ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, უშანგი ყურაშვილი 2-წლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა. ერთ კვირაში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება და მოჭიდავეები ახალ ხელმძღვანელს აირჩევენ. კულუარებში გავრცელებული ხმებით, ყურაშვილმა გადაწყვეტილება “საჭიდაო ოჯახში” აგორებული დაპირისპირებების გამო მიიღო, თუმც ოფიციალური განცხადება აქამდე არ გაუკეთებია და დაზუსტებული ინფორმაციის მოსაპოვებლად, “მსოფლიო სპორტი”, მასვე შეეხმიანა.
- შევიტყვეთ, რომ გადადგომას აპირებთ...
- შეგიძლიათ დაწეროთ, რომ უკვე დავტოვე თანამდებობა. ამის შესახებ ფედერაციის აღმასკომის წევრებსაც განვუცხადე.
- რატომ მიიღეთ ამგვარი გადაწყვეტილება?
- რამდენიმე მიზეზის გამო. პირველყოვლისა, იმიტომ, რომ ძალიან შრომატევადი საქმეა. 2 წლის განმავლობაში არ გავჩერებულვარ. ამ პერიოდში ქართული ჭიდაობა აშკარად გამოცოცხლდა და პოპულარობაც საგრძნობლად გაიზარდა. სიმართლე გითხრათ, უმძიმეს რეჟიმში მუშაობამ ჩამაფიქრა. ბიზნესსაც ვეღარ ვაქცევდი სათანადო ყურადღებას და ოჯახურმა მდგომარეობამაც იქონია გავლენა საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
- გავრცელდა ხმა, რომ ფედერაციის ერთ გუნდად შეკვრა ვერ შეძელით და ამის გამო მიდიხართ...
- საერთო ენა ყველასთან გამოვნახე. რა თქმა უნდა, შიგადაშიგ იყო მცირე უთანხმოებები, მაგრამ მთლიანობაში პოზიტიური ნეგატიურს ბევრად აჭარბებდა. დამიჯერეთ, აბსოლუტური ერთსულოვნება რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა ასე პროდუქტიულად ვერც გვემუშავა. განსხვავებული აზრი მეტ სტიმულს მაძლევდა.
- ფედერაციაში არსებული დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საჭიდაო ჩოხებისთვის მკლავების დაგრძელება ხომ არ გახდა?
- ამ გადაწყვეტილებამ მართლაც დიდი სჯა-ბაასი გამოიწვია, თუმც ეს ცვლილება ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული მაინც არაა. 2-წლიანი ექსპერიმენტია და ამ ვადის გასვლის შემდეგ “საჭიდაო ოჯახი” ერთად იმსჯელებს, დარჩეს თუ არა ძალაში. ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგით. უმკლავო ჩოხით ჭიდაობისას ტრავმების რისკი უფრო მაღალი იყო და ბევრი სპორტსმენი ტურნირებში მონაწილეობის მიღებას ამის გამო ერიდებოდა. ცვლილების განხორციელების შემდეგ კი ყველამ კარგად ნახა, ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თითქმის სრული შემადგენლობით ჩაერთო. ჩემი აზრით, სანახაობრივი მხარეც გაიზარდა. ჭიდაობა უფრო ლამაზი გახდა.
- ალბათ გეცოდინებათ, ვინ გააგრძელებს თქვენს საქმიანობას...
- ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი მსურველია დღეს და რამდენი იქნება უშუალოდ კენჭისყრისას, 15 დეკემბერს. შეიძლება კანდიდატთა რაოდენობა გაიზარდოს ან შემცირდეს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უკვე არსებობს ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი. მისი არჩევის შემთხვევაში მოხარული ვიქნები, რადგან ისეთი კაცია, რომლის ხელშიც ქართული ჭიდაობა მხოლოდ და მხოლოდ წინ წავა.
- არ დაგვიკონკრეტებთ?
- ამ ეტაპზე ჯობია არ დავაზუსტო. ჯერ არჩევნებამდე საკმაო დრო რჩება...
- თავად რას აპირებთ. სპორტს ჩამოსცილდებით?
- ერთი ნამდვილად ვიცი - ჭიდაობის გარეშე ვერ გავძლებ. ამიტომ, მუდამ ამ სახეობის გვერდით ვიქნები. თანამდებობა სულაც არაა აუცილებელი, რომ კარგი საქმეები გააკეთო. კონკრეტულად რა მიმართულებას ავირჩევ, ამაზე პასუხის გაცემა ჯერ გამიჭირდება. შეიძლება პოლიტიკაშიც წავიდე, ოღონდ არამც და არამც ოპოზიციაში. აქვე მინდა მომენტით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარში დაგვიდგა - ოლიმპიურ კომიტეტს, სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიას, რომელთაც ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესი პროექტი დაგვიფინანსეს. განსაკუთრებული მადლობა კი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელს. მისი ინიციატივით, 2011 წლიდან ქართულ ჭიდაობაში საკლუბო ჩემპიონატი ჩატარდება და საუკეთესო კლუბის წოდებისთვის 8 გუნდი იბრძოლებს.
“მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი, ვეტერანი მოჭიდავე, თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძეა.
ოთარ მაღლაკელიძე







