეს კიდევ კარგი, ჭუჭყიან შპრიცებს თუ არ გადააწყდებით, მადლობა უნდა თქვათ.
ისეც არ გავიგოთ, თითქოს “ბოქსიორებმა” და “სპანიელებმა” მოსპეს ეზოს ფეხბურთი. უბრალოდ, ბავშვებისთვის ფეხბურთი ნომერ პირველი გასართობი აღარაა, რაშიც მშობლებიც არიან დამნაშავეები. მათ ურჩევნიათ, შვილი წყნარად იჯდეს “ლეპტოპთან” და კომპიუტერში გაჰქონდეს გოლები, ვიდრე ეზოში.
მასობრიობა აღარ არის. არადა, ეზოს ვერაფერი შეცვლის, ეზოს ფეხბურთი სხვა ფეხბურთია, ლაღი და თავისუფალი, ჩარჩოებს მიღმა, ყოველგვარი ტესტებისა და რეჟიმების გარეშე. ეზოში უფრო ისწავლი “პად სებიებსა” და ეშმაკურ ფინტებს.
ეზოში, რომელმაც უბურთოდ მოიწყინა.
ილია ნანობაშვილი









