საქართველოს სამბისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ოლეგ იაძის პროგნოზი – 5-6 ოქროს მედალი, ქართველმა სამბისტებმა ნაადრევად, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი დღით ადრე უკვე გადაჭარბებით შეასრულეს – 7 ოქრო მოიპოვეს და თუ 8-9 ოქტომბრის წარმატებები 10-შიც გაგრძელდა, ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებებს გუნდურ ჩემპიონობას ვერავინ შეეცილება. უფრო ზუსტად კი, გამოსარჩევი კონკურენტი ერთადერთია – რუსეთი. ჩემპიონ-პრიზიორები ჭაბუკთა, ახალგაზრდათა და გოგონათა ორივე ასაკობრივ ჯგუფში სამ-სამ წონით კატეგორიაშიღა დარჩა გამოსავლენი.
გუშინ სულ მედლების 16 კომპლექტი გათამაშდა და საქართველოს ნაკრების წევრებმა 4 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო შემატეს სამ-სამ ოქრო-ბრინჯაოიან ყულაბას.
ყველაზე დიდი სიურპრიზი გულშემატკივრებს 20-წლამდე გოგონებში მოჭიდავე ნინო ოძელაშვილმა (72 კგ) მიუძღვნა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა სამბოში მსოფლიო დებიუტი ოქროს მედლით დაამშვენა. იგი შეჯიბრში პირდაპირ მე-2 წრიდან – ნახევარფინალიდან ჩაერთო და ყველასათვის მოულოდნელად, უმთავრესი ფავორიტი, რუსი ჟანარა კუსანოვა გაამწარა – 1:0. ფინალში კი, ბელარუს ანჟელა მოროზოვას 3:0 სძლია. ცნობისთვის, ახალგაზრდების 4 წონითი კატეგორიიდან 3-ში რუსებმა ოქრო მოიპოვეს და მხოლოდ 72 კილოგრამში დარჩნენ ფინალს მიღმა.
ამავე ასაკობრივ ჯგუფში, დარინა აბულაძემ (48 კგ) მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა. მომავალ ჩემპიონთან – რუს ანა გორელიკოვასთან მარცხის შემდეგ, პირდაპირ რეპეშაჟის ფინალში გადაერთო და ვენესუელელ ირინა ლუნარს აჯობა.
9 ოქტომბერი განსაკუთრებულად წარმატებული ახალგაზრდა ქართველი ვაჟებისთვის გამოდგა. ემილ რაშის გუნდის 4 წევრიდან სამმა ფინალის საგზური მოიპოვა. ზაზა დავაძემ (90 კგ) და ლევან მუქერიამ (+100 კგ) გადამწყვეტი შეხვედრებიც მოიგეს და ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ზვიად კაპანაძე (68 კგ) ვერცხლს დასჯერდა.
დავაძემ ოქროს გზაზე რუსი ვიქტორ ოსიპენკო (2:1), ფრანგი ვალენტინ ლორდანი (13:4) და აზერბაიჯანელი სეიდურ ჰეიდაროვი (9:3) ჩამოიცილა. ყველაზე შთამბეჭდავი ბოლო გამარჯვება იყო – ქართველი სამბისტი 2:3-ს აგებდა და ბოლო ორ წუთში 7 ქულა აიღო. მუქერიამ ჩემპიონატი მუხლის საკმაოდ მძიმე ტრავმით ჩაატარა, მაგრამ სულ რაღაც 2 შეხვედრის ჩატარება მოუწია და ტკივილსა და მეტოქეებს ერთად აჯობა. ნახევარფინალში ესტონელ დენის სმოლდარევს 8 უპასუხო ქულა აუღო, ფინალში კი, მოლდოველ ანატოლი პოიაგს მინიმალური უპირატესობით სძლია.
