“მანჩესტერ იუნაიტედის” 26 წლის ფორვარდს უეინ რუნის სეზონის საპასუხისმგებლო პერიოდი დაუდგა. მართალია, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ვერ მოხვდა, მაგრამ რუნი და მისი თანაგუნდელები ინგლისურ პრემიერლიგასა და რანგით მეორე ევროტურნირის მოგებას ლამობენ. ამასთან, უეინი ეროვნულ გუნდთან ერთად უკრაინასა და პოლონეთში ცასატარებელ კონტინენტის პირველობაზე გამოვლენ.
- მიმდინარე სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედი” სტაბილური გამოსვლით ვერ დაიკვეხნის. თქვენი აზრით, რაა ამის მიზეზი?
- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ვერგადალახვამ გული ძალიან გვატკინა, თუმცა, პრემიერლიგაში ურიგოდ ნამდვილად არ გამოვდივართ. ჯერჯერობით მეორე ადგილზე ვართ, მაგრამ თანაქალაქელ “სიტის” მხოლოდ 2 ქულით ჩამოვრჩებით, წინ კი 12 მატჩი გველის. იმედია, სეზონის ბოლომდე კარგად ვითამაშებთ და ჩემპიონობას კიდევ ერთხელ მოვიპოვებთ. პირადად ჩემ ასპარეზობას რაც შეეხება, უკმაყოფილების საბაბი ნაკლებად მაქვს. 26 გოლი მაქვს გატანილი და მაისის ბოლომდე კიდევ ბევრი ბურთის გატანას ვაპირებ. ისე, რამდენიმე შეხვედრა რომ არ გამომეტოვებინა, სადღეისოდ უკეთესი შედეგიც მექნებოდა.
- 2011 წელს როგორ შეაჯამებდით?
- წინა სეზონი წარმატებული გვქონდა. ყველაზე მეტად პრემიერლიგის მოგებამ გაგვახარა. “იუნაიტედმა” საშინაო ჩემპიონატი სარეკორდოდ, 19-ედ მოიგო, რაც ყველა ჩვენთაგანისთვის საამაყო მაჩვენებელია. გული დაგვწყვიტა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხმა, თუმცა, გავიმეორებ, მთლიანობაში მშვენიერი სეზონი ჩავატარეთ.
- ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ვერ გახვედით, თუმცა, ევროპის ლიგაზე განაგრძობთ ასპარეზობას...
- “მანჩესტერ იუნაიტედი” როგორც საშინაო ჩემპიონატის, ასევე ევროპის ლიგის მოგებას შეეცდება.
- “მანჩესტერთან” ერთად პრემიერლიგაც ოთხჯერ მოიგეთ, ჩემპიონთა ლიგის თასსაც დაეპატრონეთ და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონიც გახდით. ამჟამად ყველაზე მეტად რომელი ტიტულის მოგება გწადიათ?
- ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი! ბავშვობაში ყველაზე მეტად სწორედ მისი მოგება მსურდა ყველაზე მეტად. ღამღამობით ხშირად მესიზმრებოდა, როგორ გამქონდა გოლი “უემბლიზე” სანუკვარი თასისთვის ჩატარებულ გადამწყვეტ პაექრობაში. ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა. როგორც “ევერტონის” თავგადაკლულ ფანს მშვენივრად მესმოდა, რომ “ლურჯებს” ჩემპიონობის მოპოვებასთან შედარებით, თასის დაუფლების გაცილებით მეტი შანსი ჰქონდა. “იუნაიტედის” შემადგენლობაში ორი სათასო ფინალი ვითამაშე და ორივე მათგანში დავმარცხდით. იმ მატჩების წაგებით გამოწვეული სიმწარე დღემდე არ გამნელებია და ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, ეს ჯილდო რომ მოვიპოვო.
- “იუნაიტედის” წარმატებები სერ ალექს ფერგიუსონის სახელს უკავშირდება. თავად როგორ დაახასიათებდით დამრიგებელს?
- სერ ალექსს ჩემი დახასიათება და ქება არ სჭირდება. იგი მეტად გამოცდილი და უმაღლესი რანგის სპეციალისტია. მან ზედმიწევნით ზუსტად იცი, როგორ მიუდგეს თითოეულ ფეხბურთელს და ახერხებს ნებისმიერი მოთამაშისგან მაქსიმუმის გამოვლენას. ფერგიუსონი “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსეული წინამძღოლია.
- ივნის-ივლისში პოლონეთსა და უკრაინაში ევროპის მორიგი ჩემპიონატი ჩატარდება. რა დასკვნა გამოიტანეთ სამხრეთ აფრიკის მუნდიალის მატჩებისგან და როგორი მიზნით გაემგზავრება ინგლისის ეროვნული გუნდი აღმოსავლეთ ევროპაში?
- სამწუხაროა, გერმანიასთან ჩვენი შესაძლებლობები რომ ვერ გამოვამჟღავნეთ და მუნდიალს ნაადრევად დავემშვიდობეთ. ევროპის პირველობაზე ჩვენ ამოცანას რაც შეეხება, მიზანი ტრადიციულია – ინგლისის ნაკრები ყველა ტურნირზე პირველობის მოსაპოვებლად მიემგზავრება.
- უეფამ დისკვალიფიკაციის ვადა შეგიმცირათ და ევრო2012-ზე მხოლოდ 2 საწყისი მატჩის გამოტოვება მოგიწევთ. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს დასვენებული შეხვდებით. ამის გამო ნაკრებს პლეი ოფში უფრო მეტ სარგებლობას ხომ არ მოუტანთ?
- იმედია, ბიჭები უჩემოდაც კარგად ითამაშებენ, მე კი მწვრთნელები მესამე შეხვედრაში სასტარტოში დამაყენებენ. ვფიქრობ, ნაკრებს სარგებლობას მოვუტან. ყოველ შემთხვევაში, საამისოდ ძალ-ღონეს არ დავიშურებ. ჯერჯერობით უცნობია, რომელ სპეციალისტს მიანდობენ ეროვნული გუნდის წინამძღოლობას ევროპირველობაზე, თუმცა, ვინც არ უნდა დაგვინიშნონ მთავარმწვრთნელად, გვერდით დავუდგები და შეძლებისდაგვარად ხელს შევუწყობ.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ









