დღეს 110 წელი შესრულდა მეოცე საუკუნის საუკეთესო საფეხბურთო კლუბის მადრიდის “რეალის” დაარსებიდან. კასტილიელთა საამაყო გუნდში არაერთი კაშკაშა ვარსკვლავი გამოდიოდა და მის ფეხბურთელებსაც ავტორიტეტული სპეციალისტები ედგნენ სათავეში, ამასთან, მთლიანობაში, ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში ყველაზე დიდ წარმატებას ვისენტე დელ ბოსკემ მიაღწია. ამიტომაც “რეალის” საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი წინამძღოლის სამოთამაშეო და სამწვრთნელო კარიერის შესახებ თქვენი ყურადღების შეჩერება გადავწყვიტეთ.
ვისენტე დელ ბოსკესთვის მადრიდის “რეალი” გახდა უნივერსიტეტი. სხვაგვარად შეუძლებელია იმ ადამიანზე საუბარი, რომელიც “სამეფო კლუბში" იღვწოდა ადრეული ასაკიდან. მას არ ჰქონდა სხვა განათლება, გარდა იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში იღებდა უმაღლეს განათლებას ერთ კლუბში. გამონაკლისი ის 8 თვეა, რომელიც მან თურქეთში გაატარა, სადაც არც თუ ისე დიდი გამოცდილება შეიძინა და ამას დამატებული ის 4 წელი, რომელსაც ესპანეთის ნაკრების თავკაცის რანგში ატარებს. სხვა მხრივ ვისენტე დელ ბოსკეს ბიოგრაფია მთლიანად “თეთრადაა შეღებილი”. არადა, როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში, მასთან დამშვიდობებაც გულდასაწყვეტი აღმოჩნდა: დელ ბოსკეს კორიდორში დაემშვიდობნენ, სკამიც კი არ შეუთავაზებიათ განშორების წინ ჩამოსაჯდომად.
...სამხრეთ აფრიკის მუნდიალის დაწყებამდე ერთადერთ მწვრთნელს ჰქონდა მოგებული მუნდიალი და ჩემპიონთა ლიგა, 2010 წლის 11 ივლისიდან მოყოლებული კი მარჩელო ლიპის გარდა, ამ ორ ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტიტულს ვისენტე დელ ბოსკეც ფლობს. “ფურია როხა” მსოფლიოს ჩემპიონატზე ფავორიტის სტატუსით ჩავიდა, შვეიცარიასთან წაფორხილებამ კი გუნდისა და მისი დამრიგებლის შესაძლებლობებში ბევრს ეჭვი შეატანინა. მადრიდის “რეალის” ყოფილი მოთამაშე და დამრიგებელი კი თავის საქმეს კვლავინდებურად დინჯად, აუღელვებლად, ღიმილით და ულვაშების ცმაცუნით განაგრძობდა. იგი არათუ ჟურნალისტებთან საუბარს გაურბოდა, პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ შერეულ ზონაშიც გადიოდა და უცნობებთან მასლაათობდა. დელ ბოსკე ყველაზე ტექნიკური არმადას უნარიანად გაძღოლას განაგრძობდა. იგი ყოველთვის ახერხებდა საერთო ენის გამონახვას ვარსკვლავებთან. ასე იყო “რეალში”, როცა გალაქტიკოს ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, სელექსიონის დამრიგებლობისას კი უპირველესად კატალონელ დიდოსტატებთან მუშაობისას მართებდა ოპტიმალური ურთიერთობის დამყარება და აქედან გამომდინარე, ოპტიმალური თამაშის მიგნება-ჩვენება. ვისენტე დელ ბოსკემ მასზე დაკისრებულ ყველა ამოცანას თავი ბრწყინვალედ გაართვა. “ფურია როხას” დამრიგებელმა მუნდიალის მსვლელობისას მოქნილი მწვრთნელის შთაბეჭდილება დატოვა. დელ ბოსკე თავისი გუნდის სათამაშო სტრატეგიას მოწინააღმდეგის სტილისტური თავისებურებების და თვისებების გათვალისწინებით არჩევდა. ფიზიკურად მძლავრ გერმანელებთან მან ფერნანდო ტორესს 22 წლის სწრაფი პედრო ამჯობინა. მუნდიალის ნახევარფინალში სინიორ ვისენტემ ერთბაშად 7 ბარსელონელი დააყენა და არც ხოსეპ გვარდიოლას მოდიფიკაციის კოპირებაზე თქვა უარი. პუიოლი და პიკე დელ ბოსკემ დაცვის ცენტრში დააყენა, ხავი და ბუსკეტსი მათ წინ განლაგდნენ, ინიესტა და პედრო ფლანგებზე, კამპნოუელთა მაშინდელი ახალწვეული დავიდ ვილია კი შეტევის წინა ხაზზე. ამ კონსტრუქციაში პედროს მესის ფუნქციების შესრულება დაევალა. პედროც ლეოს ანალოგი იყო, ოღონდ არა ალბისელესტეში მოასპარეზე მესის, არამედ “ბარსაში” მოთამაშისა. “ფურია როხამ” გერმანელები თავისი საფირმო იარაღით, ბურთის კონტროლით დაჩაგრა. ამდენი ხნით “ჯაბულანის” გორება მუნდიალის არცერთ სხვა მონაწილეს არ შეეძლო. იოაჰიმ ლიოვმა ეს მატჩამდეც მშვენივრად იცოდა, მაგრამ კონტრზომას ვერ მიაგნო, ერთ-ერთ ინტერვიუში კი აღიარა, წარმოუდგენელია ნახატი ხელებშეკრულმა დახატოო. ჰოლანდიელებთან ფინალს რაც შეეხება, ვისენტე დელ ბოსკემ “ბარსას” სათამაშო პრინციპს კვლავ უერთგულა, მეორე ტაიმსა და დამატებით დროში გაკეთებულმა ცვლილებებმა კი “ფურია როხას” ასპარეზობა არ გადაასხვაფერა, მის თამაშს რიტმი და საბრძოლო განწყობა გაუძლიერა. ეს განსაკუთრებით ხესუს ნავასსა და სესკ ფაბრეგასზე ითქმის. დაუკვირდით ერთ მომენტსაც, დელ ბოსკემ ის ფეხბურთელები დასვა სათადარიგოთა სკამზე (ხაბი ალონსო, დავიდ ვილია), რომლებსაც პენალტების სერიის დანიშვნის შემთხვევაში თერთმეტმეტრიანები უნდა შეესრულებინათ. ასე რომ, სინიორ ვისენტე მოგებაზე ფიქრობდა და ზრუნავდა...
ვისენტე დელ ბოსკე გონსალესი სალამანკას პროვინციის ამავე სახელწოდების დედაქალაქში 1950 წლის 23 დეკემბერს დაიბადა. ამპლუით ნახევარმცველი “კორდობასა” და “კასტელიონის” ღირსებას იცავდა, 1973-84 წლებში კი მადრიდელთა `სამეფო კლუბის” სრულუფლებიანი წევრი გახლდათ. `რეალის” შემადგენლობაში დელ ბოსკემ 312 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა, ხუთჯერ პირენელთა ჩემპიონატი მოიგო, ოთხჯერ – “კოპა დელ რეი”.
საფეხბურთო მინდორზე დელ ბოსკე ვარსკვლავი ნაღდად არ ყოფილა, თუმცა, მონდომებისა და შრომისმოყვარეობის გამო მან როგორც გულშემატკივართა აღიარება და სიყვარული, ასევე მწვრთნელთა ნდობაც დაიმსახურა. დელ ბოსკეს ესპანეთის ნაკრებში იბერიელთა უპირველესი გუნდის მაშინდელი დამრიგებელი ლადისლაო კუბალა უხმობდა და საყრდენმა ნახევარმცველმა დელ ბოსკემ ევროპის 1980 წლის ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა. ტურნირი კი ესპანელთათვის უიღბლო გამოდგა – იტალიაში “ფურია როხამ” ჯგუფური ეტაპის ბარიერი ვერ დაძლია. აქტიური საფეხბურთო კარიერის მიწურულს კი სენიორ ვისენტე სამომავლო საქმიანობის არჩევნის წინაშე არ დამდგარა – ვარსკვლავ-ჩემპიონთა მომავალმა აღმზრდელ-დამრიგებელმა სამწვრთნელო ლიცენზია 26 წლისამ აიღო.
