ინტერნეტში საფეხბურთო სიახლეების მოძიებისას ერთ ამბავს წავაწყდით – რამდენიმე დღის წინ (17 დეკემბერს) ინგლისის ბრედფორშირის საგრაფოს ჰოსპიტალში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 64 წლის ასაკში რალფ კოუტსი გარდაიცვალა. ახალგაზრდა თაობის გულშემატკივრებს ეს სახელი არაფერს აძლევს, აი, სტაჟიან გულშემატკივრებს კი უმალ 1973 წლის ნოემბერ-დეკემბრის საუეფასთასო ბატალიები გაახსენდებათ. თბილისის “დინამომ” სოფიის “სლავიასა” (4:1, 0:2) და ბელგრადის ოფკ-ს (3:0, 5:1) ძლევით წარმატებით დასძლია უეფას თასის 2 საწყისი ეტაპი და მერვედფინალში კენჭისყრამ ტურნირის პირველი გამარჯვებული ჩრდილოლონდონური “ტოტენჰემ ჰოთსპურს” გადაჰყარა. ბულგარელთა და იუგოსლავიელთა ეტაპების დამაჯერებლად გავლის შემდეგ ქართველი ქომაგები მოუთმენლად ველოდით “დეზებიანი მამლების” სტუმრობას და რა გასაკვირია, 1973 წლის 28 ნოემბერს “ლოკომოტივის” სტადიონი პირთამდე რომ შეივსო, თანაც, მატჩზე დასწრების უამრავი მსურველი უბილეთოდ დარჩა. იმხანად, წამყვან ევროპულ კლუბებზე და მათ მოთამაშეებზე დღევანდელთან შედარებით გაცილებით ნაკლები ინფორმაცია გვქონდა. გამონაკლისს არც “ტოტენჰემი” წარმოადგენდა. ცხადია, “უაით ჰართ ლეინელთა” ტიტულები ვიცოდით, ვუფრთხოდით მათ რიგებში მოასპარეზე მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონს მარტინ პიტერსს, გოლეადორს მარტინ ჩივერსს, გვსმენოდა ჩრდილოირლანდიელი მეკარის პატრიკ ჯენინგსის საიმედო თამაშზეც. პირველ ორს რაც შეეხება, ისინი მანუჩარ მაჩაიძის, მურთაზ ხურცილავას, გივი ნოდიას, განსაკუთრებით კი დავით ყიფიანისა და კახი ასათიანის ფონზე არაფრით გამოირჩეოდნენ (იმ დღეს ასათიანთან ახლოსაც ვერ მივიდნენ), ჯენინგსმა კი მართლაც ბრწყინვალედ ითამაშა და რომ არა ირლანდიელი კიპერის საიმედო ასპარეზობა კარის ხაზსა და განსაკუთრებით გამოსვლებზე, ლონდონელები თბილისს დამარცხებულნი დატოვებდნენ.
სტადიონზე და ტელეეკრანთან შეკრებილი უზარმაზარი აუდიტორიისთვის კი აღმოჩენა გახლდათ მეთერთმეტე ნომრით მოასპარეზე “მამლების” შუახაზელის რალფ კოუტსის მაღალოსტატური თამაში. მან პირველ ტაიმში “მოუმზადებელი”, უცაბედი დარტყმით გახსნა ანგარიში (საპასუხო ბურთი კახი ასათიანის ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში ლამის მთელი დაცვა “დააწვინა”) და მთელი შეხვედრის განმავლობაში სტუმართაგან ყველაზე აქტიურიც იყო. სტადიონზე შეკრებილი მაყურებელი უცნობი მოთამაშისგან ამდენს არ ელოდა და ისიც კი ითქვა, ეს თმაშეთხელებული კაცი იმდენს დარბის, დოპინგი ხომ არ აქვს მიღებულიო...
