ინტერვიუები

13:04 | 26.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

უჩა გოგოლაძე: “ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად, ბევრი მუშაობა მმართებს”

ბელარუსის “ბრესტში” მოასპარეზე 22 წლის ქართველ ფორვარდ უჩა გოგოლაძეს Goals.by-ს კორესპონდენტი ესაუბრა და ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, რომლის შემოკლებულ ვარიანტსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. ცხადია, ყურადღებას ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე გავამახვილებთ. 

 
- მიმდინარე სეზონში, როგორც იქნა, ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდით და 4 გოლითაც გამოიჩინეთ თავი. პირადი სტატისტიკით კმაყოფილი ხართ?
- სიმართლე გითხრათ, არცთუ კმაყოფილი ვარ. კარგია, რომ მენდობიან. უკანასკნელ პერიოდში, სასტარტო შემადგენლობაში ხშირად ვხვდები, მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. იმედია, უკეთ ავთამაშდები. 
- უცხო ქვეყანაში გადასვლის არ გეშინოდათ?
- რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ასე იყო. საწყის პერიოდში, ძალიან გამიჭირდა. ფაქტობრივად, მარტო ვიყავი, თანაც, უცხო მხარეში. ნელ-ნელა, მივეჩვიე და ახლა უკვე კარგად ვარ. 
- მშობლებმა როგორ მიიღეს თქვენი გადაწყვეტილება?
- უხარიათ, რომ აქ აღმოვჩნდი და იმას ვაკეთებ, რაც სიამოვნებას მანიჭებს. მშობლები ყველა სპორტულ საკითხში მხარში მიდგანან და წარმატება უხარიათ.
- ცნობილია, რომ ქართველებს ღვინო ძალიან უყვართ. თქვენი დამოკიდებულება როგორია?
- სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს (იღიმის). 
- ქართველებს და ბელარუსებს რა აქვთ საერთო?
- ორივე ერი ძალიან კეთილია. 
- სეზონისწინა შეკრებაზე, “ბრესტი” მახაჩყალის “ანჟის” ესპარინგა. მატჩის შემდეგ, ფეხბურთელებმა რობერტო კარლოსთან და სამუელ ეტო’ოსთან ფოტოები გადაიღეს. გამონაკლისი არც თქვენ ყოფილხართ. რით დაგამახსოვრდათ ის მატჩი?
- დიახ, ფოტოები მეც გადავიღე. ასეთ პროფესიონალებთან ფეხბურთის თამაში ბრწყინვალეა. ის შეხვედრა სამუდამოდ დამამახსოვრდება. 
- “ბრესტის” საიტზე განთავსებულ თქვენს პროფილში, ნათლად ჩანს, რომ მადრიდის “რეალისა” და კრიშტიანუ რონალდუს ქომაგი ხართ...
- არა, მე ბრაზილიელ რონალდოს ვგულისხმობდი (იღიმის). ისე კი, “რეალის” გულშემატკივარი ნამდვილად ვარ.
- ახლახანს, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. როგორ შეაფასებდით თამაშს?
- საქართველოს ნაკრები საკუთარ კედლებში ყოველთვის კარგად თამაშობს. მიმაჩნია, რომ მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში იყო. პირველ ნახევარში ბელარუსები უკეთ გამოიყურებოდნენ. მეორე ტაიმში, ოქრიაშვილმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.
- ბევრი ბელარუსელი ქომაგი ფიქრობს, რომ ქართველებმა დაუმსახურებლად მოიგეს. ეთანხმებით?
- იცით, ბელარუსის ნაკრები ძალიან მომეწონა. ჩვენმა სტუმრებმა არაერთი კარგი მომენტი შექმნეს. ასე ვთქვათ: ქართველებს უფრო მეტად გაუმართლათ. ალბათ, საკუთარი მოედნის ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. 
- ემზადებით საპასუხო მატჩისთვის?
- თუკი შესაძლებლობა მომეცემა, რა თქმა უნდა, ვითამაშებ. ამ ეტაპზე, არ ვიცი. 
- ქართველებს ან ბელარუსებს ჯგუფის პირველ ორ პოზიციაზე მოხვედრის შანსი აქვთ?
- შანსი, რა თქმა უნდა, ორივეს მცირეა. ესპანეთთან და საფრანგეთთან ორივე ნაკრებს გაუჭირდება.
- თქვენს წარმატებებს სამშობლოში თვალს ადევნებენ? ასაკობრივ ნაკრებებში გითამაშიათ?
- 19-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრებებში რამდენჯერმე ვითამაშე. ახლა უკვე 22 წლის ვარ.
- ეროვნულ ნაკრებზე რას იტყვით?
- ჯერჯერობით, ადრეა. ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად, ბევრი მუშაობა მმართებს.
 
მოამზადა ირაკლი ჯაფარიძემ
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169025