ბუნდესლიგის მეორე ტურის ბოლო დღე უღიმღამო გამოვიდა. ორი მატჩი გაიმართა, ორივე უგოლოდ დასრულდა. ტაიფუნ კორკუტის “ჰანოვერი” “კოფაკე არენაზე” ჩავიდა და მაინციდან ქულა წაიღო, ხოლო “მაინცმა” ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა. როგორც იცით, მაინცელებმა ზაფხულში ახალი მწვრთნელი მიიყვანეს, “ნორდსიელანდის” ყოფილი თავკაცის, კასპერ ჰიულმანდის სახით. ევროპა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ გუნდი ბუნდესლიგაზე გადაერთო, დასაწყისს კი ცუდი არ ეთქმის, ‘’პადერბონთან’’ და “ჰანოვერთან” ფრედ დასრულებული მატჩები.
მატჩი უხეშობით არ გამოირჩეოდა. ერთადერთი ყვითელი ბარათი საშა შტეგმანმა გამოცდილ კრისტიან შულცს 32-ე წუთზე უჩვენა, ხოლო ”ფრაიბურგსა” და “გლადბახს” შორის გამართულ მატჩში გაგელმანს სამჯერ მოუწია ყვითელი ბარათის ჩვენება. ეს ამბავი სტატისტიკოსებს დააინტერესებთ.
მართალია, გელზერკინხენული “შალკე 04” არც თუ ისე კარგ ფორმაშია, მაგრამ მათთან პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვება ტაიფუნ კორკუტის წარმატებას არ აკნინებს. 40 წლის სპეციალისტი 2013 წლის დეკემბრიდან უდგას “ჰანოვერს” სათავეში, თურქს მშვენიერი გარემო აქვს სამწვრთნელო კარიერის უფრო მაღალ სიმაღლეზე ასვლისა.
დღის მეორე და ტურის უკანასკნელი მატჩი “მეიჯ სოლარ სტედიუმზე” თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყო. წლები გავიდა და “ფრაიბურგისადმი” სიმპათია არ გამქრობია. მათ აღარ ჰყავთ ისეთი გუნდი, როგორიც 2000-2001 წლების სეზონში, როცა ალექსანდრე იაშვილის, ლევან კობიაშვილისა და ლევან ცქიტიშვილის “ფრაი” მეხუთე ადგილზე გავიდა და უეფას თასზეც იასპარეზა, თუმცა ამჟამად უფრო სტაბილურია, პირველსა და მეორე ბუნდესლიგას შორის აღარ დასეირნობს.
ლუსიენ ფავრის გუნდმა ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა მეორე ტაიმში სტუმრებს აშკარად გაუჭირდათ. 63-წუთზე გოლის გატანის რეალური შანსი გაუშვა მასპინძელთა შვეიცარიელმა შემტევმა ადმირ მეჰმედიმ, მან თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, ბურთი კარს ააცილა.
შესაძლოა კონტექსტიდან ამოვარდნილი ინფორმაციაა, მაგრამ მაინც მინდა გავიხსენო: 2005 წელს, გლადბახელთა ამჟამინდელი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი ქართველ ფორვარდ ლადო ახალაის შვეიცარიულ კლუბ “ციურიხში” წვრთნიდა.
მაინცი – ჰანოვერი 0:0 (0:0)
მაინცი. კოფაკე არენა. 27 647
მაინცი: კარიუსი, ბუნგერტი, დიაზი, ბროსინსკი, ბელი, ბრაუმგარტლინგერი, მორიცი, კო (პარკერი 82), მალი (დურიჩიჩი 70), გაისი, ოკაზაკი
მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი
ჰანოვერი: ცილერი, პანდერი, შულცი, მარსელო, ალბორნოზი, საკაი, ანდრეასენი, კიროტაკე (ზობიხი 73), შმიდებახი, ბიტენკურტი, ხოსელუ
მწვრთნელი: ტაიფუნ კორკუტი
მსაჯი: საშა შტეგმანი
გაფრთხილება: შულცი (32)
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 14(3)-11(7), ჯარიმა: 18-15, თამაშგარე: 3-4, სეივი: 4-11, კუთხური: 4-2
ფრაიბურგი – გლადბახი 0:0 (0:0)
ფრაიბურგი. მეიგ სოლარ სტედიუმი, 24 000
ფრაიბურგი: ბურკი, კრმაში, სორგი, კემფი, გიუნტერი, შუსტერი, შმიდი, კლაუსი (ფრანცი 83), მეჰმედი (კერკი 87), შაჰინი
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
გლადბახი: ზომერი, ვენდტი, შტრანცლი, იანტჩკე, ტრაორე (ჯონსონი 75), ჰანი, ჯაკა, კორბი, კრამერი (ნორდვეიტი 78), რაფაელი, რგოტა
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
მსაჯი: პეტერ გაგელმანი
63-ე წუთზე ადმირ მეჰმედიმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი, კარს ააცილა.
გაფრთხილება: შაჰინი (10), იანტჩკე (76), კორბი (90)
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 16(8)-9(5), ჯარიმა: 14-15, თამაშგარე: 4-2, სეივი: 4-8, კუთხური: 4-5
დიმა შარიქაძე









