ინტერვიუები

16:44 | 31.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ვალტერ მაცარი: “მწვრთნელებს შორის ყველაზე მაღლა ფერგიუსონი დგას”

2009 წლის 6 ოქტომბერს ვალტერ მაცარიმ სამხრეთიტალიური “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე “სკუადრა აძურას” ყოფილი დამრიგებელი რობერტო დონადონი შეცვალა. მას შემდეგ მოყოლებული ნეაპოლელებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს და ყოველივე ეს სწორედ მაცარის სახელს უკავშირდება.

- “ნაპოლიში” ჯერ კიდევ 1998-99 წლების სეზონის განმავლობაში მუშაობდით, როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელის რენცო ულივიერის თანაშემწე იყავით. რა სხვაობაა მაშინდელ და თანამედროვე “ნაპოლს” შორის?
- უდიდესი სხვაობაა. უპირველესად იმას მსურს გავუსვა ხაზი, რომ ფეხბურთი განვითარდა და წინ წავიდა. ასე რომ, 10-12 წლის წინანდელ და დღევანდელ საფეხბურთო გუნდებს შორის უამრავ სხვაობას ვნახავთ. სინიორ რენცოსთან ერთობლივ მუშაობას რაც შეეხება, უდიდესი სასარგებლო გამოცდილება მივიღე. სხვადასხვა კლუბებში მუშაობამ კი განსხვავებულ გარემოში საქმიანობასთან სწრაფად ალღოს აღება მასწავლა და ფეხბურთთან ერთად მეც გვარიანად შევიცვალე.
- ნეაპოლში ჩასვლამდე 5 გუნდს ედექით სათავეში. მათ შორის “ნაპოლი” ყველაზე ძლიერია?
- თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ასეა. ნეაპოლის გუნდი პოტენციურადაც ყველაზე სოლიდურია და შედეგიც საუკეთესო აქვს.
- ედინსონ კავანი, ესეკიელ ლავესი, გორან პანდევი, მარეკ ჰამშიკი, ედუარდო ვარგასი – როგორ ახერხებთ შეტევაზე ორიენტირებული ამდენი მოთამაშისგან შემდგარი გუნდისგან დაბალანსებული თამაშის ჩვენებას?
- კი მაგრამ, ვინ მოგახსენათ, რომ ეს ფეხბურთელები მხოლოდ იერიშის წარმოებით არიან დაკავებული და მატჩის მსვლელობისას სხვა ფუნქციებს არ ასრულებენ! “ნაპოლის”უპირატესობაც სწორედ ისაა, რომ არჩევნის საშუალება მაქვს და უნივერსალური სტილის მოთამაშეებს სხვადასხვა პოზიციაზე ასპარეზობას ვავალებ. ისე კი, შემტევი სტილისთვის არასდროს მიღალატია და ეს ჩემ მიერ გაწვრთნილ გუნდებს კარგად ეტყობა.
- სადღეისოდ თქვენთვის რომელი ამოცანის გადაჭრაა უფრო მნიშვნელოვანი – ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედფინალში “ჩელსის” დამარცხება თუ სერია A-ში მოწინავე სამეულში ადგილის დაბევება?
- მიმდინარე სეზონის წინ ჩვენ საქვეყნოდ გამოვაცხადეთ, რომ ამოცანად “ნაპოლის” შემდგომი განვითარება დავისახეთ. ეს როგორც საშინაო, ასევე საგარეო ასპარეზზე წარმატებით გამოსვლას ნიშნავს. რამდენად მოვახერხებთ წინსვლას, ეს მომავალ მაისს თვალნათლივ გამოჩნდება. მანამდე კი ნებისმიერ მატჩში “ნაპოლი” სოლიდურად თამაშს და ერთგული ქომაგების გახარებას შეეცდება.
- მარჩელო ლიპის აზრით, “ნაპოლი” იტალიაში ყველაზე მიმზიდველ და საინტერესო თამაშს აჩვენებს. თქვენი საფეხბურთო კრედო გაგვაცანით – ვალტერ მაცარის პრიორიტეტი სანახაობრივი ფეხბურთია თუ ნებისმიერი საფეხბურთო ხერხით მიზნის მიღწევა?
- დიდი მადლობა სინიორ მარჩელოს ჩემი სამწვრთნელო საქმიანობის ესოდენ კარგად შეფასებისთვის. იდეალური ფეხბურთი ელეგანტური და დინამიკური ასპარეზობის სინთეზია. ფეხბურთელები და მწვრთნელები გარკვეულწილად მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ – ლამაზი თამაშის გარეშე შედეგის მიღწევა თითქმის შეუძლებელია, ამასთან, შედეგის გარეშე წარმატებული ასპარეზობა არ არსებობს.
- რამდენიმე ხნის წინ განაცხადეთ, რომ “ნაპოლის ალექს ფერგიუსონი” უნდა გახდეთ. აქედან გამომდინარე, ნეაპოლში კიდევ კარგა ხნით აპირებთ დარჩენას...
- მწვრთნელებს შორის ყველაზე მაღლა სწორედ ფერგიუსონს ვაყენებ და მისი კარიერის გამეორება საოცნებოა. ამასთან, ფერგი 2 ათეულ წელზე მეტია, ფენომენალურ შედეგს ინგლისურ პრემიერლიგაში აჩვენებს, სადაც გუნდები ფუნქციონალურად ძალიან კარგად არიან მომზადებულები.
- როგორ გგონიათ, “ნაპოლიში” დიეგო არმანდო მარადონას ეპოქა დასრულდა?
- ნებისმიერ ერას თავისი ადგილი და პერიოდი აქვს. მარადონასდროინდელ გუნდს ისტორიაში თავისი ღირსეული ადგილი უკავია და ჩვენი უპირველესი ამოცანა კიდევ ერთი ისტორიული “ნაპოლის” ჩამოყალიბებაა.

მოამზადა გოჩა კაჭარავამ
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090727