საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრის მე-4 ტურის საუკეთესო მოთამაშედ “არმიას” ამერიკელი ფორვარდი უილიამ ტომასი დასახელდა. ტომასი საშუალოდ 15,3 ქულას; 7,5 მოხსნასა და 1,7 პასს აგროვებს, ხსენებულ ტურში კი 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
- რას იტყვით ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებაზე?
- ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება ძალიან სასიამოვნოა, თუმცა თანაგუნდელების გარეშე ვერაფერს გავხდებოდი. მათ ძალიან კარგად ითამაშეს და ბევრი სროლის განხორციელების საშუალება მომცეს.
- როგორ შეაფასებდით ჩვენს ჩემპიონატსა და მასში მონაწილე გუნდებს?
- აღსანიშნავია, რომ სუპერლიგაში ბევრი კარგი მოთამაშეა. თითოეულ გუნდს 2-3 ძლიერი კალათბურთელი ჰყავს. ამჟამად საუკეთესოები ჩვენ ვართ, მაგრამ დანარჩენი გუნდებიც ღირსეულად ასპარეზობენ.
- რომელიმეს შეუძლია თქვენი დამარცხება?
- არ ვიცი.
- რა აზრის ხართ მწვრთნელსა და თანაგუნდელებზე?
- კოტე ტუღუში ძალიან კარგი მწვრთნელია და ხშირად ჩვენს რჩევებსაც ითვალისწინებს, რადგან ყველა ლეგიონერს განსხვავებული გამოცდილება გვაქვს - ზოგს ევროპაში უთამაშია, ზოგს - კოლეჯში, ზოგსაც - NBA-ში. რაც შეეხება გუნდს, უკვე ერთი სეზონია, ერთად ვართ და ჯერ კიდევ ერთმანეთის გაცნობის პროცესში ვიმყოფებით, თუმცა საქმეები კარგად მიგვდის.
- რატომ აირჩიეთ საქარველოში თამაში?
- სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, კალათბურთში ძალიან რთული პერიოდი იყო. ევროპაშიც და ამერიკაშიც დიდი არეულობა სუფევდა, ამიტომ საიდანაც შემოთავაზება მივიღე, იქ ჩამოვედი და ძალიან მოხარული ვარ, რომ ასე მოვიქეცი.
- რას იტყვით საქართველოს შესახებ?
- თქვენი ქვეყანა ამერიკისგან ძალიან განსხვავდება, თუმცა აქ თავს კარგად ვგრძნობ.
- ამერიკის გარდა სადმე თუ გიასპარეზიათ?
- 3 სეზონის განმავლობაში ბელგიაში ვთამაშობდი.
- ბელგიამ როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?
- ბელგიაში ძალიან ბევრი ჩემი თანამემამულე თამაშობს, თითო გუნდში 6-7 ამერიკელია. ცოტა გუნდი ყავთ, თუმცა ყველა ძლიერია. ასე რომ, ბელგია ძალიან მომეწონა.
- რომელ გუნდსა და ქვეყანაში ისურვებდით თამაშს?
- ესპანეთში ასპარეზობაზე უარს არ ვიტყოდი.
- საყვარელი კალათბურთელი თუ გყავთ?
- არა, რადგან უკვე ძალიან დიდი ვარ ამისათვის (უილიამი 25 წლისაა). ახლა თავად ვარ ისეთ ასაკსა და მდგომარეობაში, რომ დამწყები კალათბურთელებისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა ვიყო.
- რა ასაკში დაიწყეთ კალათბურთის თამაში?
- როდესაც დავიბადე, მამაჩემს უთხრეს, რომ მაღალი ვიქნებოდი და 7-8 წლის გავხდი თუ არა, მაშინვე კალათბურთზე მიმიყვანა.
- კალათბურთელი რომ არ გამოსულიყავით, რა პროფესიას აირჩევდით?
- მხოლოდ კალათბურთის თამაში ვიცი და წარმოდგენა არ მაქვს, რა პროფესიას ავირჩევდი.
რუსუდან ჭუმბურიძე









