უპასუხისმგებლობა და ფეხებზემკიდიაობა ის დაავადებებია, რომლებიც ქართულ სპორტს ყოველთვის სჭირდა და არაერთხელ მომხდარა, რომ სწორედ ამ სენის გამო, ვერ და არ მიგვიღწევია მნიშვნელოვანი წარმატებისათვის. ის, რაც იაპონიაში ქართველ ძიუდოისტებს შეემთხვათ, მხოლოდ ამირან ტოტიკაშვილის ბრალი ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა, უპირველესად, სწორედ ნაკრების მთავარი მწვრთვნელი იყო მოვალე, რომ ელემენტარულად მეტი ყურადღება გამოეჩინა და ირაკლი ცირეკიძე რაიმენაირად ტატამამდე მიეყვანა, მაგრამ ეს ხომ პირველი შემთხვევა ნამდვილად არ ყოფილა... ამ დროს ყველას, რა თქმა უნდა, აწონვაზე დაგვიანებული დავით ხახალეიშვილი გაგვახსენდება, რომელიც ატლანტის ოლიმპიადაზე ოქროს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იყო. მაშინ, ამის გამო არავინ დასჯილა. ამის შემდეგაც არაერთხელ შეეწირა ქართული სპორტი მავანთა უპასუხისმგებლობას, თუმცა ყველა ასეთი საჭოჭმანო სიტუაცია, როგორც წესი, მარტივად იფარცხებოდა და ქვიშაში თავჩარგული სირაქლემებივით ვუცქერდით ყველაფერს. დღეს ყველა საუბრობს დიდ შეცდომებსა და უპასუხისმგებლობაზე, რის გამოც, ცირეკიძემ იაპონია ტურისტის სტატუსით დატოვა, თუმცა უნამუსობა იქნება მხოლოდ ძიუდოს ფედერაციის დანაშაულზე საუბარი, რომ არაფერი ვთქვათ ჩვენს სპორტის სამინისტროზე, რომელმაც ყველა ბრალეულობა ამ სტრუქტურას მიაწერა. კი ბატონო, ვთქვათ გვჯერა, რომ, როგორც მინისტრი ამბობს, ხელისუფლება და სპორტის სამინისტრო მხოლოდ ფულს ურიცხავს და არ ერევა ძიუდოს ფედერაციის მუშაობაში. და მერე ეს სწორია? ჩარევა მხოლოდ გუნდის დაყენებას და ძიუდოსტების შერჩევას ხომ არ გულისხმობს? ფედერაციას რომ ფულს უხდი, რატომ არ უნდა ინტერესდებოდე, სად იხარჯება ეს ფული, როგორია მწვრთნელების ხარისხი და სპორტსმენთა მომზადების დონე? რატომ არ იღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეს ხალხი სწორედ შენი (უფროს სწორად კი ჩვენი) გადასახედებით აგროვებული ფულით საზრდოობს? მხოლოდ ფულის მიცემაა საქმე?
ანტონ ჩეხოვი თავის ერთ-ერთ მოთხრობაში კარგ რამეს წერდა ასეთ ფსევდოთავისუფალ მიდგომაზე: “გუშინ ბატონმა ევგენოვმა თავისი ორი გლეხი გაამათრახა – აქაოდა, ჩემს ცხენებს კარგად ვერ მოუარესო. არადა, ყველაზე მეტად, სწორედ ბატონი ევგენოვი იმსახურებდა მათრახებს, რომელმაც ცხენები ასეთ ზარმაც გლეხებს რომ მიანდო”.
ქართული ძიუდოს გარშემო არსებულ პრობლემებზე, ყველაზე მეტად, ალბათ მაინც რიგითი ქართველი ქომაგი სწუხს. ვებ-გვერდ worldsport.ge- ს ფორუმზეც ნათლად შეიძლება იმის დანახვა, თუ რა განწყობები ჩამოუყალიბდა გულშემატკივრებს იმ ყველაფერზე, რაც იაპონიაში მოხდა, მაგრამ იაპონიით ნამდვილად არ დაწყებულა. აი, რას წერენ ქომაგები:
ზაგო: “ძნელია მართლაც, ემოციები მოთოკო. შევეგუოთ, რომ ხაბარელი (მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარებული) და ეს ჯიუტი სპორტის ხელმძღვანელობა ერთად ვერ იმუშავებენ. ამიტომ, მთელი აქცენტი უნდა გადავიტანოთ ბავშვთა ჭიდაობაზე. კარგი იქნება, თუ ქართველი მილიონერები შეფობას აიღებენ ცალკეულ რაიონებზე და გაუწევენ ფინანსურ დახმარებებს”.
ჰიტლერი: “მთავრობის ადგილზე, მე პირადად მოვთხოვდი ფედერაციას დაესაბუთებინა ის ხარჯი, რაც ბიუჯეტმა გასწია იქ თხუთმეტი ძიუდოისტით გამგზავრებისას. ეჭვი მაქვს, ეგ სპეციალურად გაკეთდა. მგზავრობა კვება სასტუმრო.... ალბათ, სამმაგ ფასებს მიუთითებდნენ წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დროს”.
გუგი09: “ასეთი რამე მხოლოდ ქართველებს უნდა შეემთხვეს. უპასუხისმგებლობისა და არაპროფესიონალიზმის ბუდეა მთელი ფედერაცია. შედეგებიც ამიტომ აქვთ ასეთი “ბრწყინვალე”. რას იტყვის ტოტიკაშვილი და ხაბულიანი საინტერესოა, თუ სინდისი კიდევ შერჩათ. გადააყოლეს პირად ინტერესებს ქართული ძიუდო. სირცხვილია, თავი მოგვეჭრა ამ დოყლაპიების გამო”
ეს კომენტარები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ განწყობებისა, რაც ქართველ ქომაგებში დღეს არსებობს და შეგნებულად არ ამოვკრიფე ის კომენტარები, სადაც ბევრად უფრო მწვავედ არის მდგომარეობა დახატული. ფაქტი კი ისაა, რომ ქართულ ძიუდოს, ისევე, როგორც მთელს ქვეყანას, დიდი და ძნელად დასამარცხებელი სენი სჭირს. ეს ის სენია, რომელიც ბოლო ორასი წელია ჯიგარს გვიღრღნის და სიბნელეში ხელის ცეცებით გამოსავალს დღემდე დავეძებთ...
ლევან სეფისკვერაძე









