მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ წინა პლანზე თანდათან საკლუბო ამბები იწევს. ევროპული გუნდები ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ, თუმცა გრანდებს მუნდიალის მონაწილეთა გარეშე უწევთ პირველი წვრთნების ჩატარება. გამონაკლისი არც “ნაპოლია”, რომლის მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ წინასასეზონო შეკრება ურუგვაელი გარგანოს, სლოვაკი ჰამშიკისა და “სკუადრა აძურას” წევრების კვალიარელას, დე სანკტისისა და მაჯოს გარეშე დაიწყო.
- რამდენად დამსახურებულად მიიჩნევთ ესპანელთა მიერ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას?
- მსოფლიოს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს. პირენელთა ნაკრები ვარსკვლავებისგან შედგება, მაგრამ მის მიერ მუნდიალის მოგება უპირველესად იმით გახლავთ განპირობებული, რომ ვისენტე დელ ბოსკემ უმაღლესი კლასის მოთამაშეთაგან გუნდი-ვარსკვლავის შედუღაბება მოახერხა. თანამედროვე ფეხბურთში ერთ მუშტად შეკრული გუნდი თუ არ გყავს, წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია.
- სამხრეთ აფრიკის მუნდიალის დასრულების შემდეგ დიეგო არმანდო მარადონამ განაცხადა, რომ სიამოვნებით ჩაუდგებოდა სათავეში “ნაპოლის” თუნდაც ერთი დღით...
- პირადად ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იქნება, ნეაპოლში მარადონა რომ გვესტუმროს. მისგან ბევრი რამის სწავლას შევძლებ.
- ჯერჯერობით გუნდის მთავარი მწვრთნელი თქვენ ხართ, ამიტომაც “ნაპოლის” სამომავლო პერსპექტივაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა. შარშან თქვენ შეგირდებს წარმატებული სეზონი ჰქონდა. რა მიზნებს უსახავთ “ნაპოლის” მომავალი აგვისტოდან?
- წინასწარ არაფრის დაგეგმვა მსურს, მხოლოდ ერთს მოგახსენებთ, რომ “ნაპოლი” სამივე ფრონტზე ბოლომდე იბრძოლებს. სერია A-ს წინა გათამაშება კარგად ჩავატარეთ, წელსაც მოპოვებული პოზიციის შენარჩუნება გვსურს, ამასთან, ევროპის ლიგაშიც კარგად თამაშს ვაპირებთ. ცხადია, იტალიის თასსაც არ დავივიწყებთ – ბოლოს და ბოლოს, მისი მოგებით ხომ ევროტურნირზე გასვლა გარანტირებული გვექნება.
- ლავესი-კვალიარელას ტანდემი კვლავინდებურად “ნაპოლის” უმთავრესი იარაღი იქნება?
- ორივენი გუნდის ლიდერები არიან, მაგრამ ჩვენ აქცენტს მაინც კოლექტიურ თამაშზე გავაკეთებთ. გუნდის ერთიანობა ყოველთვის უმთავრესია. ცხადია, ლიდერების იმედი გვაქვს. ლავესი უკვე მშვენიერ ფორმაშია და თუ ტრავმა თავიდან აიცილა, მომავალ სეზონში 2 ათეულზე მეტ გოლს გაიტანს. კვალიარელას რაც შეეხება, მისი ტექნიკური მზადყოფნის დონე აღტაცებას იწვევს. თუმცა, “ნაპოლი” მხოლოდ ლავესისა და კვალიარელას იმედად არაა – გავიხსენოთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ურუგვაელი ვალტერ გარგანოსა და სლოვაკი მარეკ ჰამშიკის თამაში. ისინიც ხომ “ნაპოლის” წევრები არიან.
- თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, მომავალ სეზონს ოპტიმიზმით აღსავსე ელოდებით...
- ნამდვილად ასეა. ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს არც ენერგია გვაკლია და არც მონდომება-მოტივაცია. დარწმუნებული ვარ, 2010-11 წლების საფეხბურთო სეზონი “ნაპოლისთვის” წინგადადგმული ნაბიჯი გახდება.
- და ბოლოს, როდის შეუ¬ერთდებიან გუნდს კვალიარელა, ჰამშიკი და გარგანო?
- 21 ივლისიდან კვალიარელა, დე სანკტისი, მაჯო და ჰამშიკი ჩვენთან იქნებიან, ნახევარფინალში გასულ გარგანოს კი დასვენებისთვის მეტი დრო მივეცით – ვალტერი 2 აგვისტოდან შეუდგება “ნაპოლისთან” ერთად ვარჯიშს.
გოჩა კაჭარავა