Dდელ ბოსკე მოთამაშეობის შემდეგაც `რეალში” დარჩა, ჯერ “სამეფო კლუბის” ბავშვთა გუნდების მწვრთნელობა დაიწყო, შემდეგ მეორე გუნდს ხელმძღვანელობდა. მუშაობდა კაცი თავისთვის მშვიდად და აუღელვებლად, საყვარელ საქმეს ემსახურებოდა და არც იმის ილუზია ჰქონდა, ოდესმე “რეალის” მთავარი მწვრთნელი რომ გახდებოდა. ბედნიერი შემთხვევის გამოისობით კი ესეც მოხდა. 1994 წელს დელ ბოსკე სამი თვით მოძღვრავდა “რეალის” ფეხბურთელებს (მთავარწვრთნელობიდან ბენიტო ფლოროს მოხსნისა და ხორხე ვალდანოს დანიშვნამდე), თუმცა, იმხანად ძნელი წარმოსადგენი იყო, სენიორ ვისენტეს ამგვარ ნდობას კიდევ ერთხელ რომ გამოუცხადებდნენ. 1999 წელს განვითარებულმა მოვლენებმა კი მის სამწვრთნელო აღმასვლას ხელი დიდად შეუწყო. ფაბიო კაპელომ “რეალი” ჩემპიონი გახადა, თუმცა მაინც დაითხოვეს და იტალიელის ნაცვლად გერმანელ იუპ ჰაინკესს უხმეს. ალემანმა კასტილიაში დიდხანს ვერ გაძლო, მასზე ნაკლები დროის განმავლობაში მოძღვრავდნენ “სამეფო კლუბის” ფეხბურთელებს ჰოლანდიელი გუუს ჰიდინკი და მადრიდში ხელმეორედ მიბრუნებული უელსელი ჯონ ტოშაკი. ყოველივე ამან მოთამაშეთა ფსიქოლოგიური მდგრადობა შეარყია და გუნდში დისციპლინაც მოიშალა. მძიმე მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორების მიზნით “რეალის” მაშინდელმა პრეზიდენტმა ლორენსო სანსმა მთავარწვრთნელობა ვისენტე დელ ბოსკეს მიანდო და არც შემცდარა.
დელ ბოსკეს დამრიგებლად მისვლისთანავე გუნდის მორალური კლიმატი გაჯანსაღდა. დელ ბოსკემ ბოლო მოუღო ფეხბურთელთა დაჯგუფებებად დაყოფას, თანაც, ამას რაიმე რეპრესიული ზომების გატარებით კი არ მიაღწია, არამედ ურთიერთპატივისცემისა და ნდობის განმტკიცებით. 1999-2000 წლების სეზონის პირველი ნახევარი “რეალმა” ჩააფლავა. გუნდი ქვემოთ მიექანებოდა და ამ დროს დელ ბოსკეს მისვლა ნამდვილი ხსნა აღმოჩნდა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “სამეფო კლუბი” მიუნხენის “ბაიერნთან” შინაც (2:4) და გასვლაზეც (1:4) დამარცხდა და პლეი ოფს მხოლოდ კიევის “დინამოსთან” ურთიერთშეხვედრების უკეთესი ბალანსის (გატანილ-მიღებული ბურთების შეფარდება კასტილიელებს უკრაინელებზე უარესი ჰქონდათ) წყალობით უწია. ფინალისკენ მიმავალ გზაზე კი “რეალი” ჯერ `მანჩესტერ იუნაიტედს” გაუსწორდა (0:0, 3:2), შემდეგ “ბაიერნთან” აიღო რევანში (2:0, 1:2), გადამწყვეტ მატჩში კი პარიზის “სენ დენიზე” ექტორ რაულ კუპერის “ვალენსიას” შეხვდა. ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა კარგი გუნდი ჰყავდა მაშინ საქართველოს ნაკრების ექსმწვრთნელს, მაგრამ დელ ბოსკემ არგენტინელ სპეციალისტს ტაქტიკურად აჯობა, მადრიდელმა ფეხბურთელებმა კი ვალენსიელები დაჯაბნეს – “რეალმა” 3:0 მოიგო.
ცხადია, ჩემპიონთა თასის დაუფლებამ დელ ბოსკეს ავტორიტეტი აამაღლა და კლუბის საპრეზიდენტო არჩევნების მოგების შემდეგ ფლორენტინო პერესმა მწვრთნელთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. არც შემცდარა – მართალია, “რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი დათმო (“ბაიერნთან”), სამაგიეროდ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგა მოიგო.
ვისენტე დელ ბოსკე პერესის კონცეფციას “ყოველ წელს თითო ვარსკვლავი” კარგად მიესადაგებოდა. დამრიგებელი პატივმოყვარეობით არ გამოირჩეოდა და ფეხბურთელებსაც თამაშში ხელს არ “უშლიდა”. დელ ბოსკემ ფიგუ, რაული, ზიდანი, რაული, რონალდო, რობერტო კარლოსი მკაცრად განსაზღვრული ტაქტიკური სქემების ტყვეობიდან გაათავისუფლა და იმპროვიზირების საშუალება მისცა. სენიორ ვისენტე კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას არასდროს განსაზღვრავდა. ამას, ფეხბურთელებში, მისი გავლენა, თითქოს, უნდა შეემცირებინა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. იმდროინდელი “რეალი” ევროპაში ლამის ყველაზე მეგობრული გუნდი გახდა. მოთამაშეები მთავარ მწვრთნელს აღმერთებდნენ, ზინედინ ზიდანი კი დელ ბოსკეს “სამეფო კლუბის” იდეალურ მწვრთნელად მიიჩნევდა.
