სტატიები

21:05 | 2.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

უდიდესი საფეხბურთო ტრაგედიები – ომი, “ეიზელი”, “ჰილსბორო”...

2012 წლის 1 თებერვალს, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია მოხდა. ეგვიპტეში, პორტ-საიდის სტადიონზე, “ალ-მასრისა” და “ალ-აჰლის” დერბის დროს გულშემატკივართა ჩხუბი დაიწყო, რამაც საბედისწერო მასშტაბები მიიღო და ამ დროისთვის 74 ადამიანია დაღუპული – ეს ფიფას საიტის ცნობით. 300-ზე მეტი ადამიანი დაჭრილია და ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
სამწუხაროდ, საფეხბურთო ტრაგედია ადრეც არაერთხელ მომხდარა. ყველაზე გახმაურებული კი ბრიუსელის “ეიზელზე” იყო 1985 წლის 29 მაისს – ეს იმიტომ, რომ ჩემპიონთა თასის ფინალისას მოხდა, იმ დღეს, ტურინის “იუვენტუსმა” პირველად მოიგო ევროპის უპრესტიჟულესი ტიტული, მაგრამ ნამატჩევს ამაზე ცოტანი თუ ლაპარაკობდნენ...
აქვე, ბოლო 30 წლის განმავლობაში მომხდარ უდიდეს ტრაგედიებზე:
18. 11. 1982: კოლუმბიის ქალაქ კალიში, ცნობილ სტადიონ “პასკუალ გერეროზე”, მთვრალმა ვაი-გულშემატკივრებმა მეორე იარუსიდან ქვემოთ მსხდომ მაყურებლებს ზემოდან გადმოაშარდეს. ატყდა ჩხუბი და მთლიანობაში, 22 კაცი დაიღუპა, 126 კი დაშავდა.
20. 10. 1982: მოსკოვის “ლუჟნიკებზე” უეფას თასის მატჩი მთავრდებოდა, “სპარტაკი” ჰოლანდიურ “ჰაარლემს” მასპინძლობდა. ტრიბუნების ქვეშ მასობრივი ჭყლეტა დაიწყო. საქმე ისაა, რომ ხალხი სტადიონიდან გადიოდა, მაგრამ “სპარტაკმა” სახიფათოდ შეუტია, გულშემატკივრები უკან გამოიქცნენ თამაშისთვის თვალის მისადევნებლად და აქ უკვე სიტუაცია უმართავი გახდა. ჭყლეტის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 66 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა როგორც ამბობდნენ, ეს რიცხვი 300-ს აჭარბებდა...
11. 05. 1985: ინგლისის მესამე დივიზიონში “ბრედფორდი” “ლინკოლნს” მასპინძლობდა. სტადიონზე ხანძარი გაჩნდა და ხის ტრიბუნა მთლიანად დაიწვა. ცეცხლმა 52 კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, 200 კი მძიმედ დაშავდა. ხანძარი სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია.
29. 05. 1985: ბრიუსელის “ეიზელის” ტრაგედია. ჩემპიონთა თასის ფინალი უნდა დაწყებულიყო - “იუვენტუსი”-“ლივერპული”. ინგლისელი ფანები იტალიელებს მიეჭრნენ, რომლებიც პანიკაში ჩავარდნენ და გაქცევა სცადეს. ატყდა ჩხუბი, ტრიბუნამ ვერ გაუძლო და ჩამოინგრა. 39 იტალიელი დაიღუპა და 500 დაშავდა. თამაში გაიმართა და “იუვემ” მიშელ პლატინის პენალტით 1:0 მოიგო, არადა, აშკარად ნაჩუქარი 11-მეტრიანი იყო – ტურინელთა ფორვარდი ზბიგნევ ბონეკი საჯარიმოს გარეთ წააქციეს.
ინგლისურ კლუბებს თავიდან სამუდამოდ აუკრძალეს ევროთასებზე გამოსვლა, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს და 5-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
10. 03. 1988: ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში, მასპინძელთა ნაკრები მალტას მასპინძლობდა. ვიღაც თავზეხელაღებულმა კაცმა პისტოლეტი ამოიღო და აქეთ-იქით აქნევდა, ხალხს აშინებდა. ამან პანიკა გამოიწვია, მათ სტადიონიდან გაქცევა სცადეს, ერთი სექტორი ჩამოინგრა და 40-50 კაცი დაიღუპა. კიდევ კარგი, ტრიბუნები სავსე არ იყო, თორემ მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა.
12. 03. 1988: ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში, ადგილობრივი “ჰაკანპური” ბანგლადეშის “მუტკი ხოდას” მასპინძლობდა. თავსხმა დაიწყო, ხალხი სტადიონის გასასვლელისკენ დაიძრა, მაგრამ მხოლოდ ერთი კარი იყო ღია. ჭყლეტვას 93 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
15. 04. 1989: შეფილდის სტადიონ “ჰილსბოროზე” ინგლისის თასის ნახევარფინალი იმართებოდა, “ლივერპული” “ნოტინგემს” ხვდებოდა. ერთ-ერთ ტრიბუნაზე პოლიციამ გაცილებით მეტი ადამიანი შეუშვა, ვიდრე ადგილი იყო. უკან მდგომნი ვერ ხედავდნენ, თუ რა ხდებოდა წინ – ისინი აწვებოდნენ, წინ მდგომნი კი მესერს ასკდებოდნენ. მთლიანობაში, 96 ადამიანი გარდაიცვალა და 300-ზე მეტი მძიმედ დაშავდა.
13. 05. 1990: ზაგრების “მაქსიმირზე”, ადგილობრივი “დინამო” ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” ეთამაშებოდა. მასობრივი ჩხუბი დაიწყო ჯერ ტრიბუნებზე, სადაც 85 ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემდეგ კი, ვნებათაღელვამ მინდორზე გადაინაცვალა და აქ მოხდა ერთი საგულისხმო ფაქტი: “დინამოს” 21 წლის ნახევარმცველმა ზვონიმირ ბობანმა სერბ პოლიციელს წიხლი უთავაზა, შემდეგ გაიქცა და მეორე პოლიციელსაც ჩაარტყა. საქმე ისაა, რომ იუგოსლავია ჯერ არ იყო დაშლილი, სიტუაციას სერბები განაგებდნენ, მათ ერთი ხორვატი გულშემატკივარი ძირს ჰყავდათ დაგდებული და ურტყამდნენ, რაც პატრიოტმა ბობანმა ვერ აიტანა.
ბობანი ბრწყინვალე ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, მაგრამ ლეგენდად, დიდწილად, სწორედ ამ საქციელის გამო დარჩა. მან იუგოსლავიის მთავრობის წინაღმდეგ გაილაშქრა.
16. 10. 1996: მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გვატემალა და კოსტა-რიკა ხვდებოდნენ ერთმანეთს. სტადიონზე ჩხუბი დაიწყო, თუმცა უშუალოდ არა ამან, არამედ ჭყლეტამ შეიწირა 82 ადამიანის სიცოცხლე.
11. 01. 1999: ეგვიპტეში, ალექსანდრიაში “ალ-იტიჰადი” “კორმს” ხვდებოდა და იმის გამო, რომ სტადიონის მხოლოდ ერთი გასასვლელი კარი იყო ღია, 11 კაცი ჭყლეტაში დაიღუპა.
9. 07. 2000: ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეში, მასპინძელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკას ეთამაშებოდა. იგივე მიზეზი, რაც ალექსანდრიაში იყო – ჭყლეტაში 13 ადამიანი გარდაიცვალა.
11. 04. 2001: სამხრეთ აფრიკაში “კაიზერ ჩიფსი” და “ორლანდო პაირატსი” ხვდებონენ ერთმანეთს. დაცვამ რამდენიმე ათასი ადამიანი უბილეთოდ შეუშვა სტადიონზე და მოხდა მასობრივი ჭყლეტა – 41 კაცი გარდაიცვალა.
9. 05. 2001: განაში, ქვეყნის ჩემპიონატის მატჩში “ჰართ ოფ ოუქი” “აშანტი კოტოკოს” ხვდებოდა. შეხვედრა ქალაქ აკრაში იმართებოდა. სტუმარი გუნდის, “აშანტი კოტოკოს” ქომაგებმა მატჩის ბოლო წუთებზე ტრიბუნებს სკამები მოაძრეს და მინდორზე ისროდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რამაც ქომაგებში პანიკა გამოიწვია და ისინი გასასვლელ კარს მივარდნენ, მაგრამ დაკეტილი დახვდათ. 123 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.
2. 06. 2008: ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში, ადგილობრივი ნაკრები გამბიას ეთამაშებოდა. სტადიონი 33000 გულშემატკივარს იტევდა, თუმცა დაახლოებით 10000-ით მეტი შევიდა. ზედა იარუსის მესერმა ვერ გაუძლო დაყრდნობილი ადამიანების სიმძიმეს, ჩამოტყდა და 10 გულშემატკივარი დაბლა ჩავარდა. 8 კაცი დაიღუპა.
აქვე, აუცილებლად უნდა ვთქვათ 1969 წელს მომხდარ საშინელებაზე, როცა საფეხბურთო მატჩმა ორ ქვეყანას შორის ომი გამოიწვია - ონდურასი-სალვადორი.
ივნისში ეს ნაკრებები 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად ერთმანეთს ხვდებოდნენ პლეი ოფში. პირველი მატჩი ჰონდურასმა შინ 1:0 მოიგო, მეორეში კი სალვადორმა 3:0 იმარჯვა. თითქოს წაგება არ ეყოფოდათ, სტუმართა გულშემატკივრები სასტიკად სცემეს. ისე კი, არც ჰონდურასელებს გამოუჩენიათ დიდი სტუმართმოყვარეობა პირველ შეხვედრაში, მაგრამ სალვადორელებმა ნამეტანი გააკეთეს...
საპასუხოდ, ჰონდურასში სალვადორელ მაცხოვრებლებზე თავდასხმები დაიწყო, ორ ვიცე-კონსულსაც მოარტყეს. 1:0, 0:3 – ბურთების შეფარდებას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან წესდებით, გუნდები თუ მოგებებს გაცვლიდნენ, დამატებითი, მესამე მატჩი უნდა გამართულიყო. სალვადორმა 2:3 წააგო და ჰონდურასის მთავრობამ მათთან ყოველგვარი დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა.
ეს უკვე სალვადორმა ვერ აიტანა და ომი დაიწყო. 14 ივლისს, მათ ჰონდურასის დაბომბვა დაიწყეს, მეორე დღეს კი ჯარი შეიყვანეს. სისხლისღვრა მხოლოდ 20 ივლისს შეწყდა და ისიც საერთაშორისო გზებით. ქვეყნებმა მხოლოდ 1979 წელს (ანუ, 10 წლის შემდეგ) მიაღწიეს მშვიდობიან ურთიერთობაზე შეთანხმებას.
ექვსდღიანმა საფეხბურთო ომმა 3000-მდე ადამიანი შეიწირა, დაახლოებით 6000 კი მძიმედ დაშავდა.

 

ილია ნანობაშვილი



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175467