გულშემატკივრის სვეტი

11:08 | 21.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

უკეთესის მოლოდინში

როდესაც წელიწადი მთავრდება, ყველა სფეროში დასაქმებული ადამიანები წლის შედეგებს აფასებენ და წლის ავ-კარგის “დაჩოთქვაც” იწყება. მიწურული 2009, ქართულ სპორტში, უდავოდ, ერთ-ერთი საინტერესო წელი იყო და თუკი გასული წლის ნომინანტებისა და მოვლენების შერჩევას დავიწყებთ, 2009 წლის ყველაზე დიდ გამარჯვებად, გნებავთ დიდ მიღწევად, ქართველი მორაგბეების შესანიშნავი ასპარეზობა შეიძლება დასახელდეს. წლის პირველ მესამედში საქართველოს ნაკრები, არსებობის ისტორიაში, პირველად გავიდა მსოფლიო სარაგბო რეიტინგის მე-13 ადგილზე.
ჯგუფში ჩატარებული შეხვედრებიდან ქართველებმა პრაქტიკულად ყველა თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარეს. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს რუსეთთან მოსაზღვრე უკრაინულ ქალაქ მარიუპოლში რუსეთის ნაკრებთან გამართული მატჩი, სადაც ქართველებმა დაძაბულ ბრძოლასა და გამორჩეულ სტილში დაამარცხეს რუსი ‘დათვები~, რამაც საქართველო-რუსეთის ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა რუსთათვის გამანადგურებელი გახადა _ ჩატარებული 11 თამაშიდან, 8 საქართველომ მოიგო, 1 ფრედ დამთავრდა და მხოლოდ ორ შეხვედრაში შეძლეს რუსებმა გამარჯვება. წლის მეორე ნახევრისკენ კი, მორაგბეებს ჩავარდნა დაეწყოთ, თუმცა, საუკეთესო მიღწევის მათთვის მიკუთვნება ალალი უნდა იყოს!
  წლის სასიკეთო ტენდენციაა, რომ სულ უფრო მეტი მშობელი ატარებს შვილს სპორტზე. განსაკუთრებით ეს სწორედ რაგბიზე უნდა ითქვას. გაუმართავი სარაგბო ინფრასტრუქტურისა და მწირი დაფინანსების მიუხედავად, სისტემატურად იქმნება ახალ-ახალი ბავშვთა სარაგბო (მათ შორის გოგონათა) გუნდები. საქართველო უკვე ყალიბდება ნამდვილ სარაგბო ქვეყნად. გულდასაწყვეტია, რომ ამ ტენდენციის პარალელურად, ამ სახეობაში ბიზნესმენები და სახელმწიფო ფულის ჩადებას ჯერ კიდევ არ ჩქარობენ.
ჯერ კიდევ არ დაწყებულა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაპირებული 10 სარაგბო არენის მშენებლობა. კერძო ინვესტიციით დიღომში მხოლოდ ერთი სარაგბო ბაზა შენდება, მაგრამ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია, იმ მოძალებული პრობლემების ფონზე, რაც ქართულ სპორტს აქვს.
წლის თავის მოჭრა, გნებავთ, წლის სირცხვილი იყო ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების გამოსვლა. გამოცდილი არგენტინელი სპეციალისტის - ექტორ რაულ კუპერის მოსვლამ გუნდში, ფაქტობრივად, ბევრი არაფერი შეცვალა. `ჯვაროსნები~ კვლავ უსახურ ფეხბურთს აჩვენებდნენ, რაც უპირველესად, შედეგებზე აისახა. წლის ბოლოს თემურ ქეცბაიას გამწვრთნელებას გულშემატკივარი დიდი იმედებით შეხვდა. ვნახოთ, მოახდენს თუ არა ქეცბაია “ქართულ სასწაულს”.
წლის საუკეთესოს სახელს უდავოდ იმსახურებს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელსაც წლეულს ევროპირველობაზე კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ) მიეცა რანგით დაბალი ჯგუფიდან გაღწევის შანსი და ყველა ქართველი ქომაგი ერთგვარი შიშით ელოდა 2009 წლის აგვისტო-სექტემბერს, როდესაც ქართველ კალათბურთელთა ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. მოხდა ისე, რომ მათ მართლაც რომ შესაშური მონდომება და ჟინი გამოავლინეს და ზედიზედ დაამარცხეს ლუქსემბურგის, სლოვაკეთის, შვედეთის ნაკრებები, ხოლო ფლეი-ოფის ეტაპზე ბელარუსის გუნდს ორივე მატჩში მოუგეს და ღირსეულად შეაბიჯეს მსოფლიო საკალათბურთო ელიტაში. 
წლის ორი მთავარი სპორტული ღონისძიება თბილისის განახლებულ სპორტის სასახლეში ჩატარდა. აპრილში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, ივნისში კი სპორტის სასახლემ ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლა.
ქართულ სპორტში წლის სკანდალი, რა თქმა უნდა, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დილარ ხაბულიანსა და ნაკრების მთავარ მწვრთნელ შოთა ხაბარელის დაპირისპირებას უკავშირდება. ეს სკანდალი შოთა ხაბარელის გუნდიდან წასვლით დასრულდა.
2009 წლის მწვრთნელად, უეჭველად, უნდა დასახელდეს თემურ ქეცბაია. საბერძნეთსა და ინგლისში თამაშის შემდეგ, თემურ ქეცბაიამ ნავსაყუდელად, საფეხბურთო თვალსაზრისით არცთუ გამორჩეული ქვეყანა _ კვიპროსი აირჩია. შემდგომ იყო “ოლიმპიაკოსი” სადაც თემურს უსამართლოდ მოექცნენ. ახლა კი, ყველა ქართველი ქომაგის ყურადღება და იმედი კვლავ თემურს უკავშირდება.
მეტად ძნელია წლის სპორტსმენის დასახელება. რთულია არა იმიტომ, რომ 2009 წელს ქართველ სპორტსმენებს თავი არაფრით გამოუჩენიათ, არამედ იმის გამო, რომ არჩევანი დიდია. თუმცა, განვლილი სეზონის მიხედვით, ჯერჯერობით, ზაზა ფაჩულია ყველაზე მეტად იმსახურებს ამ წოდებას. ივნისში უკვე გაირკვა, რომ „ატლანტა ჰოუქსი” და ზაზა ფაჩულია ახალ, 4-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. ზაზა, ხელფასის სახით, 4 წლის განმავლობაში ატლანტურ კლუბში 19 მილიონ დოლარს მიიღებს. აქამდე, არც ერთ ქართველ სპორტსმენს ასეთი ფინანსური მონაგარი არასოდეს ჰქონია.
საქართველო, როგორც ტერიტორიის მხრივ, მოსახლეობის რაოდენობითაც ძალიან პატარა ქვეყანაა, მაგრამ ეს სიმცირე, ხშირ შემთხვევაში, ყველაზე ნაკლებად ქართულ სპორტზე და სპორტულ ტრადიციებზე აისახება. 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის მიუხედავად, 2009 წელს საქართველოს სპორტული შესაძლებლობები არათუ გაუფასურდა და დაიკარგა, არამედ პირიქით - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რა შეუძლია გააკეთოს პატარა, მაგრამ მონდომებითა და ტალანტით სავსე ხალხმა კონკრეტულ სახეობებში. მრავალი შემაფერხებელი ფაქტორის მიუხედავად, ქართულ სპორტს მომავალი ყოველთვის ჰქონდა და ექნება. ეს ყველაფერი, იმედია, მომავალ წლებში კიდევ არაერთხელ დამტკიცდება. 

ლევან სეფისკვერაძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094132