ინტერვიუები

11:13 | 26.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

უეინ რუნი: “მეცოდებიან ფეხბურთელები, რომელთაც კონტრაქტის გაგრძელების დრო დაუდგათ”

უკანასკნელი 2-3 კვირის განმავლობაში, ფეხბურთის გულშემატკივართა შორის დიდ ვნებათაღელვას იწვევდა უეინ რუნის საკითხი. “შრეკს”, “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელებთან, კლუბის ხელმძღვანელებსა და მეპატრონესთან ურთიერთობა დაეძაბა და გასულ კვირაში, სერ ალექს ფერგიუსონმაც საჯაროდ აღიარა, რუნის “ოლდ ტრაფორდიდან” აბარგება სურსო. ყოველივე ამის ფონზე მოულოდნელიც კი იყო გასულ პარასკევს გავრცელებული ცნობა, უეინმა და კლუბმა ახალი, 5 წლიანი ხელშეკრულება რომ გააფორმეს. კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, რუნი “იუნაიტედის” ტელევიზიას MUTV-ს ესტუმრა და გადაცემის წამყვანმაც მას, წინა დღეების მოვლენებზე ნათელის მოფენა სთხოვა.
- ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” ურთიერთობა 5 წლით გაახანგრძლივეთ. რა გრძნობა დაგეუფლათ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ?
- გულახდილად მოგახსენებთ – კლუბის ხელმძღვანელებთან გარკვეული სახის უთანხმოება მქონდა, რამაც პრესის წარმომადგენლებს ათასგვარი ხმის დარხევისკენ უბიძგა, მაგრამ მოხარული ვარ, ყველაფერი ორივე მხრისთვის სასარგებლოდ რომ დასრულდა. ახლა, უკვე ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. შემიძლია დამშვიდებულად ვივარჯიშო და ვითამაშო, რაც ძველებური ფორმის აღდგენის საწინდარია.
- ეს, “მანჩესტერ იუნაიტედის” ყველა გულშემატკივარს გაახარებს. ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომა, ბოლო დღეების განმავლობაში ნერვიულობის ფონზე, რამდენ ხანში მოხდება?
- ამის წინასწარ თქმა მიჭირს. ნერვიულობას რაც შეეხება, დაძაბული არა მარტო მე ვიყავი, არამედ, ლამის, ყველა პარტნიორი, მწვრთნელები და კლუბის ფუნქციონერები. ყოველმხრივ ვცდილობდი, ხელმძღვანელობისთვის გასაგებად ამეხსნა საკუთარი პოზიცია და მიდგომა და როგორც იქნა, ერთმანეთისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე მივედით.
- შეგიძლიათ, მოკლედ გვითხრათ, რა იყო უთანხმოების საგანი თქვენსა და დევიდ ჯილს შორის და როგორ მოხერხდა გამოსავლის მოძებნა?
- როგორც “მანჩესტერ იუნაიტედის” წევრი, კლუბის მომავალზე ვნერვიულობდი და განვითარების საკუთარი თვალსაზრისი მქონდა. ამის თაობაზე მთავარ მწვრთნელსა და ჯილს მოვახსენე. სწორედ ამან დაუდო სათავე გაუგებრობას. რამდენიმე ხანში, ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით სირთულეები წარმოიქმნა. ცეცხლზე ნავთი ჟურნალისტებმაც დაასხეს და მდგომარეობაც უკიდურესად დაიძაბა. ამის მიუხედავად, მეც და კლუბის მესვეურებიც ღრმად ვიყავით დარწმუნებულნი, რომ სასწრაფოდ უნდა მივმსხდარიყავით მოლაპარაკების მაგიდას და ყველა საკითხი მშვიდ ატმოსფეროში მოგვეგვარებინა. ვესაუბრე სერ ალექს ფერგიუსონს, დევიდ ჯილს, კლუბის მეპატრონეებს. მათ ერთხმად განმიცხადეს, რომ ჩემთვის “ოლდ ტრაფორდზე” უკეთესი ადგილი არაა, “იუნაიტედში” უნდა დავრჩე და გუნდთან ერთად ახალ-ახალი ტიტულები მოვიხვეჭო. ჩამოთვლილ ადამიანებს, საკუთარი მოსაზრებები და პოზიცია მეც გავაცანი. მათ ყურადღებით მომისმინეს, ჩემი ხედვა გარკვეულწილად გაიზიარეს და საქმე ხელშეკრულების ხელმოწერამდე მივიდა.
- სიტუაციას ისე აღწერთ, თითქოს, ყველაფერი უმტკივნეულოდ მოგვარდა. მართლა ასე იყო, თუ მოლაპარაკების პროცესი მძიმედ მიდიოდა?
- საკმაოდ მძიმედ. ერთის მხრივ, კლუბი საკუთარი ინტერესის დაცვას ყოველმხრივ ცდილობდა, მეორე მხრივ, საქმე ჩემ კარიერას ეხებოდა და მხოლოდ გონიერ კომპრომისზე გახლდით თანახმა. რამდენიმე დღის განმავლობაში ვყოყმანებდი, შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე. ვერც კი წარმოიდგენთ, გულზე როგორ მომეშვა, როცა მოლაპარაკება საბოლოოდ დასრულდა და ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა. ახლა, ყველაფერი სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ და მხოლოდ საქმეზე ვიფიქროთ.
