ინტერვიუები

10:39 | 14.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ული ჰიონესი: "ვან გაალის მოსვლის შემდეგ, სატრანსფერო პოლიტიკა შევცვალეთ"

მიუნხენის “ბაიერნში” წლების განმავლობაში გენერალურ მენეჯერად მომუშავე ული ჰიონესი, კლუბის პრეზიდენტად გასული წლის ნოემბერში არჩიეს. მისი გაპრეზიდენტების შემდეგ, ბავარიელებმა ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოიგეს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ფინალში გავიდნენ, სადაც მილანის “ინტერთან” დამარცხდნენ. ავტორიტეტული გამოცემა Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, მიუნხენელთა პრეზიდენტი ბალაკს და პოდოლსკის გადაწვდა, შვაინშტაიგერს პიროვნებად ჩამოყალიბება მოუწონა, თან ყურადღება კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის შეცვლაზეც გაამახვილა.
-  არიენ რობენის ტრავმასთან დაკავშირებულ საქმეში რის იმედი გაქვთ?
- ეს ჩვეულებრივი ტრავმა არ არის. ჰოლანდიის ნაკრების სამედიცინო შტაბს, საქმისადმი ძალიან გულგრილ დამოკიდებულებაში ვადანაშაულებ. ამიტომ, კომპრომისზე ვერ წავალთ.
- მარიო გომესის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს გადახდა, შეცდომა იყო?
- ხშირად ხდება, რომ მოთამაშე მხოლოდ მეორე სეზონში “იხსნება”. თუ ეს არ ხდება, მაშინ, კლუბს რეაგირება უწევს. ამიტომ, დარწმუნებული ვიყავით, რომ ის უნდა დარჩენილიყო.
- “ლივერპულს” მისი იჯა¬რით წაყვანა უნდოდა...
- ტრანსფერზე მხოლოდ მაშინ დავფიქრდებოდით, თუ “ლივერპულს” მისი შეძენის სურვილი ექნებოდა. თუმცა, ინგლისური კლუბი ფინანსური კრახის ზღვარზეა – ბანკები დიდ კრედიტებს აღარ აძლევენ. დღესდღეობით, მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე კლუბია, რომელსაც ფული აქვს. ერთ-ერთი მათგანი “მანჩესტერ სიტია”. თუმცა, მას ასეულობით მოთამაშის ყიდვა არ შეუძლია.   
- ლუკაშ პოდოლსკისთან ყოველთვის საუცხოო ურთიერთობა გქონდათ. ამ ფეხბურთელის კარიერის თაობაზე რას იტყვით?
- მას, როგორც ადამიანს, წარმოუდგენლად დადებითად ვაფასებ. პოდოლსკის პრობლემა ისაა, რომ “კიოლნში” მისი გადასვლისგან ძალიან ბევრს ელოდნენ. ადგილობრივი “ფანები” თვლიდნენ, რომ მასთან ერთად, 3 წელიწადის შემდეგ გაგვასწრებდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ მესია მოვიდოდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. თუმცა, ლუკაშმა ამ ზეწოლას ვერ გაუძლო.  
- ადრე, ბასტიან შვაინშტაიგერს შეგნებულად ხშირად აკრიტიკებდით...
- ბოლო 12 თვის განმავლობაში, ის ყველაფერს სწორად აკეთებს. ბასტიანი დაკაცდა, იმ პიროვნებად ჩამოყალიბდა, რომელზეც ყოველ¬თვის ვოცნებობდი. მისთვის თვალის დევნება სიამოვნებაა და არა მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე. იგი კარგ, აზრიან ინტერვიუებს იძლევა. მას თავისი ხედვა აქვს. მე მომწონს ხალხი, რომელთაც საკუთარი აზრი აქვთ.
- საკუთარი აზრი აქვს მიხაელ ბალაკსაც, რომელმაც თქვენს რჩევას ეროვნული ნაკრებიდან წასვლის თაობაზე, ყური არ დაუგდო...
- ასეთი რეკომენდაცია ისე მივეცი, როგორც მეგობარს და მისთვის ცუდი ნამდვილად არ მსურდა. ფაქტია, ამდენს აღარ ინერვიულებდა მაშინ ჩემთვის რომ დაეჯერებინა.   
- თქვენ კიდევ ფიქრობთ, რომ მისი წასვლა გამართლებული იქნებოდა?
- ვითარება შეიცვალა. მაშინ, მას წასვლა მწვერვალზე მყოფს შეეძლო. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რაც თავს დაატყდა, შემიძლია ვივარაუდო, რომ ის ნაკრებში თამაშს გააგრძელებს. შექმნილი ვითარება კარგად მესმის. კარგი გამაღიზიანებელი სპორტშიც საჭიროა და დღესდღეობით, ბალაკს ის აქვს.
- ლუის ვან გაალს, საკუთარი მომავლის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მისი კონტრაქტი 2011 წელს იწურება...
- ამის თაობაზე საერთოდ არ ვნერვიულობ. ჩემი აზრით, მიმდინარე სეზონის შემდეგ, ის გუნდში დარჩება.
- წინათ, “ბაიერნი” გელზენკირხენის “შალკეს” მეკარის, მანუელ ნოიერის შეძენით იყო დაინტერესებული...
- ეს საკითხი მე არ მეხება. შემიძლია ვთქვა, რომ ვან გაალის მოსვლის შემდეგ, სატრანსფერო პოლიტიკა შევცვალეთ. ადრე, ვეტყოდით ოტმარ ჰიტცფელდს: “ჩვენ ნოიერს ვყიდულობთ” და ის ამ სიახლეს აღფრთოვანებული შეხვდებოდა. თუმცა, ვან გაალი სხვა პრინციპით მუშაობს. მაგალითად, სამი ხედირას შეძენა გვსურდა, მაგრამ ვან გაალმა თქვა, რომ იგი არ გვჭირდებოდა, რადგან დავიდ ალაბა გვყავდა. ხედირას 15 მილიონად ყიდვა შეგვეძლო, თუმცა ლუისი მაინც ალაბას ათამაშებდა.  

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097048