ინტერვიუები

10:56 | 11.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

უგო სანჩესი: "რეალის" მესვეურებს, გულშემატკივრებს მეტი მოთმენისკენ მოვუწოდებ"

მექსიკელი უგო სანჩესი 11 წლის (1981-92) განმავლობაში იცავდა მადრიდული კლუბების “ატლეტიკოსა” და “რეალის” ღირსებას და სტაჟიან გულშემატკივარს კარგად ახსოვს “უგოლად” წოდებული ფორვარდის შედეგიანი ასპარეზობა. აქტიური საფეხბურთო კარიერის შეწყვეტის შემდეგ სანჩესმა სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი, თუმცა, ჯერჯერობით ვერც სანაკრებო და ვერც საკლუბო დონეზე წარმატებას ვერ აღწევს. შარშან იგი მთავარმწვრთნელობიდან “ალმერიამ” დაითხოვა და მას შემდეგ მოყოლებული ვეტერანი ბომბარდირი მისთვის შესაფერისი წინადადების მოლოდინშია.

- სინიორ უგო, ამჟამად რას საქმიანობთ?
- “ალმერიადან” წასვლის შემდეგ მადრიდში დავბრუნდი. ჩემი მიზანი სამწვრთნელო მუშაობის განახლება და იმ პრინციპების გაგრძელება და ერთგულებაა, რომელსაც ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას მივდევდი. დიდი სურვილი მაქვს, რომელიმე ესპანური კლუბი ჩავიბარო, მაგრამ თუკი სხვა ქვეყნიდან ხელსაყრელი პირობები შემომთავაზეს, არც ამაზე ვიტყოდი უარს. ერთი სიტYვით, ევროპულ შემოთავაზებას ველი, მაგრამ ჩემი ლოდინი უსასრულო ნამდვილად არ იქნება და თუ მიმდინარე წლის ბოლომდე “ძველ კონტინენტზე” მუშაობა არ დავიწყე, დასავლეთ ნახევარსფეროში დავბრუნდები.
- სამშობლოსა და ევროპაში ათეულამდე გუნდში გიასპარეზიათ, თუმცა, არასდროს დაგიმალავთ, ყველაზე მეტად მადრიდის “რეალი” რომ გიყვართ. მოგწონთ ამჟამინდელი “ბლანკოსი”?
- ჩემი აზრით, კლუბი სწორ გზას ადგას. ვეთანხმები პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის გადაწყვეტილებებს, ჟოზე მოურინიო კი თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს მწვრთნელად მიმაჩნია. ამასთან, პორტუგალიელი პიროვნულადაც მომწონს. მეჩვენება, რომ მე და მოურინიოს ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო. უპირველესად, ხასიათს ვგულისხმობ. მიყვარს პიროვნებები, რომლებიც ცდილობენ საკუთარ თავთან ყოველთვის მართლები იყვნენ. დარწმუნებული ვარ, სეუ ჟოზეს “სანტიაგო ბერნაბეუზე” მეტად წარმატებული სადამრიგებლო კარიერა ექნება.
- როგორ თვლით, “რეალი” “ბარსელონას” ღირსეული და ტოლ-სწორი მეტოქეა?
- ორივე კლუბი დომინირებისთვის იბრძვის, თუმცა, სხვადასხვა მეთოდით. “ბარსელონას” თავისი განუმეორებელი სტილი აქვს. კატალონიელებმა საკუთარ წიაღში აღზრდილი მწვრთნელი მიიყვანეს გუნდის დამრიგებლად. მეჩვენება, რომ “ბარსას” ხელმძღვანელები უფრო მეტად მომთმენნი არიან. ამან და მწვრთნელისადმი გამოხატულმა ნდობამ სათანადო შედეგი გამოიღო. “რეალი” ტრადიციულად სხვაგვარად ვითარდება. კლუბის ხელმძღვანელობა ყოველთვის მყისიერ შედეგს ითხოვს. ვიმედოვნებ, ჟოზე მოურინიოს გარკვეულ დროს მისცემენ. მაღალი შედეგი თავისთავად არ მოდის და არც ციდან ვარდება. “ბლანკოსის” მესვეურებს, გულშემატკივრებს მეტი თავშეკავებისა და მოთმენისკენ მოვუწოდებ.
- გასულ ზაფხულს სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა. რა შეფასებას მისცემთ მექსიკური ფეხბურთის ამჟამინდელ მდგომარეობას?
- იმ დონის ნაკრები ნამდვილად არ გვყავს, რომელსაც მუნდიალის ან თუნდაც კოპა ამერიკის მოგება რომ მოვთხოვოთ. მექსიკელებს ბრაზილიელთა და არგენტინელთა დომინირების დამხობა ჯერჯერობით არ შეგვიძლია. ეს მიუხედავად იმისა, მექსიკელებს წამყვან კლუბებში მაღალი კლასის ფეხბურთელები საკმარისად რომ გვყავს. ჩემი აზრით, დასავლეთ ნახევარსფეროში მექსიკელებს სიძლიერით მესამე ნაკრები გვყავს.
- ბრაზილიასა და არგენტინასთან ჩამორჩენა მცირდება თუ იზრდება?
- ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, გრანდებს ვერ ვუახლოვდებით. მექსიკელებს ნიჭიერი ფეხბურთელები არ გვაკლია, მაგრამ თუკი ნაკრების მთავარ მწვრთნელს ხელშეწყობა არ ექნა, არაფერი გამოვა. 2006-08 წლებში ვმუშაობდი მექსიკის ეროვნული გუნდის დამრიგებლად და საკუთარ ტყავზე გამოვცადე ყველა ის უარყოფითი მომენტი, რაც სტრუქტურის გაუმართაობას და ყველასგან სიტუაციის საკუთარ თარგზე მორგებას მოჰყვება ხოლმე.
- საყოველთაო აღიარებით, თქვენს შემდეგ მექსიკურ ფეხბურთში ხავიერ ერნანდესის დონის ფორვარდი არ გამოჩენილა. ეთანხმებით ამ თვალსაზრისს?
- “ჩიჩარიტოსგან” ბევრს ველი. “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაში მას ძალიან ბევრს შესძენს. “ოლდ ტრაფორდზე” მისი შემდგომი დაოსტატების ყოველგვარი პირობაა შექმნილი. დარწმუნებული ვარ, ხავიერ ერნანდესი უმაღლესი კლასის თავდამსხმელი დადგება, მისი ჩემთან შედარების კი წინააღმდეგი ვარ. ნებისმიერ ტალანტს საკუთარი, განუმეორებელი გზა აქვს და სწორედ ამიტომაცაა ფეხბურთი მილიარდების საყვარელი თამაში.
- საუბრის ბოლოს კვლავ მადრიდის “რეალს” დავუბრუნდეთ. “სანტიაგო ბერნაბეუზე” მწვრთნელად დაბრუნებაზე არ ოცნებობთ?
- ეს ნებისმიერი ფეხბურთელის ან მწვრთნელის ბავშვობის ოცნებაა. ერთი ოცნება უკვე ავიხდინე, როცა “ბლანკოსის” მაისურს 7 წლის განმავლობაში ვიცვამდი. ახალგაზრდა ვარ, მოთმინებითაც აღვიჭურვები და იმედია, ადრე თუ გვიან, დამრიგებლის რანგში სამსახურის გაწევას მადრიდის “რეალიც” შემომთავაზებს. მანამდე კი სხვა კლუბების წინადადებას ველი.

 

გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.070219