ევროპის ჩემპიონ ქართველ ძიუდოისტ ამირან პაპინაშვილს (60 კგ), მსოფლიოს კვარცხლბეკამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. უმსუბუქესი წონითი კატეგორიის მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა, რიო დე ჟანეიროში გუშინ დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა.
პაპინაშვილი 61 მონაწილეს შორის პირველ ნომრად იყო განთესილი და მეორე წრიდან, მეთექვსმეტედფინალიდან დაიწყო, სადაც თურქი აჰმეთ საჰინ კაბა მეოთხე წუთის მიწურულს შებოჭა. იქამდე ერთი წუთით ადრე, პაპინაშვილმა მეტოქეს ვაზარიც შეუსრულა.
მერვედფინალში, გერმანელი ტობიას ენგელმაიერი ხუთი წუთის განმავლობაში ორჯერ დასცა იუკოზე. შემდეგ ყაზახ ასხატ ტელმანოვს იპონით გასცდა, მაგრამ ბრძოლის დასაწყისში, ქომაგები გვარიანად აანერვიულა – პირველსავე წუთზე იუკო დაკარგა. მალევე, ამირანმა ჯერ ვაზარი შეასრულა, მერე კი მოწინააღმდეგე შებოჭვაზე გამოიჭირა და ორიოდ წამიც რომ ჰყოლოდა შებოჭილი, მეორე ვაზარით მოამთავრებდა საქმეს. იპონი მაინც შეასრულა, თან იშვიათი სილამაზის მოგვერდით.
ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაიკარგა, საფინალო სირენამდე 24 წამით ადრე. ამირან პაპინაშვილი მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაას გაფრთხილებებით 3:1 უგებდა, როდესაც, მოულოდნელად ბეჭებზე დავარდა.
“ბრინჯაოს ფინალში” გადართულმა ქართველმა მსუბუქწონოსანმა, მორიგი იპონი აზერბაიჯანელი ორხან საფაროვისგან იწვნია, საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე.
მსოფლიოს ჩემპიონი, იაპონელი ნაოჰისა ტაკატო გახდა, ვინაც ფინალში დაშდავაას ერთი გაფრთხილების უპირატესობით სძლია.
27 აგვისტოს, მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცებში 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან, ქალებში – 52 კილოგრამში. საქართველოს სახელით, ტატამზე ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გავა.
66 კილოგრამში შავდათუაშვილი პირველ წრეში დაისვენებს და საქმეში ოცდამეთორმეტედფინალიდან ჩაერთვება, სადაც ჩრდილოკორეელ იუნგ სიკ ჩოეს დაეჭიდება. თუ დაამარცხებს, ბრიტანელ კოლინ ოუტსსა და უზბეკ რიშოდ სობიროვს შორის მოგებულს შეხვდება. ეს უკანასკნელი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ოღონდ 60 კილოგრამში. ოუტსს კი, ქართველმა ძიუდოისტმა ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედფინალში, ოქროს დროში მოუგო.
მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში, შავდათუაშვილის სავარაუდო მეტოქეებს შორის, ყველაზე გამოცდილი, რუსეთის ნაკრების წევრი ალიმ გადანოვია. მეოთხედფინალში: სამხრეთკორეელი იუნ-ჰო ჩო, იაპონელი მასააკი ფუკუოკა და სომეხი არმენ ნაზარიანი. ნახევარფინალში კი, ქართველი ძიუდოისტის სატურნირო გზა მსოფლიოს რეიტინგის მონღოლი ლიდერის, ტუმურხულეგ დავაადორჟის გზას კვეთს.
ძიუდო
მსოფლიოს ჩემპიონატი
რიო დე ჟანეირო
26 აგვისტო
კაცები
60 კგ
1 ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)
2 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)
3 ვონ ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)
5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
ქალები
48 კგ
1 ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლეთი)
2 ჰარუნა ასამი (იაპონია)
3 სარა მენეზეში (ბრაზილია)
3 შერლინ ვან სნიკი (ბელგია)
ოთარ მაღლაკელიძე







