სტატიები

12:26 | 15.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელებს “მადა გაეხსნათ”

ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ, უკრაინაში საკუთარი ქვეყნის ნაკრების წარმატების მაინც და მაინც დიდად არ სჯეროდათ. ყოველ შემთხვევაში ხარკოვში ვისაც ვესაუბრე მასპინძელთა ეროვნული გუნდის შანსებზე, ყველა აღნიშნავდა, რომ უკრაინას ბოლომდე უგულშემატკივრებდა, მაგრამ თავს იკავებდნენ პროგნოზისგან, თუ რამდენ ეტაპს გაივლიდა მათი ნაკრები.
როგორც იტყვიან, “მადა ჭამაში მოდის” და პირველ ტურში ანდრეი შევჩენკოს დუბლის წყალობით შვედების დამარცხების შემდეგ, უკრაინელებს ჯგუფიდან გასვლის იმედი გაუჩნდათ. მომდევნო მატჩს ბლოხინის შეგირდები კიევის “ოლიმპიისკის” ნაცვლად დონეცკში “დონბას არენაზე” ჩაატარებენ. ადგილობრივი ქომაგების აზრის გარდა, უკრაინულ მედიაში ოლეგ ბლოხინის მიერ ჩატარებული პრესკონფერენციის დეტალებსაც გავეცანი.
ბლოხინმა სიცხეზე დაიჩივლა და მისი თქმით, ასეთ ამინდში პრესინგის თამაში რთულია. უკრაინელთა თავკაცის თქმით, ზოგიერთ მოთამაშეს მიკროტრავმები აწუხებს, მაგრამ საშიში არაფერია. შვედებთან მატჩის შემდეგ ბლოხინმა აღნიშნა, რომ გუნდურ თამაშში ნაკრებს ხარვეზები აქვს, რასაც, სხვათა შორის, გულშემატკივრებმაც გაუსვეს ხაზი ვისაც მე ვესაუბრე. უკრაინელთა დამრიგებლის აზრით, გუნდს მოსამზადებლად ორი კვირა არ ეყო, რომ ეს ნაკლოვანებები აღმოეფხვრა. თუმცა, ბლოხინის აზრით, მის გუნდს დაცვაში ისეთი შეცდომები ნამდვილად არ დაუშვია, როგორიც ჰოლანდიელებს გერმანიასთან მატჩში ჰქონდათ.
მეტოქეზე საუბრისას უკრაინელთა თავკაცი არ დაეთანხმა ფრანგების მთავარი მწვრთნელის ლორან ბლანის განცხადებას, რომლის თანახმად “სამფეროვნები” ჯგუფის აუტსაიდერები არიან, ბლოხინი ფიქრობს, რომ საფრანგეთი საუცხოო ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ბლანმა ზედმეტი თავმდამბლობა გამოავლინა.
უკრაინელთა მწვრთნელს კარგად აქვს გათავისებული, რომ ერთი გამარჯვება ჯგუფიდან გასვლის შანსს არ იძლევა. მისი მთავარი ამოცანაა, რომ  ფეხბურთელებს არცერთი მეტოქის არ შეეშინდეთ და ბოლო სამი დღის განმავლობაში სწორე ამაზე მუშაობს.   
პრესკონფერენიაზე ბუნებრივია ანდრეი შევჩენკოს თემასაც შეეხენ და ბლოხინის თქმით, უკრაინის ნაკრების ლიდერთაც საუცხოო ურთიერთობა აქვს, ისევე როგორც ნაკრების დანარჩენ ფეხბურთელებთან. მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, რომ შევჩენკო პროფესიონალია როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს მიღმა.
სხვათა შორის, ბლოხინს ის ფაქტიც შეახსენეს, რომ იულია ტიმოშენკოს ირგვლივ არსებული ვითარების გამო, თამაშს საფრანგეთის პრეზიდენტი არ დაესწრება. უკრაინელთა დამრიგებელმა მოითხოვა, რომ მისთვის პოლიტიკის თაობაზე კითხვები არ დაესვათ, რადგან მიტინგზე არ იმყოფება. აქვე გეტყვით, რომ ტიმოშენკო ხარკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობს.
რაც შეეხება პროგნოზებს, უკრაინულ “პერში კანალზე” (პირველი არხი) ყოველდღიურ საფეხბურთო გადაცემაში მიწვეულმა ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს, რომ თამაში ფრედ დასრულდება. ვნახოთ, მატჩამდე ბევრი დრო ნამდვილად არაა დარჩენილი. ხარკოვის, კიევისა და დონეცკის ფან-ზონებში კი, მოუთმენლად ელიან მატჩის დაწყებას.  
 

 

ლაშა თაბაგარი, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი ხარკოვიდან

ავტორის ფოტოები           

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173025