ზვიად კაპანაძეს გადამწყვეტი ქულა ფინალის საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე გამოეპარა – ბელარუს ალექსანდრ კოკშასთან დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. იქამდე კი ქართველმა სამბისტმა ყაზახი ბატირხან უმაროვი მტკივნეული ილეთით დაჩაგრა, რუს იგორ კონდრაშოვს 4:2 მოუგო, უზბეკ ისტამ კუდრატოვს – 6:0.
ვაჟა ლატარიას (52 კგ) ოქრო-ვერცხლის გზა, ნახევარფინალში, ყაზახმა სირუმ მირმანოვმა ჩაუკეტა – 1:7, რეპეშაჟის ფინალში კი, მონღოლ მარალ-ერბენე ჩიმედორჟთან 6:8 წააგო.
ბადრი ჯანიაშვილის გაწვრთნილი ოთხეულიდან კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მხოლოდ სლავა რეზესიძე (+87 კგ) ავიდა. 18 წლის მძიმეწონოსანმა სომეხი აზატ აბრაჰამიანი, რუსი პაველ სარეიბეკიანი და უკრაინელი პავლო მოხონკო ერთმანეთზე უარეს დღეში ჩაყარა და ჭაბუკთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. შეიძლება თამამად ითქვას, გუშინ არც ერთ ჩემპიონს, კონკურენტებთან შედარებით იმხელა უპირატესობა არ ჰქონია, რაც რეზესიძეს.
ბექა რატიანმა (81 კგ) ქართულ მონაგარს ბრინჯაო შემატა. პირველსავე მოწინააღმდეგესთან – ბულგარელ ივაილო ივანოვთან 1:3 წაგების შემდეგ, ბრინჯაოს გზაზე უკრაინელ ალექსანდრ სკურატოვს მტკივნეული ილეთით აჯობა, ხოლო აზერბაიჯანელ ხავამბაი ხოვდალს 2:1 სძლია. გოჩა ვარძელაშვილს (65 კგ) კვარცხლბეკამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა და ჩემპიონატი მე-5 ადგილით დაასრულა, გიორგი საჩალელი კი პირველსავე მეტოქესთან დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა. აქვე უმედლოდ დარჩენილ ქართველ გოგონებზეც ვთქვათ. 18-წლამდელებში სამეულს ნონა მერაბიშვილი (56 კგ), თეონა სუხიტაშვილი (70 კგ) და ელენე ქებაძე (+75 კგ) ვერ შესწვდნენ, 20-წლამდელებში - თამარ ლომიძე (80 კგ).
მსოფლიოს პირველობის დასკვ¬ნით დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ჭაბუკთა 56, 70 და 87; ახალგაზრდების 57, 74 და 100; 20-წლამდე გოგონათა 52, 64 და 80; 18-წლამდელთა 48, 60 და 75 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან.
საქართველოს სახელით ლეიბზე ლაშა გიუნაშვილი (56 კგ), მიხეილ ჩოხელი (70 კგ), ალექსანდრე მილდიანი (87 კგ), გენადი ჩირგაძე (57 კგ), ზებედა რეხვიაშვილი (74 კგ), არჩილ შინჯიკაშვილი (100 კგ), შორენა შარაძე (64 კგ) და ცირა აბულაძე (48 კგ) გავლენ. წინასწარი ეტაპის შეხვედრები ისევ დილის 10 საათიდან დაიწყება, ფინალები – 18 საათიდან.
ორი დღის შედეგების დაჯამებით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ანგარიშზე 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია. ჭაბუკებმა 3 ოქრო და 2 ბრინჯაო მოიპოვეს. ცნობისთვის რუსეთის ნაკრებმა ახალგაზრდულში 2 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მოუყარა თავი, ჭაბუკებში – 1 ოქროს, 1 ვერცხლსა და 2 ბრინჯაოს.
სამბო. მსოფლიოს ჩემპიონატი.
