ძიუდო

22:02 | 22.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

უხვმედლიანობა ოქროს გარეშე

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები ხორვატიის ქალაქ პორეჩში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სტაბილურად შედეგიან ჭიდაობას აგრძელებენ, ოღონდ ეგაა, ფინალამდე მისულები გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვებას ვერაფრით ახერხებენ. ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი ბოლო შეხვედრის წაგებით ხელიდან უკვე ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა გაუშვა. ლერი ჭელიძისა (55 კგ) და ვაჟა მარგველაშვილის (60 კგ) ვერცხლის მედლებს დღეს თავისი წილი ვერცხლები ფრიდონ გიგანმა (73 კგ) და ბექა ღვინიაშვილმა (81 კგ) მიამატეს. ლევან გუგავა (73 კგ) კი ბრინჯაოს დასჯერდა.
სამდღიანი ტურნირის მეორე დღეს ვაჟებს შორის ჩემპიონ-პრიზიორები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. ხორვატიულ ტატამზე ოთხი ქართველი გავიდა და მათგან უმედლოდ მხოლოდ ბექა დონღვანი (81 კგ) დარჩა. ჭაბუკებს შორის მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორის (73 კილოგრამში) ახალგაზრდული ევროდებიუტი წარუმატებელი გამოდგა – პირველსავე შეხვედრაში 2 იუკოთი დამარცხდა, ბულგარელ ივაილო ივანოვთან.
73 კილოგრამში მოჭიდავე ორივე ქართველი ძიუდოისტი ერთსა და იმავე მეტოქესთან, აწ უკვე ევროპის ჩემპიონთან, პოლონელ დამიან ზვარნოვეცკისთან დამარცხდა – ლევან გუგავა ნახევარფინალში, ხოლო ფრიდონ გიგანი – ფინალში. ამასთან, ორივე წმინდად.
ფინალამდე გიგანი იპონ-იპონ მივიდა. ჩემპიონატი სერბი იოვან ნისკანოვიჩის ძლევით გახსნა, შემდეგ კი საბერძნეთის ნაკრების წევრი რომან მოსტოპულოსი, ჩეხი ლუბომირ ჰოლჩაკი და რუსეთის სახელით მოჭიდავე არბი ხამხოევი ჩამოიშორა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ხამხოევთან მოპოვებული გამარჯვება იყო – მესამე წუთის მიწურულს გიგანმა ჯერ ვაზარზე დასცა მეტოქე, შემდეგ კი შებოჭა.
ძლიერი რუსი მოწინააღმდეგის ჩამოშორება ლევან გუგავამაც შეძლო – მეოთხედფინალში დმიტრი ზუევს ვაზარით აჯობა. იქამდე პორტუგალიელი რენატო ინაციო, რუმინელი ედუარდ ნიკოლაესკუ და აზერბაიჯანელი აფიგ საფარლი გაცილებით იოლად ჩამოიშორა. რეპეშაჟის ფინალში კი სლოვენიელ იგორ პოტპარიჩს საქმე წუთნახევარში მოუმთავრა.
ბექა ღვინიაშვილმა წლეულს საბერძნეთის ნაკრების წევრ ალექსიოს ნტანაციდისთან მეორედ წააგო. პირველი მარცხი ჯერ კიდევ აპრილში იწვნია, საბერძნეთის ქალაქ მუდანიაში ჩატარებული ევროპის თასის საწყის ეტაპზევე. ამჯერად კი გადამწყვეტ შეხვედრაში. ჭაბუკებს შორის ყველა ტიტულის მომგებმა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორმა ღვინიაშვილმა სადებიუტო ევროპირველობაზე მხოლოდ ფინალური შეხვედრა ჩააგდო – ბევრისთვის მოულოდნელად, საოცრად პასიური იყო და გაფრთხილებების ხარჯზე ნტანაციდისს იუკო ააღებინა, მეოთხე წუთზე კი წმინდად დამარცხდა.
ფინალამდე ბექა ღვინიაშვილმა ხუთი მეტოქე დაამწუხრა. სლოვაკი ფილიპ სტანჩელი, შვედი იონას ბიორკტორპი და აზერბაიჯანელი აბდულჰაგ რასულუ საფინალო სირენამდე გააკრა ტატამს. ხოლო რუსეთის ნაკრების წევრ ჰასან ხალმურზაევსა და გერმანელ რობინ გუტშეს ვაზარებით აჯობა.
23 სექტემბერს მედლები ბოლო სამ წონაში: 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ლაშა ტაველური, რეზო წულუკიძე (ორივე 90 კგ), გურამ თუშიშვილი, გიორგი ქავთარაძე (100 კგ), ლევან მატიაშვილი და როსტომ ხახალეიშვილი (+100 კგ).

ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167917