ინტერვიუები

14:30 | 25.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

უეინ რუნი: “მწვრთნელს ჩემი იმედი სამომავლოდაც ექნება”

ბარძაყის კუნთის ჭრილობის მოშუშების შემდეგ უეინ რუნიმ ვარჯიში განაახლა და სავარაუდოდ, “მანჩესტერ იუნაიტედის” უახლოეს შეხვედრებში მინდორზე გასულს ვიხილავთ. ამჯერად კი გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც რუნიმ Manchester Evening News-ს მისცა.

- პრემიერლიგის ბოლო მატჩებს “გვერდიდან” უმზერთ. საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაში “იუნაიტედის” უმთავრეს კონკურენტად კვლავაც “სიტი” მიგაჩნიათ?
- ჩვენსა და “სიტის” შორის მძაფრ კონკურენციას ვერსად გავექცევით, თუმცა, “იუნაიტედი” “ჩელსისაც” არანაკლებად უნდა უფრთხოდეს. “ლონდონელი არისტოკრატები” ძალიან გამოცდილი და ძლიერი მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდია. უდიდესი ისტორიის კლუბია “ლივერპულიც”, სათავეში კარგი მწვრთნელი უდგას ბრენდან როჯერსის სახით და დარწმუნებული ვარ, მერსისაიდელები თავის სიტყვას მიმდინარე სეზონში აუცილებლად იტყვიან.
- “ოლდ ტრაფორდზე” ისეთ აღიარებულ ოსტატებთან ერთად მოგიწიათ თამაში, როგორებიც რუუდ ვან ნისტელროი, კრიშტიანუ რონალდუ და კარლოს ტევესი არიან. ამჟამად რობინ ვან პერსის პარტნიორი ხართ. როგორ გგონიათ, ჰოლანდიელთან საუკეთესო ტანდემს შექმნით?
- რატომაც არა! რობინი ბრწყინვალე გოლეადორია და პრემიერლიგაში გამოსვლის დიდი გამოცდილებაც აქვს დაგროვილი. ვან პერსიმ წინწაწეულ თავდამსხმელად ჩამოყალიბება შეძლო, რაც ჩვენი გუნდიდთვის მეტად სასარგებლოა. გასულ სეზონში რობინის გოლებმა “არსენალს” ტიტული ვერ მოაგებინა, სამაგიეროდ, მისი დამსახურებაა, არსენ ვენგერის გუნდი წლეულსაც ჩემპიონთა ლიგაში რომ გამოდის. მოუთმენლად ველი მინდორზე დაბრუნებას, რატა ვან პერსისთან კიდევ უფრო უკეთ რომ შევთამაშდე. ჩემი პარტნიორებიდან ლუი საას, დიმიტარ ბერბატოვს, ხავიერ ერნანდესს და დენი უელბეკსაც გამოვარჩევდი. ნებისმიერ მათგანთან შეთამაშების პრობლემა არ მქონია და დარწმუნებული ვარ, ასევე იქნება ვან პერსისთანაც. დანარჩენი სერ ალექსის გადასაწყვეტია. დამრიგებელმა, შესაძლოა, წინ ან მე წამწიოს, ან ვან პერსი, დიდი შანსია, სულაც ორივეს ერთად მოგვიწიოს მოწინააღმდეგის კარის სიახლოვეს თამაში. ფერგიუსონის არსენალში საკმარისზე მეტი ვარიანტია. სერ ალექსს როტაცია უყვარს და მას ხშირად წარმატებითაც მიმართავს. სეზონის ბოლოს კი ყველა რწმუნდება, რომ შოტლანდიელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები როგორც ცალკეული ფეხბურთელებისთვის იყო სასარგებლო, ასევე მთლიანად გუნდისთვის.
- 25 აგვისტოს “ფულჰემთან” მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლეთ. როდის დაუბრუნდებით ძირითად შემადგენლობას?
- ეს ექიმებზეა დამოკიდებული. მათ სარეაბილიტაციოდ 4 კვირის ვადა მომცეს და როგორც დასტაქრები ირწმუნებიან, ყველაფერი კარგად მიდის. მოვლენების დაჩქარება არც მე მსურს. მთავარია, ჭრილობა სათანადოდ შეხორცდეს და ყოველგვარი რეციდივის შესაძლებლობა გამოირიცხოს.
- როდესაც ტრავმა მიიღეთ და ფეხიდინ სისხლი გდიოდათ, მაინც ჯიუტად ითხოვდით მინდორზე ფიზიოთერაპევტის ან ექიმის გასვლას და უარს აცხადებდით საკაცეზე დაწოლას...
- ტრიბუნაზე ჩემი ვაჟი იჯდა და არ მინდოდა, მას ენახა როგორ გაჰყავთ მამა მოედნიდან სანიტრებს. მსურდა, “ოლდ ტრაფორდის” მინდორი საკუთარი ფეხით დამეტოვებინა.
- მალე 27 წლისა გახდებით. ეს ასაკი ფეხბურთელისთვის საუკეთესო პერიოდად ითვლება. საკუთარი სამოთამაშეო კარიერა როგორ გესახებათ?
- ჩემი ამოცანა შეძლებისდაგვარად ბევრი გოლის გატანაა, რომლებიც “მანჩესტერ იუნაიტედს” მოგებებს მოუტანენ. გასული სეზონი ჩემთვის ნაყოფიერი გამოდგა – პრემიერლიგაში გატანილ გოლთა პირადი რეკორდი დავამყარე. მიუხედავად იმისა, რომ “იუნაიტედს” არაფერი მოუგია, საკუთარი თამაშით კმაყოფილი დავრჩი.
- გუნდში ვან პერსის მოსვლის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ გაქვთ...
- გარანტია არც უწინ მქონდა. ყოველთვის თავდაუზოგავად ვშრომობდი და ვცდილობდი, ავტორიტეტი მომეპოვებინა და პატივისცემა დამემსახურებინა. მწვრთნელს ჩემი იმედი ყოველთვის ჰქონდა და სამომავლოდაც ასე იქნება. სატრენაჟორო დარბაზში ბევრს ვვარჯიშობ და ექიმთა გადაწყვეტილებას ველი. მით უმეტეს, კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ.
- გასული სეზონის მსვლელობისას მაიკლ ოუენმა განაცხადა, რომ ჭაბუკობისას ასაკობრივ ნაკრებში მიღებულმა ტრავმამ მის საფეხბურთო კარიერას დამღა დაასვა. არ შიშობთ, რომ ასაკის მომატებასთან ერთად, დაზიანებებთან გამკლავება უფრო და უფრო გაგიჭირდებათ?
- ტრავმა სხვადასხვანაირია. მაიკლს ყოველთვის მყესების და კუნთების სერიოზული დაზიანება სდევდა. ასეთი ტიპის ტრავმების განკურნება რთული საქმეა. საბედნიეროდ, ამ მხრივ ბედმა გამიღიმა. ძვლებს მამტვრევდნენ, მაგრამ კუნთი არასდროს გამწყვეტია.   

გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101729