თბილისი. 9 ოქტომბერი
ვაჟები
ახალგაზრდები
52 კგ
1 ვასილი კარაულოვი (რუსეთი)
2 სირუმ მირმანოვი (ყაზახეთი)
3 მიხაილო ილიჩუკი (უკრაინა)
3 მარალ ჩიმედორჟი (მონღოლეთი)
68 კგ
1 ალექსანდრ კოკშა (ბელარუსი)
2 ზვიად კაპანაძე (საქართველო)
3 კირილო მელნიჩენკო (უკრაინა)
3 ისტამ კუდრატოვი (უზბეკეთი)
90 კგ
1 ზაზა დავაძე (საქართველო)
2 სეიდურ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)
3 გარეგინ ხაჩატრიანი (სომხეთი)
3 ვიქტორ ოსიპენკო (რუსეთი)
+100 კგ
1 ლევან მუქერია (საქართველო)
2 ანატოლი პოიაგი (მოლდოვა)
3 დენის სმოლდარევი (ესტონეთი)
3 იბრახიმ ხამხოევი (რუსეთი)
ჭაბუკები
52 კგ
1 ვლადიმირ გლადკიხი (რუსეთი)
2 არიფ ბაგიროვი (ბელარუსი)
3 ელემან კასიმბაევი (ყირგიზეთი)
3 გორ მაილიანი (სომხეთი)
65 კგ
1 აიდინ დარტაევი (ყაზახეთი)
2 სერგეი სიჩუ (ბელარუსი)
3 ევგენი სლეპჩენკო (უკრაინა)
3 ალექსეი პროხოროვი (რუსეთი)
81 კგ
1 ცჟმრონჩოჰი ისტოპირენი (ტაჯიკეთი)
2 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)
3 ბექა რატიანი (საქართველო)
3 ნოდირბეკ ტურაევი (უზბეკეთი)
+87 კგ
1 სლავა რეზესიძე (საქართველო)
2 პავლო მოხონკო (უკრაინა)
3 არტიომ ფილატაუ (ბელარუსი)
3 პაველ სარეიბეკიანი (რუსეთი)
გოგონები
ახალგაზრდები
48 კგ
1 ანა გორელიკოვა (რუსეთი)
2 აიგერიმ მადენოვა (ყაზახეთი)
3 დარინა აბულაძე (საქართველო)
3 ლეილა აბასოვა (ბელარუსი)
60 კგ
1 მარია კურდიაევა (რუსეთი)
2 იაუჰენია ზაიცევა (ბელარუსი)
3 გულბანუ აბპაზი (ყაზახეთი)
3 ოლგა ფედიტნიკი (უკრაინა)
72 კგ
1 ნინო ოძელაშვილი (საქართველო)
2 ანჟელა მოროზოვა (ბელარუსი)
3 პერიზატ ჟაკინბეკოვა (ყაზახეთი)
3 ჟანარა კუსანოვა (რუსეთი)
+80 კგ
1 ელპიდა ასლანოვა (რუსეთი)
2 ელიზავეტა მაისეენკა (ბელარუსი)
3 ივანა ბერეზოვსკა (უკრაინა)
3 სანტა პაკენუტე (ლიტვა)
18 წლამდე
44 კგ
1 ქსენია მიხაილოვა (რუსეთი)
2 დინარა ისკაკოვა (ყაზახეთი)
3 ანარა ჟუმალი კიზი (ყირგიზეთი)
3 ანა დაბრავოლსკაია (ბელარუსი)
56 კგ
1 ანასტასია პოლიკარპოვა (რუსეთი)
2 რეჰინა შატრაუსკაია (ბელარუსი)
3 ნატალია ილკივი (უკრაინა)
3 კამზა ოტებეკი (ყაზახეთი)
70 კგ
1 ანა ბულატი (მოლდოვა)
2 კრისტინა მიხაილენკო (უკრაინა)
3 კალამკას ახმატოვა (ყაზახეთი)
3 ეკატერინა კულიკოვა (რუსეთი)
+75 კგ
1 ალექსანდრა ბაბინცევა (რუსეთი)
2 კაციარინა კალიუჟნაია (ბელარუსი)
3 სვეტა ისმაილოვა (უზბეკეთი)
3 იულია ორაზბაევა (ყაზახეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







