სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:34 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

უღიმღამო ფრე

 

თამაში ნაკლებად სანახაოებრივი და საინტერესო აღმოჩნდა. დაფიქსირებული ანგარიში, მოედანზე განვითარებულ მოვლენებს სრულად ასახავს. არც ტემპი იყო მაღალი და ფეხბურთელებიც საშემსრულებლო ოსტატობით ვერ დაიკვეხნიდნენ. ფრე “ტორპედოს” აქტივში უნდა ჩაიწეროს, რომელმაც სტუმრად ქულა აიღო.

მატჩის დაწყებიდან ათ წუთში, თენგიზ ჩიკვილაძემ “ჯარიმა” გოგი ფიფიასთან გაითამაშა, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა და მასპინძელთა საჯარიმოს ხაზიდან ზედა ძელს მოახვედრა. საპასუხო შეტევაში, უჩა ბურძენაძემ “ტორპედოს” საჯარიმოს ფარგლებს გარედან სახიფათოდ დაარტყა და გაბრიელ თებიძემ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ცოტა ხანში, ცხინვალელთა ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, “ტორპედოს” უკრაინელმა ლეგიონერმა ვალერი ბონდარენკომ, რომელსაც დებიუტი ჰქონდა, ბურთი თავით მოიგერია და ბურძენაძის ძლიერი დარტყმის მერე, ქუთაისელები გოლისგან ისევ თებიძემ იხსნა.

ტაიმის შუაწელში, მარჯვენა ფლანგზე დანიშნული საჯარიმოს შემდეგ, ჩიკვილაძემ საკმაოდ მახვილი კუთხიდან კარში გაგზავნა ბურთი, რომელიც გიორგი ნადირაძემ ნახტომში პირით ხაზს იქით უკუაგდო. მალევე, “სპარტაკის” ფეხბურთელმა საჯარიმო ცუდად შეასრულა და ვაჟა ტაბატაძემ პასი წინ გაჭრილ ალეკო ჩაკვეტაძეს მისცა, რომლის დარტყმის მერე, თითქმის მოედნის ცენტრამდე ასულმა ნადირაძემ ბურთი მკერდით მოიგერია, ხოლო ქუთაისელის საპასუხო დარტყმა უკვე მარჯვენა ფლანგიდან, იმდენად სუსტი აღმოჩნდა, რომ საჯარიმოში დაბრუნებულ მასპინძელთა მეკარეს, ბურთის ხელებში დაჭერა არ გასჭირვებია.

ტაიმის მიწურულს, მერაბ გიგაურმა კარგი პასით “ტორპედოს” მეკარესთან პირისპირ ლაშა შინდაგორიძე დატოვა, რომელსაც თებიძემ არ გაატანინა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულიყო, რომ “სპარტაკის” კონტრშეტევისას, ლაშა შინდაგორიძემ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან არაზუსტად დაარტყა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, მიზანს გიორგი თექთურმანიძემ ვერ მიაღწია. მასპინძლებს შოთა ბაბუნაშვილმა უპასუხა, რომელმაც საშუალო მანძილიდან დაარტყა და ბურთმა გვერდით ძელს ახლოს ჩაუარა.

მატჩის დასრულებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ ჯერ გოგი ფიფიამ ინდივიდუალური გარღვევა არაზუსტი დარტყმით დაასრულა, ხოლო შემდეგ, ბექა მუმლაძემ შორი მანძილიდან კარიდან წინ გამოსულ თებიძეს ბურთი თავს ზემოთ ვერ გადაუგდო.

შეხვედრის ბოლო წუთზე, “ტორპედოს” კუთხურის შემდეგ, ბონდარენკომ ბურთი დაამუშავა და დაარტყა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

სპარტაკი (ცხინვალი) – ტორპედო (ქუთაისი) 0:0

12 სექტემბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი.

სპარტაკი: ნადირაძე, ბურძენაძე, გიგაური, ივანიშვილი (ნიკა კაჭარავა, 60), მახარობლიძე, კაჭკაჭიშვილი, ჭაფოძე (კ), შინდაგორიძე (მუმლაძე, 78), იოსელიანი, თექთურმანიძე (ლექვთაძე, 87), მაისაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

ტორპედო: თებიძე, ტაბატაძე, მახვილაძე, თოდუა (მარკოზაშვილი, 46), ჩადუნელი, ზურაბ გელაშვილი, ჩიკვილაძე (კ) (ქებურია, 78), ჩაკვეტაძე, ბონდარენკო, ფიფია, კვერნაძე (ბაბუნაშვილი, 54).

მთავარი მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი.

გაფრთხილება: მახარობლიძე (10), ჭაფოძე (23), გელაშვილი (27), გიგაური (48), ჩადუნელი (51), ნიკა კაჭარავა (82)

მთავარი მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე.

0.165571