- გულახდილად გვითხარით, როგორ გრძნობს თავს უეინ რუნი, რომელსაც ბოლო პერიოდში ამდენი რამ გადახდა. ადვილი იყო გონებაში ყოველივეს ცივსისხლიანად გადახარშვა?
- ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე. გაზეთების პირველ გვერდებზე მხოლოდ ჩემი ფოტოები იყო და ინფორმაციაც წინააღმდეგობრივი ვრცელდებოდა. ხშირად, ისეთ რამეს ვკითხულობდი, გაოცებისგან პირი ღია მრჩებოდა. საიდან ჩნდებოდა ესა თუ ის ინფორმაცია, ვერაფრით გამიგია. მასმედიელთა მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი გავხდი და ყოველ ჩემ ნაბიჯს, სიტყვას, გამადიდებელი ლუპის მეშვეობით აკვირდებოდნენ. მადლობა ღმერთს, ყველფერი კეთილად რომ დასრულდა. ძალიან მეცოდებიან ის ფეხბურთელები, რომელთაც კონტრაქტის გახანგრძლივების დრო დაუდგათ. მათაც რთული მოლაპარაკების წარმოება მოუწევთ, რაც სასიკეთოდ ნამდვილად არ მუშაობს სპორტულ ფორმაზე.  
- კარგად გვესმის, ზედმეტად ატეხილი აჟიოტაჟი ნებისმიერ ფეხბურთელს ვნებს, მაგრამ ისიც ხომ სასიამოვნოა, საფეხბურთო ვარსკვლავები პოპულარობით რომ სარგებლობთ და მუდამ ყურადღების ეპიცენტრში ხართ მოქცეულები...
- ამგვარ სიტუაციაში მას შემდეგ აღმოვჩნდი, რაც 18 წლისამ პრემიერლიგაში თამაში დავიწყე. მდგომარეობა კიდევ უფრო “დამძიმდა” მას შემდეგ, რაც “ევერტონიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავედი. ვერაფერს შევცვლი – სიტუაციას უნდა მოვერგო და ყოველმხრივ შევეცადო, მუდამ მოწოდების სიმაღლეზე ვიყო. ჩემი ამჟამინდელი უპირველესი საზრუნავი კი, ტრავმის მორჩენა და “იუნაიტედის” მაისურით სათამაშოდ გასვლაა.
- დავუბრუნდეთ რამდენიმე დღის წინ მიმდინარე მოვლენებს. იმ პერიოდში, უემოციო არც ფერგიუსონი ყოფილა. ნერვებმა სერ ალექსსაც უმტყუნა და მან განაცხადა, რუნის ჩვენთან დარჩენა არ სურს და ალბათ, გავათავისუფლებთო. რა შეფასებას მისცემთ ფერგიუსონის საქციელს იმ რთულ ვითარებაში?
- სერ ალექსს ჩემი შესაფასებელი არაფერი სჭირს. იგიც ადამიანია და ფეხბურთელთაგან განსხვავებით, მხოლოდ საკუთარ საქციელზე არ აგებს პასუხს. შოტლანდიელმა მთლიანი კოლექტივი უნდა მართოს, რაც ადვილი საქმე სულაც არაა. უშუალოდ ჩვენს ურთიერთობას რაც შეეხება, ფერგიუსონი ყოველმხრივ მარწმუნებდა, მანჩესტერში დარჩენა ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი რომ იყო. იგი მოლაპარაკებისას ღირსეულად იქცეოდა. სწორედ მან მითხრა გადაჭრით, მოდი, ახალი შეთანხმება გავაფორმოთ და მხოლოდ ფეხბურთზე ვიფიქროთო. მისი ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, საკუთარ აგენტს განვუცხადე, კონტრაქტზე ხელის მოსაწერად მზად რომ ვიყავი. სერ ალექსი უდიდესი მწვრთნელია და დიდწილად, სწორედ მისი დამსახურებაა, თავის დროზე “გუდისონ პარკიდან” “ოლდ ტრაფორდზე” რომ გადმოვედი. იმედია, მე და ფერგიუსონს მომავალშიც კარგი ურთიერთობა გვექნება და “იუნაიტედს” ტიტულებს მოვაპოვებინებთ.
- გსურთ დაგვარწმუნოთ, რომ მანჩესტერში სერ ალექსის ხათრით დარჩით?
- ფერგიუსონის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ “ოლდ ტრაფორდზე” თამაშის სასარგებლოდ გადაწყვეტილება, სხვა მომენტებმაც განაპირობა. უკვე 6 წელია აქ ვარ, გულშემატკივრებთან მშვენიერი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და უკვე ვერც კი წარმოვიდგენ სხვა კლუბის სახელით გამოსვლას.
- ბოლო კითხვასაც გულშემატკივრებთან დაკავშირებით დაგისვამთ. რისი თქმა გსურთ “იუნაიტედის” ერთგული ქომაგებისთვის?
- კარგად მესმის, რომ პრესის ფურცლებზე წაკითხულმა ბევრმა ფრაზამ, მათ გული დასწყვიტა. ვაღიარებ, მეტი თავშეკავება მმართებდა, მაგრამ ზოგი რამ არც მითქვამს და გულშიც არ გამივლია. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, დავივიწყოთ ცუდი პერიოდი. მათ თავდადებულ თამაშს ვპირდები და ერთობლივი მცდელობით, “მანჩესტერ იუნაიტედს” მომავალშიც არაერთ ჯილდოს მოვუპოვებთ.

 

მოამზადა გოჩა კაჭარავამ


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09728