რალფ კოუტსი 1946 წლის 26 აპრილს დაიბადა, საფეხბურთო კარიერა კი “ბარნლიში” 16 წლისამ დაიწყო. მან ჯერ კლუბის ახალგაზრდულ გუნდში გამოიჩინა თავი და 17 წლისას პროფესიული კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს. “ბარნლის” შემადგენლობაში რალფმა 216 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა, ინგლისის ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებში ითამაშა (კოუტსი ქვეყნის 23 წლამდელთა ნაკრების კაპიტანი იყო) და რომ არა გუნდის პირველი დივიზიონიდან გავარდნა, მშობლიური კლუბიდან აბარგებაზე შეიძლება არც კი დაფიქრებულიყო. “ბილ ნიკოლსონის (“ტოტენჰემის” ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი. სწორედ იგი ედგა სათავეში “მამლებს” თბილისში სტუმრობისას-რედ) ნახვა ჩვენმა მენეჯერმა ჯიმი ადამსონმა მთხოვა. მან მითხრა, რომ “სპერზი” შენს სანაცვლოდ 190 ათას გირვანქას იხდის და პირად საკითხებზე ნიკოლსონს თავად დაელაპარაკეო. უმალ სტაფორდშირდში, სტოუნში გავემგზავრე და “მისტერ ტოტენჰემ ჰოთსპურზს” (ლონდონელთა დამრიგებლის მეტსახელი-რედ) დაელაპარაკეო”, - იხსენებდა კოუტსი. რალფი მოლაპარაკებით კმაყოფილი დარჩა და სიამოვნებით დათანხმდა კლუბში თამაშს, რომელსაც იმ, 1971 წელს ინგლისის ლიგის თასი მოიგო და ევროთასზეც გამოდიოდა. კოუტსმა თავიდანვე იგრძნო სხვაობა ლანკარშირის პროვინციულ კლუბსა და დედაქალაქურ გრანდს შორის – “ბარნლიში” მისი პარტნიორები ნაკლებსახელიანი, ახალგაზრდა მოთამაშეები იყვნენ, “უაით ჰართ ლეინზე” კი მას ინგლისის ნაკრების წევრებთან უხდებოდა ურთიერთობა.
“ტოტენჰემმა” რალფი მარჯვენა ვინგერის ფუნქციებით აღჭურვა, მაგრამ თავად რალფი მალე მიხვდა, გუნდისთვის მეტი სარგებლობის მოტანა მინდვრის ცენტრში თამაშით რომ შეეძლო. ახალწვეულმა სითამამე გამოავლინა და ამპლუის შეცვლის მიზნით, ნიკოლსონს თხოვნით მიმართა. მისტერ ბილმა კოუტსს ანგარიში გაუწია და რალფმაც დამრიგებელს არ უმტყუნა – 7 წლის განმავლობაში იგი “სპერზის” ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო.
კოუტსს “ტოტენჰემის” შემადგენლობაში არაერთი კარგი მატჩი ჩაუტარებია, ჩრდილოლონდონელთა გულშემატკივარს კი ყველაზე მეტად მაინც ინგლისის ლიგის თასის 1973 წლის ფინალში ასპარეზობით დაამახსოვრა თავი. “უემბლიზე” ჩატარებულ გადამწყვეტ მატჩში რალფი, მუხლის ტკივილის გამო, სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და რადგანაც “ტოტენჰემი” “ნორვიჩის” კარის აღებას ვერა და ვერ ახერხებდა, ნიკოლსონმა საქმეში კოუტსი ჩართო. მოგვიანებით თავად რალფი იგონებდა: “მარტინ ჩივერსმა გრძელი პასით “მომნახა”, ბურთის დამუშავებისთვის დრო ნაკლებად მქონდა. მყისიერად გავიფიქრე, მისთვის მიწაზე დაშვება რომ მეცლია, ნორვიჩელი მცველები “ამაწაპნიდნენ”, ამიტომაც ჰაერიდან შეუჩერებლივ დავარტყი და გოლმა იმდენად გამახარა, საით გავიქეცი არ მახსოვს და თანაგუნდელები მისალოცად რამდენიმე წუთი უშედეგოდ დამდევდნენ”. კოუტსის ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა – “ტოტენჰემი” საპატიო თასის მფლობელი გახდა.
მთლიანობაში დაუღლელმა ნახევარმცველმა უაით ჰართ ლეინელთა შემადგენლობაში 220 მატჩზე მეტი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა, ტიტულებს რაც შეეხება, ლონდონელებთან ერთად 1972 წელს უეფას თასიც აქვს მოგებული. რალფ კოუტსმა “ტოტენჰემი” 1978 წელს დატოვა, ცოტა ხანს ავსტრალიაში იბურთავა, სამშობლოში დაბრუნებულმა ერთხანს მწვრთნელობასაც მიჰყო ხელი, სამიოდე დღის წინ კი სული განუტევა.
გოჩა კაჭარავა