დელ ბოსკე გამოკვეთილი “თეორეტიკოსი” არასდროს ყოფილა, თუმცა, თანდათან იგი ტაქტიკოსად და სტრატეგადაც კი ყალიბდებოდა. სენიორ ვისენტე უნარიანად ანაწილებდა ცალკეული მოთამაშისა თუ მთლიანად გუნდის ძალას მთელი სეზონის Gგანმავლობაში და ყოველთვის ზედმიწევნით ზუსტად გრძნობდა, თუ როდის უნდა მოემატებინა ფეხბურთელს და როდის შეენახა ენერგია. Aასე რომ, “რეალი” წარმატებას წარმატებაზე არა მარტო დამრიგებლისა და შეგირდების ჰარმონიული ურთიერთობის ხარჯზე აღწევდა, არამედ მთავარი მწვრთნელის “საფეხბურთო ეშმაკობებითაც”. დელ ბოსკე უმტკივნეულოდ ახერხებდა გუნდის საშემსრულებლო ორკესტრში ახალ-ახალი ვარსკვლავების შერწყმას. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ლუიშ ფიგუსა და ზინედინ ზიდანის შემთხვევებია. ეს მოთამაშეები თავიანთ ადრინდელ კლუბებში “პირველი ვიოლინოს” შემსრულებლები იყვნენ, “რეალში” მათი როლი ოდნავადაც არ დაკნინებულა. ორივე უმტკივნეულოდ გახდა იმ ორკესტრის წევრი, რომელშიც გამოკვეთილი სოლისტი არ იყო და “დირიჟორის” როლის შესრულება ფეხბურთელებს მონაცვლეობით უწევდათ. დელ ბოსკეს ხელში არც ერთი ვარკვლავი გუნდის “უცხო სხეულად” არ ქცეულა. “სამეფო კლუბის” დამრიგებელმა მოახერხა შთაენერგა ნებისმიერი ვარსკვლავისთვის, რომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” თამაში უდიდესი პატივი და ამასთან იმავე დოზის პასუხისმგებლობაც იყო. ვისენტე დელ ბოსკეს “რეალი” არისტოკრატთა კლუბი გახლდათ, რომლის ფეხბურთელებმაც საკუთარი თავის ფასი მშვენივრად იცოდნენ, პატივს სცემდნენ მწვრთნელსა და პარტნიორებს და ტიტულს ტიტულზეც იხვეჭდნენ. ტრიუმფულად დაიწყო და დაასრულა “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის 2001-02 წლების გათამაშება. გუნდმა ჯგუფში დამაჯერებლად დაიკავა პირველი ადგილი, მეოთხედფინალ-ნახევარფინალში კი “ბაიერნსა” და “ბარსელონასთან” 4 დაუვიწყარი საფეხბურთო სპექტაკლი გვაჩუქა. საპლეიოფო რაუნდში დელ ბოსკეს ბიჭები ბავარიელებსა და კატალონიელებზე უკეთ გამოიყურებოდნენ და “რეალის” ფინალში გასვლა სავსებით დამსახურებული გახლდათ. გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე” კლაუს ტოპმიოლერის “ბაიერთან” ჩატარებული გადამწყვეტი მატჩის ცალკეულ დეტალებს არ შეგახსენებთ - ზიდანის მიერ გატანილ გოლს ხომ ფეხბურთის ისტორიაში თამამად შეგვიძლია ერთ-ერთი საუკეთესო ვუწოდოთ და იგი ნებისმიერ ჩვენთაგანს მშვენივრად ახსოვს.
2003 წლის მაისში ვისენტე დელ ბოსკემ `რეალს” 29-ედ მოაგებინა ესპანეთის ჩემპიონობა, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელებმა კი მას მორიგი ტიტული “ორიგინალურად” მიულოცეს – პრიმერა დივიზიონის დასრულების მეორე დღეს გამოცხადდა, რომ კლუბი მთავარ მწვრთნელს... კონტრაქტს არ გაუგრძელებდა. ამ ცნობამ მთელი საფეხბურთო სამყარო გაოგნებული დატოვა – დი სტეფანოსა და პუშკაშის პერიოდიდან მოყოლებული “რეალი” არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი და მიმზიდველი, როგორც ვისენტე დელ ბოსკეს მთავარმწვრთნელობისას...
2004-05 წლების სეზონში დელ ბოსკე სტამბოლურ “ბეშიქთაშს” წვრთნიდა, 2008 წლის 11 მარტს კი გაცხადდა, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლუის არაგონესის ნაცვლად “ფურია როხას” სათავეში ვისენტე დელ ბოსკე მივიდოდა...
გოჩა კაჭარავა









